რამ შეიძლება დააეჭვოს "შენგენელი" მესაზღვრე?! - კვირის პალიტრა

რამ შეიძლება დააეჭვოს "შენგენელი" მესაზღვრე?!

პირველ მგზავრებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალაქის მერი და ლიტვაში საქართველოს ელჩი შეეგებნენ და ნამცხვრები დაახვედრეს, რომლებზეც ევროკავშირის, საქართველოსა და ლიტვის დროშები იყო გამოსახული

რა შემთხვევაში გამოაბრუნებენ მესაზღვრეები უკან საქართველოს მოქალაქეებს, რა კითხვებს დაუსვამენ მათ და რა შეიძლება საეჭვოდ მიიჩნიონ? - "კვირის პალიტრას" "ემიგრაციის საერთაშირისო ცენტრის" ხელმძღვანელი ლედი ტუკვაძე ესაუბრა.

- ჯერჯერობით მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს არც რამდენიმე საათით შეაყოვნებენ და არც უკან გამოაბრუნებენ. ასე გაგრძელდება პირველი სამი თვე მაინც... მთავარია, აქედან არ მიაწყდეს საცხოვრებლად და სამუშაოდ დარჩენის მსურველ ემიგრანტთა და კრიმინალთა ნაკადი, რისი საშიშროებაც არსებობს.

- სოციალურ ქსელებში განიხილავენ საკითხს, ხომ არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს მესაზღვრეებთან ისეთივე პრობლემები, როგორიც ისრაელის საზღვართან ექმნებათ?

- ვინც სამოგზაუროდ ან საქმიანი ვიზიტით მიდიოდა უცხოეთში, ის ყოველთვის იღებდა ვიზას და ახლაც უპრობლემოდ ივლის. მისთვის პროცედურები მნიშვნელოვნად მარტივდება და ვიზის გადასახადიც აღარ ექნება გადასახდელი. იმ მოქალაქეებზე კი რა გითხრათ, რომლებიც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ცდილობენ ქვეყნიდან წასვლას. როცა ისრაელის მაგალითზეა ლაპარაკი, იყო არაერთი შემთხვევა, როცა რიგითი მოგზაური, ექიმი, ჟურნალისტი ან სულაც რომელიმე ფინანსური შესაძლებლობის მქონე პირი საზღვარზე რამდენიმე საათით შეაყოვნეს, დაჰკითხეს და ამან უკმაყოფილება გამოიწვია. დაფიქსირდა არაერთი არაადამიანური მოპყრობის ფაქტიც. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ, არ შეუშვეს ისრაელის ტერიტორიაზე. მათ საათების განმავლობაში ახვეული ჰქონდათ თვალები და ეუბნებოდნენ, რომ თუ ზედმეტს ილაპარაკებდნენ, უფრო დიდხანს მოუწევდათ ამ მდგომარეობაში ყოფნა. არ ვიცი, მათ ფსიქოლოგიური დამუშავების რა მეთოდები აქვთ, თუმცა ასეთი ფაქტები ამაზრზენია. სხვათა შორის, ისრაელის საზღვარზე ერთ-ერთი თქვენი კოლეგა, როლანდ ხოჯანაშვილიც, დიდხანს გააჩერეს. მართალია გადასვლისას პრობლემა არ შეუქმნიათ, რადგან ჟურნალისტის მოწმობაც ჰქონდა, სამაგიეროდ, როცა უკან ბრუნდებოდა, საზღვარზე იოლად აღარ გამოუშვეს.

- რა მიზეზით?

- ის, რომ წვერი ჰქონდა მოშვებული და მზემოკიდებული იყო. თუმცა ისრაელის მესაზღვრეებისაც მესმის, მათთვის მთავარია ქვეყნის უსაფრთხოება. შრომითი მიგრაციაც ძალიან აშინებთ.

პრობლემები ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრებზეც ექმნებათ. მაგალითად, აზერბაიჯანის საზღვართან გააჩერეს ვინმე დევდარიანი, რომელიც სომეხი ეგონათ. რამდენიმე საათი მიმდინარეობდა მისი დაკითხვა, ვიდრე ბოლოს ერთი მადლიანი აზერბაიჯანელი არ გამოჩნდა, რომელიც თურმე სვანეთში იყო ნამყოფი და იქაური კუბდარის გემოც საამოდ ახსოვდა... არა მგონია, ევროკავშირის ქვეყნების მესაზღვრეებს ისეთი დაკითხვის ფორმა ჰქონდეთ, რაც შეურაცხმყოფელი იქნება. მაგალითად, საიდან გაქვს ფული, რატომ გაქვს, მაშინ როცა გაჭირვებული ქვეყნიდან ხარ? საეჭვო ყოფაქცევის ხომ არა ხარ და ა.შ?

- და მაინც, რა შეიძლება მესაზღვრეს საეჭვოდ მოეჩვენოს?

- მას აქვს უფლება, პირადი შეხედულებისამებრ გააჩეროს და დაჰკითხოს პირი, მოიპოვოს მასზე ინფორმაცია. შესაძლოა, ვიზუალურად არ მოეწონოს ვინმე, მის წარმოდგენაში ის ტერორისტს ან ბოროტმოქმედს ჰგავდეს, დაინტერესდეს მისი რელიგიური მრწამსით და ა.შ. შესაძლოა, დასვან შეკითხვები ჩემოდნის ჩალაგების თაობაზე, მარტომ გააკეთა ეს თუ სხვა დაეხმარა და ა.შ. ეს ხდება იმისთვის, რომ გამორიცხონ ტერორიზმის საფრთხე. ისე კი, ვფიქრობ, სარწმუნოებაზე ყურადღების გამახვილება კარგს არაფერს უქადის არც ერთ სახელმწიფოს... შესაძლოა, ამან საპირისპირო შედეგი მოიტანოს - ტერაქტების მოწყობის ალბათობა გაზარდოს.

პირველები...

გასულ კვირას საქართველოდან პირველი რეისი ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით განხორციელდა. ვილნიუსის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს ლიტვის მთავრობისგან სიურპრიზი დახვდათ - მათ შეეგებნენ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალაქის მერი და ლიტვაში საქართველოს ელჩი. ამ ტერიტორიაზე უვიზოდ გადასულ პირველ მგზავრებს დარბაზში დახვდათ ქართული ღვინო, ნამცხვრები, რომლებზეც ევროკავშირის, საქართველოსა და ლიტვის დროშები იყო გამოსახული. სოციალური ქსელებით სხვა ინფორმაციაც გავრცელდა. მაგალითად, მოქალაქე ბექა ჭანკვეტაძე წერს, მიუნხენში ჩასულ მის მეგობარსა და კიდევ ორ ქართველს ორი მესაზღვრე შეეგება, გადაეხვივნენ და უვიზო მიმოსვლა მიულოცეს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ საფრანგეთის მესაზღვრემ ორი ქართველი უკან გამოაბრუნა, მათ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი არ აღმოაჩნდათ და ვერც იმის დამადასტურებელი საბუთი წარადგინეს, რომ პარიზში სასტუმრო დაჯავშნილი ჰქონდათ.

ეკა ასათიანი