ივანიშვილი ტრამპს უსწრებს - "ფორბსის" მილიარდერთა 2017 წლის რეიტინგი - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ტრამპს უსწრებს - "ფორბსის" მილიარდერთა 2017 წლის რეიტინგი

როცა ფული აღარ არის მთავარი: უორენ ბაფეტი და ბილ გეიტსი - "ჩუქების ფიცის" დამფუძნებლები

20 მარტს "ფორბსმა" მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. ჟურნალის რიგით 31-ე ტრადიციულ რეიტინგში სარეკორდოდ ბევრი - 2 043 მილიარდერი მოხვდა.

"ამ სარეკორდო წელს მსოფლიოში სიმდიდრის მატების წყარო გახდა სწრაფად განვითარებადი საფონდო ბაზრები, უფრო მაღალი ფასები მოხმარების საგნებზე და ასევე ძველებური მარტივი მეწარმეობა", - წერენ მთავარი რედაქტორის მოადგილეები ლუიზა კეროლი და კერი დოლანი.

სია წარმოადგენს 2017 წლის 17 თებერვალს მსოფლიოში არსებული სიმდიდრის ე.წ. სტოპკადრს - "კერძო კაპიტალის გამოთვლა ხდება მთელ მსოფლიოში აქციებისა და ვალუტების ამ მომენტში არსებული კურსებით. ცხადია, ისინი მალე იცვლება", - ნათქვამია განმარტებაში.

გასულ წელთან შედარებით (როცა სიაში 1 810 კაცი იყო) მილიარდერთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა - დაემატა 233 კაცი, რაც უპრეცედენტო მოვლენაა "ფორბსის" რეიტინგების ისტორიაში. სიაში შესული უმდიდრესი ადამიანების საერთო კაპიტალიც შესაბამისად გაიზარდა (შარშანდელთან შედარებით 18%-ით) და 7.67 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

უფრო ახლოს გავეცნოთ პირველ ხუთეულს:

1. ბილ გეიტსი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ზედიზედ მეოთხედ გახდა, ბოლო 23 წლის განმავლობაში 18-ჯერ იყო ამ პოზიციაზე. 40 წელიწადზე მეტია, რაც მან პოლ ალენთან ერთად შექმნა მსოფლიოში უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კორპორაცია Microsoft-ი. ამჟამად ბილი მშობლიური კომპანიის დაახლოებით 3%-ს ფლობს და ეს მისი ქონების მხოლოდ 13%-ს შეადგენს.

მისი სხვა საქმიანობიდან აღსანიშნავია ინვესტიციები კანადის ეროვნულ რკინიგზაში, ამერიკულ მანქანათმშენებელ კომპანია Deere&Co-ში, ნარჩენების გადამმუშავებელ კომპანია Republic Services-ში, ავტოდილერ AutoNation-ში. 2016 წელს ბილ გეიტსმა ინვესტორების გუნდთან ერთად, რომელშიც შედის Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსიც, შექმნა საინვესტიციო ფონდი Breakthrougt Energy 1 მლრდ დოლარის მოცულობით.

მილიარდერის ერთ-ერთი პრიორიტეტია ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანია ღატაკ ქვეყნებში შიმშილის აღმოფხვრა და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესება.

2. უორენ ბაფეტი - მსოფლიოში სახელგანთქმული ინვესტორი 2016 წლის განმავლობაში 14,8 მლრ დოლარით კიდევ უფრო გამდიდრდა. ამან საშუალება მისცა, "ფორბსის" რეიტინგში ჩაეჩოჩებინა Zara-ს მფლობელი ამანსიო ორტეგა და მე-2 ადგილზე დაბრუნებულიყო. მისი ჰოლდინგი Berkshire Hathway ფლობს წილებს 60-ზე მეტ კომპანიაში, რომელთა შორისაა Berkshire Geico, Dairy Queen, Fruit Of The Loom და სხვ. მილიარდერს ასევე აქვს ინვესტიციები Wells Fargo-ში, IBM-სა და Coca-Cola-ში.

