მუსიკით დანახული სამყარო - კვირის პალიტრა

მუსიკით დანახული სამყარო

"იმედი მაქვს, რესტორნები მოისურვებენ, მათ დარბაზებში "რელიკვიამ" დაუკრას"

ამ ახალგაზრდების ისტორია ბევრს გულს აუჩუყებს, მაგრამ იმედის მომცემი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც თვლის, რომ მისი ცხოვრება უკვე დამთავრდა...

22 წლის ლაშა შავშიშვილი ქვეყნიერებას ბუნდოვნად ხედავს. კვირაში რამდენიმე დღეს მეგობრის - ბასილას, იმავე გიორგი ბასილაშვილის სახლის გზას ფრთხილი ნაბიჯებით მიუყვება. ბასილამ 12 წლის ასაკში, ფეხბურთის თამაშისას მიღებული ტრავმის შემდეგ მხედველობა დაკარგა... ახლა მუსიკა მისთვის ყველაფერია.

ლაშასა და გიორგისაგან განსხვავებით, მიხეილ პაპუნაშვილს თვალი უჭრის. მეგობრები კვირაში სამი დღე თამარ ცალქალამანიძესთან იკრიბებიან, თამარიც ვერაფერს ხედავს. ორი თვის წინ ჩამოყალიბდა ინტეგრირებული ჯგუფი "რელიკვია". გიორგი - ფანდურზე, ლაშა - დასარტყამ ინსტრუმენტზე, მიხეილი - ბასგიტარაზე და თამარი - სინთეზატორზე უკრავენ. არაერთ კონკურსსა და ფესტივალში მიუღიათ მონაწილეობა, წარმატებაც ჰქონიათ, თუმცა ახლა მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - ეს ლაშას, გიორგის, მიხეილისა და თამარის ბრაილის მუსიკაა. აქ ნოტებსა და აკორდებს სულ სხვა დატვირთვა აქვს. მეგობრები მადლიერები არიან, რომ თვალის ნაცვლად ხმა და სმენა აჩუქა უფალმა. ნამღერით საკუთარ სულიერ მდგომარეობას გადმოსცემენ. სურთ, ამ შესრულებით ადამიანებმა სიამოვნება მიიღონ... გიორგი ჯგუფის ხელმძღვანელია, ის პროფესიონალი მუსიკოსია.

გიორგი ბასილაშვილი: -"შარშან შევქმენით ჯგუფი "რელიკვია". მონაწილეობა გვაქვს მიღებული არაერთ ფესტივალსა და კონცერტში. ვთვლით, რომ ჩვენი რეპერტუარი მართლაც რელიკვიაა ქვეყნისთვის.

თამარ ცალქალამანიძე: -"ყოველთვის ვერ ვახერხებთ სარეპეტიციო დარბაზის ქირაობას, ამიტომ მეგობრებს შევთავაზე, ჩემი მშობლების სახლში გვემეცადინა. არ გვაქვს მიკროფონები, აპარატურა, საკრავების ნაწილი ნათხოვარია, გვჯერა, რომ აუცილებლად დაგვეხმარებიან კეთილი ადამიანები.

ლაშა შავშიშვილი: - გვინდა, მსმენელს ხარისხიანი მუსიკა შევთავაზოთ. ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. გარდა ფოლკლორული ნაწარმოებებისა, საესტრადო სიმღერებსაც ვასრულებთ.

მიხეილ პაპუნაშვილი: - მე არ მაქვს მხედველობის პრობლემა. მოგეხსენებათ, ჯგუფის დანარჩენი წევრები უსინათლოები არიან. ამის გამო დასაწყისში ძალიან დაძაბული ვიყავი, თუმცა ისეთი პოზიტიურები არიან, თვითონვე მომიხსნეს ყოველგვარი სირთულე და ძალიან დამეხმარნენ. მე ბას-გიტარაზე ვუკრავ. გეგმები დიდი გვაქვს და თავს არ ვზოგავთ მსმენელამდე მივიტანოთ ჩვენ მიერ შესრულებული მუსიკა. ყველა ჩვენგანი ვმღერით.

ნანა ბრეგვაძე,"რელიკვიის" პროდიუსერი: - თავადაც მხედველობის პრობლემა მაქვს და ვიცი მათი გასაჭირი. ჩემი მიზანია, ჯგუფი იყოს მაღალშემოსავლიანი და შშმ პირებისთვის - თავის სარჩენი. იმედი მაქვს, რესტორნები მოისურვებენ, მათ დარბაზებში "რელიკვიამ" დაუკრას. მინდა, ეს ადამიანები პოპულარულები და კონკურენტუნარიანები გახდნენ.

"რელიკვიას" დიდი გეგმები აქვს. ზაფხულში გასტროლებზე საბერძნეთში მიემგზავრებიან და ქართველი ემიგრანტებისთვის გამართავენ კონცერტებს. მართალია, რეალურ სამყაროს სხვისი თვალებით"ხედავენ, მაგრამ აკორდები არასდროს ეშლებათ. ეს მათი ბგერებით დანახული სამყაროა, რომელსაც მუსიკით აფერადებენ. არ ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას, ემსახურებიან იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ და შედეგით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს...

თორნიკე ყაჯრიშვილი