"თუ კაცი იტყვის, მე რა კეთილი­ ვარო, გათავებულია საქმე..."
03-04-2017
"თუ კაცი იტყვის, მე რა კეთილი­ ვარო, გათავებულია საქმე..."
"ახლა ვერ გაიგებ, ვინ ვისი მეგობ­არია, მეორე დღეს ვინ ვის მტრობს,­ მერე ისევ უმეგობრდება..."

"ვერ წარმომიდგენია, მწერალი როგორ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი"


დაბადების დღისადმი მიძღვნილ წარმოდგენამდე სასტუმროს ნომერში შევუარეთ. მეუღლესთან - ნათელა სეფიაშვილთან ერთად მზად დაგვხვდა და ლაპარაკით გამოგვყვა: - სასტუმროს ადმინისტრაციას ნომერში ღამის სანათის შემოტანა ვთხოვე, რადგან დილაობით 5-6 საათზე ვიღვიძებ და მაშინვე წერას ვიწყებ. გონებაში დაბადებული აზრი თუ არ ჩავიწერე, ერთი კვირის შემდეგ გახსენება მიძნელდება, ამიტომ ამ
დილითაც, თბილისიდან წამოსვლის წინ, ჩვეულ დროს გავიღვიძე და ვიმუშავეო. მოკლედ, თავის 78-ე დაბადების დღეს განუყრელი კალმით შეხვედრია და, მართალია, იცოდა, გრძელი და დატვირთული დღე ელოდა, ჩვეულების ღალატს არც მეორე დილისთვის აპირებდა. გზადაგზა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ურეკავდნენ და ულოცავდნენ, ესიყვარულებოდნენ, მასაც ბავშვივით უხაროდა... თანამედროვე კლასიკოსი მწერლის,
გურამ დოჩანაშვილის­
დაბადების დღეს უკვე მეორედ აღნიშნავდნენ ზუგდიდში - მის ორგანიზატორს, არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ უნივერსალის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ხატია ჯანაშიას ბატონი გურამი არც ამჯერად შეეწინააღმდეგა და მეუღლესთან ერთად ესტუმრა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იმდენჯერ წარუდგინა მწერალმა შემოქმედება მის საყვარელ ზუგდიდს, რომ "არტ უნივერსალისგან" მართლაც დამსახურებულად მიიღო ამ ქალაქის "საპატიო სტუმრის" სტატუსი. საგანგებოდ ჩამოვიდნენ ზუგდიდში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი, დასის წევრები და მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე - 26 მარტს, მწერლის დაბადების დღეს, მათ კულტურის ცენტრ "ოდიშის" სცენაზე რეჟისორ ზურაბ კანდელაკის მიერ დადგმული "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" ითამაშეს. მეორე დღეს მწერალს სოფელ კახათში სიურპრიზი ელოდა - მეორე საჯარო სკოლის შენობაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაია მიქენაიასა და მისი მოსწავლეების შექმნილ "კარცერ-ლუქსში" საკუთარი სურვილით "დატყვევებულ" წიგნის მოყვარულ ახალგაზრდებს უნდა შეხვედროდა...

ვინც გურამ დოჩანაშვილს იცნობს, ეცოდინება, როგორ არ უყვარს ინტერვიუები და ფოტოების გადაღება. ამიტომაა, ზედმეტად არც ფოტოაპარატის ჩხაკუნით უნდა დატანჯო და არც ჩამწერი აპარატურა მოახვედრო თვალში. ჩემს საყვარელ ადამიანსა და მწერალს რომ არ "ჩამოველაბორანტებინე", ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად, დელიკატურად შემესრულებინა ჟურნალისტის მოვალეობა და თან მისი ერთი სიტყვაც არ გამომრჩენოდა, ამიტომ ბატონ გურამს გვერდიდან არ მოვცილებივარ.

"უწმინდესის მოწოდებაა, თორემ ამ ასაკში ან არ წერენ, ან ჯობია, არაფერი დაწერონ!"


