"არ მიჯერებდნენ, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე დავამარცხე"
"არ მიჯერებდნენ, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე დავამარცხე"
"ჩემი ნახატები ჩემი ფიქრებია. მათშიც ის წერია, რომ ჩვენ, ადამიანებს, განუსაზღვრელი ძალა გვაქვს და თუ მოვინდომებთ, ყველაფერზე გამარჯვება შეგვიძლია!"

გვანცა აფხაიძეს რაღაცნაირად შებოჭილმა ვთხოვე, - შენ სასწაული მოახდინე, მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხე, შეგიძლია, სიტყვით გადმოსცე, ეს როგორ შეძელი - მინდა, ისინიც დარწმუნდნენ, რომ გადარჩებიან, ვისაც კიბო უძლეველი ჰგონია-მეთქი. მაშინვე მიპასუხა, - როგორც კი ჩემი დიაგნოზი გავიგე, დავიფიცე, - როცა გადავრჩები, ყველას დავეხმარები, ვინც კიბოს ებრძვის-მეთქი.
ვინც გვანცას ნახავს, და­რწმუნდება, რომ
ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და მართლაც ყველაფერს შეძლებს, რასაც მოინდომებს!

- ერთ დილით სარკეში ჩავიხედე და შევნიშნე, რომ ყელზე, იქ, სადაც ფარისებრი ჯირკვალია, რაღაც მქონდა ამობერილი. ალბათ ჯირკვალი მაქვს გაღიზიანებული, ექიმთან უნდა წავიდე-მეთქი... ძალიან მალე ცნობილ ონკოლოგთან აღმოვჩნდი. გავიკეთე ანალიზები, პასუხისთვის რამდენიმე დღის შემდეგ დამიბარეს. მამა
წავიდა პასუხის გასაგებად (დედა ჩემ გამო იტალიაშია წასული, რომ ჩემი სწავლის საფასური გადავიხადო). შინ დაბრუნებულ მამას ვკითხე, რა გითხრეს-მეთქი. თავი გამიქნია, - ორშაბათს იქნ­ება პასუხებიო და ზურგი შემაქცია. იმის შემდეგ აღარ მელ­აპარაკებოდა, რამდენჯერმე მომ­ეჩვენა, თითქოს თვალებზე ცრემ­ლი ჰქონდა. ორშაბათს ვუთხარი, - ერთად წავიდეთ პასუხისთვის-მეთქი. მაშინღა მითხრა, - ეჭვობენ, რომ ლიმფომა გაქვსო. აზრზე არ ვიყავი, რა იყო ლიმფომა. მაშინვე დავჯექი კომპიუტერთან და დავგუგლე... მივყევი, გავხსენი­ ფაილები და წავიკითხე, რომ 90% გადარჩება, მხოლოდ 10% ვერ ერევა სიმსივნესო.
იმ წამებში დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა, რომ მეცოცხლა. თანაც, რაც შეიძლება ჩქარა. მზად ვიყავი ამეტანა ყველაფერი, რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო.

- სიმძიმეში ის იგულისხმე, რომ სიმსივნის მკურნალობას რთული ქიმიოთერაპიის პროცედურები ახლავს?

- ესეც და ბევრი სხვა რამეც. ქიმიოთერაპიაზე ვფიქრობდი - ეს ხომ უბრალოდ გადასხმაა, ისეთი რა უნდა იყოს, რომ გამიჭირდეს-მეთქი. მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა... არც სხვა პროცედურები იყო იოლი - თითქოს უზარმაზარ გამოქვაბულში შედიხარ, რომელშიც, სადაც უნდა მიბრუნდე, ტკივილია, მაგრამ გადავწყვიტე მეფიქრა მხოლოდ კარგზე, გამეხსენებინა ყველაზე თბილი მოგონებები, რომლებიც დამავიწყებდა, რა ცუდად ვიყავი. ყველაზე რთულ მომენტებში ვიწექი პალატაში და ვუღიმოდი ჩემს მოგონებებს... თურქეთში რაღაც პროცედურას მიტარებდნენ - სისხლში შემიყვანეს რადიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც უნდა გაევლო ჩემი ორგანიზმის ყველა ნაწილი და ყველგან მოეძებნა ლიმფომები. ამ დროს 45 წუთი სრულიად მარტო უნდა იწვე... აი, აქედან დაიწყო. ვიწექი და იმაზე ვფიქრობდი, თუ რამე კარგი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში.­ ექიმებს ეს სეანსი არ გამოუვიდათ, - ხელი რაღაცამ შეგვიშალა, თავიდან უნდა გავაკეთოთო. მეც მეორე 45 წუთით წავედი იმ კარგ მოგონებებთან, რაც ჩემს ცხოვრებაში იყო.

ქიმიოთერაპიის პროცედურ­ების ჩატარება თურქეთში ვეღარ­ მოვახერხე - მე, სტუდენტს, რა უნდა მქონოდა, მამა ხატმწერია, ცხადია, ფული არ გვეყო და მკურნალობის გასაგრძელებლად ერთადერთი ბინა გავყიდეთ. ესეც რომ არ გვეყო, მაშინ დამინიშნეს პენსია, რითაც დაზღვევა მივიღე და ქიმიოთერაპია თბილისში გავაგრძელე... ეს იყო ყველაზე მძიმე პროცედურები... იმდენად მძიმე, რომ რამდენჯერმე ვიფიქრე კიდეც, თავი ხომ არ დავანებო, დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია-მეთქი... მაგრამ ქიმიოთერაპია საჩუქრად მაძლევდა სიცოცხლის კიდევ ერთ დღეს და სწორედ ამ ერთი დღისთვის, ერთი გათენებისთვის ყველაფერს თავიდან ვიწყებდი.

საავადმყოფოში მოხუცი პაციენტების ახალგაზრდობის მოგონებებს ვისმენდი, იმდენად თბილად ჰყვებოდნენ, რომ მშვიდად ვიძინებდი. ამ სიმშვიდეში ყველაზე მეტად ის მაღიზიანებდა, ვინმეს რომ ვებრალებოდი - საწყალი, რა ახალგაზრდაა, რა დროს ამის სიმსივნე იყოო!
თურქეთში მეტი ფიქრის საშ­უალება მქონდა - დამლაპარა­კებელი არ მყავდა და ერთ დღეს მესმის ქართული ლაპარაკი... ქარ­თველი გოგონა აღმოჩნდა, ქეთი, მასაც ლიმფომა ჰქონდა. როგ­ორც კი დაველაპარაკე, მაშინვე შევთანხმდით, რომ როდესაც კარგად ვიქნებოდით, შეგვექმნა სიმსივნისგან გადარჩენილთა კლუბი,­ ეს კლუბი სიმსივნით დაავადებული ადამიანებს გადარჩენაში დაგვეხმარებოდა.

ბევრმა არ იცის, მაგრამ საკმაოდ რთულია გამოჯანმრთელების შემდგომი პერიოდიც - მე სამი წელიწადი მაინც დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. ყველაზე მეტად ის მიჭირდა, არ მიჯერებდნენ, რომ ნამდვილად მეოთხე სტადიის სიმსივნე მქონდა და მაინც გადავრჩი. მე ხომ სიკვდილი დავამარცხე. მეგობრები დამეხმარნენ, რომ ჩემს თავს დავბრუნებოდი. აი, სწორედ მათ გვერდით იქნება ჩვენი კლუბი.

- გამოჯანმრთელების შემდეგ ხატვა დაიწყე.

- ერთი წელია, რაც ფუნჯი ავიღე. ჩემი ნახატები ჩემი ფიქრებია. მათშიც ის წერია, რომ ჩვენ, ადამიანებს, განუსაზღვრელი ძალა გვაქვს და თუ მოვინდომებთ, ყველაფერზე გამარჯვება შეგვიძლია!

ეთერ ერაძე
მაია იჩქიტიძე.
31 ოქტომბერი 2017 01:48
როგორ ყვარებიხარ უფალს.
მშობლების ლიცვა პირდაპირ უფალთან ადის ცაში.
მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
Lamara
30 ოქტომბერი 2017 18:48
Tu shemebi jgufu mec Minda gasevrianeba am dabadebidn ufl is syalobit mec gamovzveri!
Lamara
30 ოქტომბერი 2017 18:43
Gfaravdet ufali

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?