მეუფე პეტრე ახალაიებზე: "ეს არის ოჯახი, რომელსაც ქვეყანა უყვარდა და დიდ რისკზე წავიდნენ ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად" - კვირის პალიტრა

მეუფე პეტრე ახალაიებზე: "ეს არის ოჯახი, რომელსაც ქვეყანა უყვარდა და დიდ რისკზე წავიდნენ ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად"

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ გაიხსენა ახალაიებთან ურთიერთობის პერიოდი და განაცხადა, რომ პატრიარქი მათ მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით იყო განმსჭვალული.

"2011 წელია, უმცირესობებთან დაკავშირებით მზადდებოდა პროექტი, მაშინაც ხელოვნურად შეიქნა სკანდალი, პატრიარქის გარემოცვის და ქალბატონის მიერ, თითქოს ეს დამანგრეველი კანონპროექტი იყო და დიდ უბედურებას მოუტანდა ქვეყანას, პატრიარქი დეზინფორმირებული იყო მაშინაც.

საგანგებო სინოდის სხდომა შეიკრიბა, 2011 წლის ივლისი იყო.

ჩამოვიდა ჩემთან ბატონო როლანდი (ახალაია - კ.პ.), მითხრა, შეიძლება პატრიარქს და პრეზიდენტს შორის მოხდეს დაპირისპირებაო, ტაძრის წინ ვიდექით, თვალცრემლიანმა პირჯვარი გადაიწერა და მითხრა, აქ იმიტომ ჩამოვედი რომ მეთქვა, ასე გადაეცით უწმინდესობას, ღმერთმა ნუ ქნას და დაპირისპირება მოხდეს პატრიარქსა და ხელისუფლებას შორის, მე და ჩემი ორივე შვილიო პატრიარქის მხარეს დავდგებითო. ამას რა დამავიწყებს, ჩავედი და მოვახსენე მის უწმინდესობას.

ვაჟიშვილი ბაჩო, რომელიც ახლა პატიმრობაშია, ახალი დანიშნული იყო შს მინისტრად. როცა დარეკეს, უნდოდა, რომ კურთხევა აეღო და როცა გაიგეს, რომ უწმინდესი საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, უწმინდესმა თქვა, აქ მოვიდესო.

დარბაზი სავსე იყო და როცა შემოვიდა, იმდენად უყვარდა პატრიარქს, ამ ოჯახის მიმართ იყო გამორჩეული და გრძნობდა მათ გულწრფელ დამოკიდებულებას, ფეხზე წამოდგა, მივესალმოთ შს მინისტრ ბაჩო ახალაიასო, ტაში დაუკრა და მთელი დარბაზი აჰყვა უწმინდესს. უკვე 2-3 თვეში ეს ადამიანი ხვდება ციხეში, ადამიანი, რომელიც თავისით ჩამოვიდა რამდენიმე დღეში, თვითონ გადალახა საზღვარი, თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში, ესეც ხომ დასაფასებელია და მიმაჩნია, რომ ეს არის ოჯახი, რომელსაც ქვეყანა უყვარდა და ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად", განაცხადა მეუფემ გადაცემაში.