წყალი ჩვენი არსობისა?! - კვირის პალიტრა

წყალი ჩვენი არსობისა?!

რამდენად გამართლებულია ჩვენი წყლის რესურსის უცხოეთში გატანა?

"შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოსთვის წყალი საყიდელიც გაგვიხდეს"

"ჩვენი მდინარეების ყიდვა სურდა კერძო პირს, რომლის ვინაობაც არ გახმაურებულა!"

სიღრმითა და სინატიფით გამორჩეულ ქართულ ენას ერთი ლამაზი სიტყვათშეხამება ამშვენებს - მიწა-წყალი. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, რომ წყალი ისეთივე ძვირფასია, როგორც მშობლიური მიწა და ამ საუნჯის დასაცავად სიცოცხლესაც არ იშურებდნენ.

წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროდუქტია დღეს, როცა მსოფლიოს ორმოცამდე ქვეყანა მის დეფიციტს განიცდის. აზიაში აბსოლუტურად ყველა მდინარე დაბინძურებულია, აშშ-ში წყალსაცავების ორმოცი პროცენტი გამოუსადეგრად არის მიჩნეული, ხოლო ევროპის 55 მდინარიდან მხოლოდ ხუთია სუფთა.…სპეციალისტთა გათვლებით, 15-20 წლის შემდეგ წყლის დეფიციტი პლანეტის მოსახლეობის მესამედს შეაწუხებს და ის ნავთობზე ძვირფასი გახდება.

ამ დღეებში იორდანიაში ჩვენი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჩვენი წყლის რესურსით იქაური ბიზნესმენები დაინტერესდნენ, შესაძლოა, ამ ქვეყანაში საქართველოდან სასმელი წყლის ექსპორტიც დაიწყოს.

რამდენად გამართლებულია დღეს ჩვენი წყლის რესურსის უცხოეთში გატანა? - ამ კითხვით მივმართეთ ქალბატონ ნინო ჩხობაძეს, რომელიც ორგანიზაცია "დედამიწის მეგობრები მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარეა:

- არ უნდა დავივიწყოთ, რომ წყალი ისეთი პროდუქტია, რომელიც ქვეყნებს შორის საომარი კონფლიქტების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

თუ გაიყიდება ჩვეულებრივი, მტკნარი წყალი, რომელიც მიწისქვეშა რეზერვუარებიდან მოდის, ეს შესაძლებელია, ოღონდ მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, რადგან აღმოსავლეთი საქართველო წყლის რესურსების დეფიციტს განიცდის. მართალია, ბოლო პერიოდში აქ წყალდიდობა იყო და თითქმის ყველა მდინარე ადიდდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წყალი ბევრია.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა განიცდის წყლის დეფიციტს, მაგრამ სასმელი წყლის ბაზარზე შეღწევა ურთულესი საქმეა. ამას სჭირდება სახელმწიფოს ძალიან დიდი მხარდაჭერა და სერიოზული ფინანსები. რამდენად რეალური და საჭიროა ამ ეტაპზე, რომ იორდანიაში ან სხვა ქვეყანაში გავყიდოთ წყალი, ძალზე სათუო საკითხია.

- რატომ, ქალბატონო ნინო?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა არა გვყავს უზრუნველყოფილი სასმელი წყლით. დაითვალეთ, რამდენ დასახლებას აქვს პრობლემა, რამდენ ქალაქს მიეწოდება სასმელი წყალი გრაფიკით. როცა პრობლემაა ქუთაისში, როცა დედოფლისწყაროში წვიმას აგროვებენ, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი რიგში დგას ერთ პატარა წყაროსთან, რომ შინ დასალევი წყალი წაიღოს, ჩემი პოზიცია სრულიად ბუნებრივია.

- უცნაურია, მაგრამ ერთხანს მდინარეთა აუზების გაყიდვაზეც იყო ლაპარაკი.

- მართალს ამბობთ. ეს საკითხი ოთხიოდე წლის წინ მთავრობის სხდომაზეც კი განიხილეს. ეს იდეა ბატონმა კახა ბენდუქიძემ გამოთქვა. უნდა გაყიდულიყო მტკვრის, რიონისა და არაგვის აუზები. ეს მდინარეები თავისი შენაკადებით უნდა ეყიდა კერძო პირს, რომლის ვინაობაც არ გახმაურებულა. საბედნიეროდ, ეს პროექტი ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

- როდესაც წყლის გასხვისებაზე იწყებენ ლაპარაკს, ყველაფერი საკმაოდ ბუნდოვანია და ჩვენს საზოგადოებაშიც უამრავი კითხვა ჩნდება ხოლმე.

- გეთანხმებით. არავინ იცის, როგორ ვაპირებთ წყლის გაყიდვას. თუ ისეთ პროექტზეა ლაპარაკი, როგორიც ადრე იყო, ალაზნიდან სურდათ წყალი მილებით გადაექაჩათ და ირანში გაეყიდათ, ეს ყოვლად დაუშვებელია. ეს ჩანაფიქრი ჩემი მინისტრობის დროსაც იყო დღის წესრიგში და ვერ განხორციელდა. სხვათა შორის, მაშინ საზოგადოების დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა, ყველაზე მეტად კი იმ ხალხისაგან, ვინც დღეს ხელისუფლებაშია.