პირველი ინვესტიცია უორენმა 11 წლის ასაკში გააკეთა. მამისგან სესხად აღებული ფულით კომპანია Cities Service Preferred-ის 3 აქცია იყიდა და უფრო ძვირად გაყიდა. მართალია, 38 დოლარად ნაყიდი და 40 დოლარად გაყიდული აქციების ფასი მოგვიანებით 200 დოლარამდე ავიდა, მაგრამ უორენის თქმით, ცხოვრებამ ჯერ კიდევ მაშინ ჩაუტარა ინვესტირების პირველი გაკვეთილი - მოთმინება ჯილდოვდება.

ბაფეტმა ბილ გეიტსთან ერთად, რომელთან ერთადაც ბრიჯის თამაში უყვარს, დააფუძნა ფილანთროპიული კამპანია The Giving Pledge ("ჩუქების ფიცი") - მასში ჩართული მილიარდერები პირობას დებენ, რომ საკუთარი ქონების 50%-ს ქველმოქმედებისთვის გასცემენ. თავად უორენი სულაც 99%-ის გაცემას აპირებს. 28,8 მლრდ დოლარი მან უკვე გაიღო.

3. ჯეფ ბეზოსს წელს ძალიან გაუმართლა. მისი შექმნილი კომპანია Amazon-ის აქციები 67%-ით გაიზარდა, რამაც მის ქონებას 28 მლრდ შემატა. ონლაინრიტეილერის კაპიტალის ასეთმა ზრდამ მას საშუალება მისცა, პირველად აღმოჩენილიყო პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მესამე ადგილზე.

საკუთარი ბიზნესის შექმნამდე ბეზოსი ჰეჯ-ფონდში მუშაობდა, საიდანაც 1994 წელს წავიდა მარტივი იდეის განსახორციელებლად - დაეწყო წიგნების ონლაინგაყიდვა. ასე დაიბადა Amazon-ი.

ბოლო წლებში მილიარდერის მთავარი გატაცება კოსმოსში მოგზაურობაა. მისი აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ი მუშაობს მრავალჯერადი რაკეტების შექმნაზე, რომლებიც, ბაზოსის თქმით, მგზავრებს გადაიყვანენ. 2015 წელს Blue Origin-ის მრავალჯერადმა რაკეტა BE-3-მა კონტროლირებადი დაჯდომა შეასრულა. ბეზოსის უჩვეულო ჰობიც კოსმოსთანაა დაკავშირებული - "წყალქვეშა არქეოლოგების გუნდთან ერთად ზღვის ფსკერიდან ამოაქვს NASA-ს კოსმოსური ხომალდების ნაწილები.

4. ამანსიო ორტეგა ევროპაში ყველაზე მდიდარი ადამიანი და რიტეილერია. მისი კაპიტალის წყარო კომპანია Zara-ში არსებული წილია. გასულ წელს Zara-ს აქციების ფასი 14%-ით გაიზარდა, რის გამოც ორტეგას ქონებას დაემატა 4,3 მლრდ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა რეიტინგში მეორე ადგილის შესანარჩუნებლად.

Zara ორტეგამ 1975 წელს თავის პირველ მეუღლესთან, როსალია მერასთან ერთად დააფუძნა (ის 2013 წელს გარდაიცვალა). ამჟამად მსოფლიოში განთქმული ბრენდის პატრონი თავდაპირველად საცვლებსა და სააბაზანო ხალათებს კერავდა თავისსავე სასტუმრო ოთახში. გასული საუკუნის 80-იან წლებში Zara უკვე ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე მუშაობდა, 1989 წელს კი აშშ-ში მისი პირველი მაღაზია გაიხსნა. კომპანია პრაქტიკულად არაფერს ხარჯავს რეკლამაზე, სამაგიეროდ, ინვესტიციებს დებს ახალი მაღაზიების გახსნაში და ცნობილია მართვის ხისტი სტილით.

