"მაინც თავშესაფარია და ეს ჩვენი ერთადერთი იმედია" - 6 წლის ნატალის, 3 წლის ნინას და 2 წლის ნანიკოს ცხოვრება საფლავებს შორის
27-03-2017
"მაინც თავშესაფარია და ეს ჩვენი ერთადერთი იმედია" - 6 წლის ნატალის, 3 წლის ნინას და 2 წლის ნანიკოს ცხოვრება საფლავებს შორის
6 წლის ნატალი, 3 წლის ნინა და 2 წლის ნანიკო წლებია, დედასა და ბებიასთან ერთად ე.წ. დამპალოს სასაფლაოს საყარაულოში ცხოვრობენ... მათ სამყოფელს მგლოვიარეთა ხმა მოიცავს, ღამე კი სამარხებზე ანთებული კანდელები ანათებს. ძნელად წარმოსადგენია ოჯახის ცხოვრება მიცვალებულთა შორის. პატარა გოგონები თანატოლებთან კი არა, საფლავის ქვებზე გამოხატულ სურათებთან თამაშობენ, საუბრობენ, მეგობრობენ...

რუსუდან იასეშვილი:
"თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მეუღლე ქიზიყიდან იყო. თბილისში ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, ჩემი ძმის თანამშრომელი გახლდათ, ერთმანეთიც იქ გავ­იცანით... დაქორწინების
შემდეგ ცხოვრება კახეთში დავიწყეთ. ჩემი ქმარი წნორში მარცვლეული კულტურის გადამმუშავებელი ქარხნის უფროსი იყო. სახლიც გვქონდა­ და ნორმალური პირობებიც. მალე პატარაც შეგვეძინა... მერე გელამ სამსახური დაკარგა, მაგრამ ბედის სიმუხთლემ არც ეს გვაკმარა - თაღლითობის მსხვერპლი აღმოვჩნდით, მეუღლის მეგობარს ბანკიდან სესხის გამოტანა დასჭირდა, გელამ ჩვენი სახლი იპოთეკით
დაატვირთვინა, მეგობარმა აღარ გადაიხადა და საცხოვრებელი დავკარგეთ. ცხოვრების თავიდან დაწყება დედაქალაქში გადავწყვიტეთ, მაგრამ გელამ სამსახური ვერსად იშოვა, აღარც უკან წასასვლელი ფული გვქონდა. ამიტომ დამპალოს სასაფლაოს მახლობლად გავჩერდით. რამდენიმე დღე მანქანაში ვცხოვრობდით.
გვერდში არავინ ამოგვიდგა. სიტუაც­იას უფრო ის ართულებდა, რომ მე იმ დროს ორსულად ვიყავი. ერთმა ყმაწვილმა­ გაიგო ჩვენი ამბავი და სასაფლაოს საყარაულოში მოგვიყვანა. შენობა მერიის ბალანსზეა. ვნერვიულობ, ვაითუ, ერთ დღეს დაგვატოვებინონ აქაურობა და დავრჩებით ისევ ქუჩაში. უამრავი­ წერილი მივწერე სხვადასხვა უწყებას, მაგრამ უშედეგოდ..."

მეუღლე რომ გარდაეცვალა, მესამე ბავ­შვზე ორსულად იყო. ნანიკოს მამა არასდროს უნახავს. ქალი სამშობიაროში­ თავისი ფეხით მივიდა, ისე იმშობიარა, გვერდით არავინ ჰყოლია. მოხუცი დედა უფროს გოგონებს უვლიდა...

"ჩემმა მეუღლემ როცა გაიგო, მესამე შვილზე ორსულად ვიყავი, მითხრა, ბავშვს რატომ აუბედურებო... ვერ შეეგუა მწარე რეალობას და იშემიური ინსულტი­ დაემართა, საზარელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით ოდესმე. ძალიან დასუსტდა.ექიმთან არ მომყვებოდა, არ უნდოდა წამლებისთვის საჭირო თანხის მოკლება ბავშვებისთვის. ძალიან ვნანობ, რომ კარგად ვერ მივხედე. მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა ჩვენი უმცროსი ქალიშვილი"...

წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდის. იმის გამო, რომ ბუნებრივი აირი არ აქვთ, შეშის ღუმლით თბებიან. შეშა სამშენებლო ობიექტებიდან მოაქვს. შუქი ქუჩის მეორე მხარეს მცხოვრები ოჯახიდან გამოიყვანა.

"ახლა კაციცა და ქალიც მე ვარ. ჩვენი­ შემოსავალი სოციალური დახმარება და ობოლთა შემწეობაა. ამ ზამთარს უამრავი წამალი დაგვჭირდა, ფილტვში წყალი ჩამიდგა და კლინიკაში ვიწექი. ხის გადაყრილ ნივთებს დავეძებ, რომ შეშა მოვიმარაგო. ჭერი დაზიანებულია და წყალი ჩამოდის. ნაგავსაყრელთან მუყაო ვნახე და ავაკარი, მაგრამ... გამგეობაში მითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებითო...
ჩვენი ძირითადი პრობლემა საკვებია. ბავშვები მუდმივად არაჟანს ნატრობენ. მე კი მხოლოდ კარტოფილსა და მაკარონს ვაჭმევ. ტანსაცმელს კეთილი ადამიანები გვჩუქ­ნიან. ყოველდღიურ პრობლემებზე იმდენს ვფიქრობ, მომავალზე ფიქრის დროც აღარ მრჩება. ახლა ყველაზე მეტად საწოლნახევრიანი ტახტი გვჭირდება. ეს შეგვიმსუბუქებდა ყოფას... მართალია, საცხოვრებელი 17 კვადრატულია და ცუდი პირობებია, მაგრამ მაინც თავშესაფარია და ეს ჩვენი ერთადერთი იმედია".
რუსუდანი ამბობს, რომ მაინც ბედნიერი დედაა. არ იცის, რა იქნება ხვალ, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს ბავშვების კარგ ადამიანებად აღსაზრდელად.

...ამ ბავშვებს ცოცხალი ადამიანები ენატრებათ, გარდაცვლილთა მეზობლობა­ მათი განაჩენია. ეს პატარები სამარხის­ პრიალა მარმარილოს ჯებირების ნაცვ­ლად, ნამდვილ კარუსელზე უნდა ქან­აობდნენ... მათი მეზობლები საფლავებია, სტუმრები კი ამ საფლავებზე იშვიათად გამოჩენილი ჭირისუფლები...

P.S. ოჯახის დახმარების მსურველები დაუკავშირდით რუსუდან იასეშვილს: 568 76 21 22

თორნიკე ყაჯრიშვილი
lali
06 აპრილი 2017 12:58
სირცხვილი ჩვენს მთავრობას.ამ გაჭირვებულებს რომ არ ეხმარება
tato
05 აპრილი 2017 15:50
დაწერეთ საკონტაქტო ტელეფონი , რომ შევძლოთ დახმარება
tato
05 აპრილი 2017 15:46
დაწერეთ საკონტაქტო ტელეფონი , რომ შევძლოთ მცირედი დახმარება

რედაქტორის რჩევით