თუ ლაპარაკია ბოთლში ჩასხმულ წყალზე, ასეთი პროდუქციის გატანა გაძნელდება, რადგან როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ რთულია ამ ბაზარზე შეღწევა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ავღანეთს სჭირდებოდა წყალი. რამდენადაც ვიცი, იქ თავის დროზე მხოლოდ ბატონმა გოგი თოფაძემ შეაღწია. როდესაც გაერომ გამოაცხადა კონკურსი ამ ქვეყნის წყლით მომარაგებაზე, საქართველომ ვერ დააკმაყოფილა კონკურსის პირობები, რადგან გამოგვიჩნდა საკმაოდ ძლიერი კონკურენტი იტალიელების სახით. იმ რაოდენობის სასმელი წყლის მიწოდება, რამდენიც სჭირდება ავღანეთს, ჩვენ ვერ შევძელით. ბოთლში ჩასხმულ წყალს თავისი სტანდარტები აქვს და ეს ბაზარი ფრანგული თუ იტალიური კომპანიების მიერაა დაპყრობილი. სხვათა შორის, მათი პროდუქცია ჩვენს სუპერმარკეტებშიც იყიდება და საკმაოდ ძვირია.

თუმცა, სასწაულად ვთვლი და ვამაყობ, რომ  "ნაბეღლავმა" შვეიცარიაში შეღწევა მოახერხა. "ბორჯომი" კი ისევ ცდილობს დაიბრუნოს რუსეთის ბაზარი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ, დაკარგული გვაქვს.

- თუ არსებობს იმის საშიშროება, რომ ამ სიმდიდრეს დავკარგავთ?

- არსებობს რისკი, რომ ჩამოვიდნენ ბიზნესმენები იორდანიიდან, ან თუნდაც რომელიმე სხვა ქვეყნიდან, იყიდონ ლიცენზიები წყლის მოპოვებაზე და ჩვენმა ბიზნესმენებმა მათ კონკურენცია ვერ გაუწიონ, ვეღარ შეძლონ სასმელი წყლის მოპოვება და გავრცელება. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია გონივრული სახელმწიფო პოლიტიკა. წყალი ჩვენი სიმდიდრეა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და გონივრულად გამოვიყენოთ.

- ქალბატონო ნინო, სპეციალისტების აზრით, 15-20 წლის შემდეგ წყალი ნავთობზე უფრო ძვირფასი ნედლეული გახდება და მისი მეშვეობით საქართველო შეიძლება მდიდარ ქვეყნად იქცეს.

- მე მსგავსი ვარაუდები მომისმენია ათი, თხუთმეტი, ოცი წლის წინათაც. გეთანხმებით, რომ მტკნარი წყალი მართლაც ძვირფასი რესურსია, მაგრამ ის ძვირფასია მხოლოდ მაშინ, როცა არის კარგად გაწმენდილი და მისი ხარისხი ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. მღვრიე წყალს, რომელიც მტკვარში ან ალაზანში მოედინება, არავინ იყიდის. სხვათა შორის, სუფთა წყალი დღეს უკვე ძვირია მთელ მსოფლიოში, გაცილებით ძვირი, ვიდრე ნავთობი. ეს არის სტრატეგიული ნედლეული საქართველოსთვის და მისი, როგორც ნედლეულის, გაყიდვა დაუშვებელია, სამაგიეროდ, შესაძლებელია მისი პროდუქციად გადაქცევა, ანუ ბოთლში ჩასხმა და ისე გაყიდვა.

ვიქნებით თუ არა 15-20 წლის შემდეგ მდიდრები წყლის რესურსით, ამას ვერ გეტყვით, რადგან წყალი შეიძლება გაქრეს. თუ არ მოვუვლით ჩვენს ტყეებს, არ დავიცავთ ეკოსისტემას, წყალი აღარ გვექნება. გვექნება ღვარცოფები და ექსტრემალური მდგომარეობა, ისეთი, როგორიც ამ დღეებში იყო, მაგრამ არ გვექნება სუფთა წყალი, რომლის გამოყენება და გაყიდვაც შესაძლებელია. ნუ ავაგებთ ილუზიას იმაზე, რაც ჯერ არ ვიცით და ბოლომდე არ შეგვისწავლია. 15-20 წლის შემდეგ წყალი მართლაც იქნება დეფიციტური პროდუქტი, საქართველო შეიძლება ძალიან მომგებიან პოზიციაშიც აღმოჩნდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს შევინარჩუნებთ. თუ ასე არ მოვიქცევით, სრულიად შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოსთვის წყალი საყიდელიც გაგვიხდეს.

- საინტერესოა, გამოდგება თუ არა სასმელად გაწმენდილი მდინარის წყალი?

- რა თქმა უნდა, მდინარის წყალი შეიძლება დამუშავდეს, მაგრამ ესეც ძალიან ძვირად ღირებული პროცესია. სხვათა შორის, აზერბაიჯანში აპირებენ, ზღვის წყალი გადაამუშაონ და მტკნარ წყლად აქციონ, ისევე როგორც ეს ისრაელში ხდება: ზღვის წყალს შორდება მარილი და ის სასმელად ვარგისი ხდება. დაახლოებით იგივე პროცესია მდინარის წყლის გასუფთავებაც. ეს საკმაოდ ძვირი ტექნოლოგიაა და დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას საჭიროებს.

ხათუნა ჩიგოგიძე