ორტეგა დივიდენდების სახით ყოველწლიურად 400 მლნ დოლარზე მეტს იღებს, რასაც მთლიანად დიდი ქალაქების - ნიუ-იორკის, მადრიდის, ბარსელონის, ლონდონის, ჩიკაგოსა და მაიამის უძრავ ქონებაში დებს.

5. მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელი Facebook-ი 2004 წელს, 19 წლის ასაკში დააფუძნა. Facebook-ის გამო მან პრესტიჟული ჰარვარდის უნივერსიტეტი მიატოვა და მალე სოციალურმა ქსელმა ის მილიარდერად აქცია. გასული წელი მისთვის დიდად მომგებიანი გამოდგა: აქციების ფასის ზრდამ მას 11,4 მლრდ შემატა.

ცუკერბერგი აქტიურად მონაწილეობს სოციალური ქსელის მართვაში. ის გახდა სოციალურ ქსელ Instagram-ის, მესინჯერ WhatsApp -ისა და ვირტუალური რეალობის ჩაფხუტების მწარმოებელ Oculus VR -ის შეძენის ინიციატორი.

2015 წელს მარკი და მისი მეუღლე პრისცილა მშობლები გახდნენ. ბედნიერმა წყვილმა პირობა დადო, რომ მათი წილის 99%-ს Facebook-ის კაპიტალში ქველმოქმედებისთვის გასცემენ.

ივანიშვილი უსწრებს ტრამპს

მილიარდერების რაოდენობით ქვეყნებს შორის პირველია აშშ - 565 მილიარდერი, მეორე ჩინეთი - 319, გერმანია - 114, ინდოეთი - 101, რუსეთი - 96. რეგიონების მიხედვით ლიდერობს აზია-ოკეანეთი - 720 მილიარდერი, სამაგიეროდ, აშშ უსწრებს მთელ ევროპას (მარტო კალიფორნიის შტატში 140 მილიარდერია), ევროპაში კი ჯამში 530 მილიარდერია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რეიტინგში კვლავ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. 4.5 მლრდ-ით ის 367-ე ადგილზეა (4.8 მილიარდი და 298-ე ადგილი შარშან) და უსწრებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც 3,5 მლრდ-ით 544-ე ადგილზე მოხვდა.

55 მილიარდერი 40 წელზე ახალგაზრდაა, 10 აფრიკელი შავკანიანია, 2017 წელს სიაში პირველად მოხვდა 195 მილიარდერი, მათ შორის 76 ჩინეთიდან არის, 25 აშშ-დან, 13 კი - ინდოეთიდან.

2017 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის პირველი ათეული:

1. ბილ გეიტსი, 61 წლის, 86 მლრდ დოლარი, Microsoft, აშშ

2. უორენ ბაფეტი, 86 წლის, 75,6 მლრდ, Berkshire Hathway, აშშ

3. ჯეფ ბეზოსი, 53 წლის, 72,8 მლრდ, Amazon.com, აშშ

4. ამანსიო ორტეგა, 80 წლის, 71,3 მლრდ, Zara, ესპანეთი

5. მარკ ცუკერბერგი, 32 წლის, 56 მლრდ, Facebook, აშშ

6. კარლოს სლიმ ელუ, 77 წლის, 54,5 მლრდ, Telecom, მექსიკა

7. ლარი ელისონი, 72 წლის, 52, 2 მლრდ, Software, აშშ

8. ჩარლზ კოხი, 81 წლის, 48,3 მლრდ, Diversified, აშშ

8. დევიდ კოხი, 76 წლის, 48,3 მლრდ, Diversified, აშშ

10. მაიკლ ბლუმბერგი, 75 წლის, 47,5 მლრდ, Bloomberg LP, აშშ