- ხალხის სიყვარული და ზუგდიდის "საპატიო სტუმრობა" დიდ ბედნიერებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. საერთოდ, მწერლობაა დიდი პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით ახლა, იმიტომ, რომ ეს ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის მოწოდება გახლავთ. მისი "დაბალი ხმით" ნათქვამიც ეს არის (ბრძანება ჩემთვის­ და ალბათ ყველა ქართველისთვის) - მეტი იკითხოს ქართველობამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ და განსაკუთრებით - ბიბლია და ბიბლიის გვირგვინი - ახალი აღთქმა.

ჩემი "სამოსელი პირველი" "ლუკას სახ­არების" ერთი თავის მიხედვით დავწერე, ახლა ვმუშაობ წიგნზე, რომლის საფუძველი იოანე ღვთისმეტყველის, იოანე­ მახარებლის მეცხრე თავია. იგი ეხება ბრმადყოფილს, ე.ი. მას, ვისაც ქრისტე­ აუხელს თვალებს. სახარებაში ბევრჯერ გვხვდება "თვალის ახელა", განსაკუთრებით კი სწორედ ამ კაცზეა მოთხრობილი. აღდგომის შემდეგ, კვირიაკეებიდან მეექ­ვსე კვირიაკე მთლიანად ამ ბრმას ეძღვნება. აქ ბრძანდება ჩემი სულიერი მოძღვარი, მამა იოვანე, რომელმაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ იცის და მისი ცოდნა წერაში საოცრად მეხმარება. არსად არის ცნობა, როგორ წარიმართა ქრისტეს მიერ თვალახელილი ბრმის­ ცხოვრება. დასაწყისში შეკითხვაა: ბრმად რატომ დაიბადა - მან სცოდა, თუ მისმა მშობლებმაო? პასუხი კი ასეთია: არც თვითონ და არც მისმა მშობლებმა, არამედ ყველაფერი იმისთვის ხდება, ღვთის ძლიერება რომ განმტკიცდესო.

ამის მიხედვით ვწერ - როგორი უნდა იყოს ადამიანი და რად უნდა იქცეს. ეს ამბავი შეიძლება იოლად მოჰყვე, მაგრამ დასაწერად სამი წიგნი დასჭირდება. ორი უკვე დავწ­ერე. ცოტათი ვჩქარობდი ჩემი ასაკის გამო - ვაითუ, ვერ მოვასწრო-მეთქი...

უწმინდესს ვუთხარი (და ეს სიმართლეა): რაც კარგია ამ წიგნში, ის თქვენია და რაც გაუგებარი იქნება - ჩემი-მეთქი. ეს წიგნი მართლაც მისი მოწოდებით იწერება, თორემ ამ ასაკში ან არ წერენ, ან ჯობია, არაფერი დაწერონ!

"მარჯვენა ხელი რასაც აკეთებს, მარცხენამ არ უნდა იცოდეს"


- ხანდახან ისეთი იმედგაცრუება მხვდება ხოლმე, რომ... არცთუ დიდი ხნის წინ კონკურსი-გამოკითხვა მოეწყო: ვის ნაწარმოებს უფრო კითხულობდა ხალხი. ჯერ 60 მწერალი შეარჩიეს, მერე - 15-მდე შეამცირეს... ბოლოს ორგანიზატორებს ვუთხარი, უცხოეთში არ გააგებინოთ, რა შედეგებით დამთავრდა გამოკითხვა-მეთქი. სიაში არ შეეტანათ, მაგალითად, სერვანტესი, მასზე სუსტი მწერლები კი მოხვდნენ.
ნაწარმოებებიც ისეთი შეერჩიათ, რომელიც ბევრად ჩამოუვარდებოდა იმავე მწერლების სხვა ნაწარმოებებს. იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?" არ შეიტანეს, თითქოს ისეთი განვითარებულები არიან, ეს საქართველოში აღარ აინტერესებთ. გამოკითხვისას ყველაზე ცუდი პასუხი გასცეს ახალგაზრდა მწერლებმა. ამ ახალგაზრდებში ათამდე ძალიან კარგი მწერალი გვყავს,­ რაც საკმაოდ დიდი რიცხვია.

უმრავლესობა კი თითქოს სხვა ტალღაზეა და არც გაემტყუნება. მათ ბავშვობიდან ძალადობით გამორჩეულ მულტფილმებს უჩვენებდნენ, მუტანტებსა და მსგავს ქმნილებებზე, იმაზე, როგორ ხერხავენ თავს ვიღაცებს და ამგვარ საშინელებებს, ჩვენ კი ვაჟა-ფშაველასა და დისნეის სიყვარულითა და სიკეთით სავსე მულტფილმებს ვუყურებდით...

