"საერთაშორისო პრემიას დიდი მთარგმნელებისთვის ქალბატონ დალის მივანიჭებდი" - კვირის პალიტრა

"საერთაშორისო პრემიას დიდი მთარგმნელებისთვის ქალბატონ დალის მივანიჭებდი"

"არც ერთი სერიოზული მთარგმნელი თომას მანის რთულ რომანებზე მუშაობას არ დაიწყებდა იმ მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, რასაც საბჭოთა სისტემა მთარგმნელებს სთავაზობდა, თუმცა დალი ფანჯიკიძე ამას მატერიალური სარგებლისთვის არ აკეთებდა - მან თომას მანის "ჯადოსნური მთა" ქართველებისთვის თარგმნა"

ალბათ, რთულია საქართველოში ისეთი ადამიანის მოძებნა, ვისაც თომას მანის "ჯადოსნური მთა" არ წაუკითხავს, ან არ სმენია მაინც დალი ფანჯიკიძის მიერ ბრწყინვალედ გადმოქართულებულ ამ რომანზე. თუმცა "ჯადოსნური მთა" მხოლოდ ერთი შესანიშნავი ნამუშევარია იმ მრავალრიცხოვან თარგმანთა შორის, რომლებითაც მთარგმნელმა დალი კოკაია-ფანჯიკიძემ საოჯახო ბიბლიოთეკები გაამდიდრა: "ბუდენბროკები", "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება" და სხვა. წაროუდგენელია საქართველოში გერმანულ ლიტერატურაზე საუბარი ამ თარგმანების გარეშე. მეტიც, დალი კოკაია-ფანჯიკიძის მიერ თარგმნილი თომას მანის რომანები საკუთარ მნიშვნელობაზე გადაჭარბების გარეშე მეტყველებს და ამის დასადასტურებლად ისიც კმარა, რომ 70-იანი წლების დასასრულსა და 80-იანი წლების დასაწყისში შექმნილი თარგმანები ათწლეულების განმავლობაში აქტუალურობასა და მნიშვნელობას არ კარგავს. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მისი თარგმანები არაერთხელ გამოსცა. ისიც აღსანიშნავია, რომ დღესაც ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციებს თომას მანის რომანებსა და გერმანელი მწერლის ნაწარმოებების ქართულ ბრწყინვალე თარგმანებზე უამრავი მსმენელი ესწრება. დალი ფანჯიკიძე 25 მარტს 80 წლის გახდა. "მედიაპალიტრა" ულოცავს ქალბატონ დალის იუბილეს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

ლევან ბერძენიშვილი, პროფესორი: - ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენი დროის უდიდეს მთარგმნელს, დალი ფანჯიკიძეს იუბილეს თქვენი ფურცლებიდან მივულოცავ. საქართველოში მთარგმნელობითი სკოლა მცირე მასშტაბებს მოიცავს, თუმცა გვაქვს ისეთი სერიოზული მონაპოვარი, როგორიც ქალბატონი დალის თარგმანებია. საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ ცუდი მთარგმნელები, რომლებიც მხოლოდ რუსულიდან თარგმნიდნენ და თანაც ისე, რაც თავად მოეწონებოდათ, მხოლოდ იმას ტოვებდნენ, დანარჩენს უკვალოდ აქრობდნენ. საბედნიეროდ, ამ ფონზე ბრწყინვალე მთარგმნელებიც გვყავდნენ. განსაკუთრებით გერმანული ლიტერატურის შემთხვევაში გაგვიმართლა, რადგან ევროპული ინტელექტუალური რომანების მწვერვალად აღიარებულ ნაწარმოებებს დალი ფანჯიკიძე თარგმნიდა. მან არა მხოლოდ გერმანული და ქართული ენები იცის სრულყოფილად, ლიტერატურული გემოვნებითაც გამოირჩევა და ხელს მხოლოდ ისეთ ნაწარმოებებს ჰკიდებდა, რომლებიც ქართულ ბიბლიოთეკებს გაამდიდრებდა. ამასთან, ვაცხადებ, რომ არც ერთი სერიოზული მთარგმნელი თომას მანის მსგავს რთულ რომანებზე მუშაობას არ დაიწყებდა იმ მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, რასაც საბჭოთა სისტემა მთარგმნელებს სთავაზობდა. თუმცა დალი ფანჯიკიძე ამას მატერიალური სარგებლისთვის არ აკეთებდა - მან თომას მანის "ჯადოსნური მთა" ქართველი ხალხისთვის თარგმნა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს შეგვიძლია, თომას მანის რომანებს სრულყოფილად ვეზიაროთ. ბუნებრივია, თომას მანის შემოქმედება ყველა კულტურულ ენაზეა ნათარგმნი. პირადად მე დალი ფანჯიკიძის თარგმანი ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ანალოგებს შევადარე და გაოცებული დავრჩი - ქართული ნათარგმნი არათუ ჩამოუვარდება, ზოგ შემთხვევაში სიზუსტის, ლექსიკური სიუხვისა და გამართულობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად აღემატება კიდეც მათ. დალი ფანჯიკიძემ მთელი ცხოვრება ქართულ კულტურას მიუძღვნა. ვწუხვარ, რომ არ არსებობს საერთაშორისო პრემია დიდი მთარგმნელებისთვის, რადგან მას პირველ რიგში, ქალბატონ დალის მივანიჭებდი.

მაია ალუდაური, "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი: - ახლახან მკითხველმა XX საუკუნის ევროპული ლიტერატურის უდიდესი ძეგლის, თომას მანის "ჯადოსნური მთის" ახალი გამოცემა მიიღო. წიგნი "პალიტრა L"-მა გამოსცა და უკვე მერამდენედ წარუდგინა მკითხველს. ამის მიზეზი ნაწარმოების საუკეთესო თარგმანია, რომლის ავტორიც ქალბატონი დალი ფანჯიკიძეა.

ჩვენი გამომცემლობა წლებია, თანამშრომლობს ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელთან და ამის შედეგად ათასობით მკითხველმა გაიცნო ან უფრო დაუახლოვდა გერმანულენოვან კლასიკას. გვიხარია, რომ "ჯადოსნური მთის" ეს ახალი, ძალიან მიმზიდველი გამოცემა სიმბოლურად დაემთხვა ქალბატონი დალის საიუბილეო თარიღს.

სწორედ ამ გამოცემით ვულოცავთ მას 80 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

რუსუდან შელია