ძალიან ძნელი დრო იყო საბჭოთა პერი­ოდი, მაგრამ იქ სიცუდე, რაღაცნაირად, თითქოს დაკანონებული იყო. ახლა ვერ გაიგებ, ვინ ვისი მეგობ­არია, მეორე დღეს ვინ ვის მტრობს,­ მერე ისევ უმეგობრდება...

დავიწყებული აქვთ ერთადერთი - ერთმა­ნეთი რომ უნდა უყვარდეთ.

ვერ წარმომიდგენია, მწერალი როგორ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი.­ ვთქვათ, მოცარტს, მუსიკას რომ წერდა, შეიძლებოდა,­ ეთქვა, - ეს მხოლოდ ამა და ამ პარტიამ მოისმინოს, იმ პარტიამ კი არაო?!

ერთი დიდი წმინდანი თავის "მონანიებაში" ამბობდა: როდესაც შემაქებდნენ, მსიამოვნებდაო. განა იმას ამბობდა, მე ასეთი კარგი ვარ და ვიმსახურებდი შექებასო, მაგრამ გულში ხომ გრძნობდა კმაყოფილებას? - ამასაც კი განიცდიდა, რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის კეთილად ყოფნა არაფერს უნდა ნიშნავდეს. ასე რომ, თუ კაცი იტყვის, მე რა კეთილი­ ვარო, ან ვინმეს დავეხმარეო, გათავებულია საქმე - სახარებაში წერია, მარჯვენა ხელი რასაც აკეთებს, მარცხენამ არ უნდა იცოდესო, მით უმეტეს - ამას ხმამაღლა არ უნდა ლაპარაკობდე.

"მინდა, ჩვენმა ახალგაზრდებმა უწმინდესის ეპისტოლეებიც იკითხონ"


- გამიხარდა, ზუგდიდის სოფელ კახათის სკოლაში "კარცერი-ლუქსი" რომ ვნახე. კარგია, მის თაროებზე ბევრი წიგნი თუ მოიყრის თავს... ჩვენი ახალგაზრდა მწერლები ახერხებენ ბრაზილიასა და სხვადასხვა ქვეყანაში უცხო ენაზე თავისი წიგნების გამოცემას. უკეთესი იქნებოდა, მომავალ ნაწარმოებებზე მეტი ეფიქრათ, ვიდრე - უკვე დაწერილის­ თარგმნაზე. მერე ის წიგნები თვითონ იპოვის გზას.

რატომ ვახსენე, იცით, ბრაზილია? იქიდან ამბავი ჩამომივიდა: მძიმე დანაშაულის გამო პატიმრებისთვის უცნაური რამ შეუთავაზებიათ - თუკი საშუალო მოცულობის რომანს წაიკითხავენ, ერთი კვირის პატიმრობა აკლდებათ. 7 დღის განმავლობაში ციხეში ყოფნა საკმაოდ დიდი დროა და თუკი ამას წიგნის კითხვით მოიკლებ, ხოლო მას კი წიგნისგან მიღებული სიკეთეც დაემატება, წარმოგიდგენიათ, რა შედეგი იქნება?! ასე რომ, ხომ ხედავთ, იქაც კი დანერგილა წიგნის კითხვის განსაკუთრებული მეთოდი.

მინდა, ჩვენმა ახალგაზრდებმა უწმინდესის ეპისტოლეებიც იკითხონ. ეს არის ყოველგვარი სიკეთის განსახიერება, რაც კი რამ შექმნილა სამყაროში. ამით თავად ახალგაზრდები კი არა, მათი მშობლებიც, მასწავლებლებიცა და ახლობლებიც ბედნიერები იქნებიან. ამიტომ ამ ბედნიერებას ყველას ვუსურვებ!

არაჩვეულებრივია, ახალგაზრდებს ბავშვობიდანვე რომ აყვარებენ წიგნებს. სხვათა­ შორის, ეს ბავშვები ხშირად მიგზავნიან წერილებს. რომ გამიჭირდება, მათ წერილებს ვკითხულობ და ძალიანაც მეხმარება.

ირმა ხარშილაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები