"მოდი, ჩემეხუტე" - კვირის პალიტრა

"მოდი, ჩემეხუტე"

შავშებ-კლარჯების ხელშეუხებელი ქართული ფოლკლორი

"შემონახულია ფოლკოლორის ის ნაწილიც, რასაც ჩვენში ვერ ვპოულობთ. მაგალითად, ქართველებს გვქონდა საქორწილო სარიტუალო სიმღერა, როცა პატარძალი და დედამისი ერთად ტიროდნენ, რადგან პატარძალი მშობლიურ კერას ტოვებდა. ტაო-კლარჯეთში კი ეს სარიტუალო სიმღერა ცოცხალი დაგვხვდა"

"სასაფლაოების უმეტესობა როგორც ჩვენთან, იქაც მთებზე, შემაღლებულ ადგილებზეა - მთა მითური ადგილია, რომელიც ცასა და დედამიწას აერთებს და მიცვალებულებიც სწორედ ამ ადგილას არიან"

ტყუილად არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. მეც მგონია, რომ ბათუმში იმიტომ ჩამოვედი, ეს საქმე გამეკეთებინა, - მითხრა ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორმა თინა შიოშვილმა, როცა მადლობა გადავუხადე იმ შეუფასებელი ღვაწლისთვის, რაც მან ქვეყნისთვის გააკეთა - საუკუნეების წიაღიდან შავშურ-კლარჯული ფოლკლორი შეისწავლა და წიგნებად გამოსცა. მის ნაამბობს ამ ძეგლებზე უემოციოდ ვერავინ მოისმენს, - შავშეთ-კლარჯეთის სულიერებაში ხელშეუხებელი საქართველოა, უფრო მეტად ხელშეუხებელი, ვიდრე ჩვენ, პირაქეთა საქართველოში ვინახავთ.

- ახლა, როცა ეს ენით აუწერელი სიმდიდრე, შავშურ-კლარჯული ფოლკლორი მომავლისთვის საიმედოდ შენახული მგონია, ვფიქრობ, რომ შემიძლია ეს საქმე ჩემი ცხოვრების გამართლებად ჩავთვალო.

ტაო-კლარჯეთში ფოლკლორული ექსპედიციების მოწყობის იმედი 80-იანი წლებიდან, სარფის საზღვრის გახსნის დღიდან გაჩნდა. 1878-79 წლების რუსეთ-თურქეთის ომისას, როცა ტაო-კლარჯეთის ნაწილი დაგვიბრუნდა, ქართულმა სამეცნიერო ექსპედიციამ მისი აღწერა მოასწრო, მერე კი ყველაფერი შეწყდა... თავად მე 1979 წელს წამოვიღე რიზედან პირველი ფოლკლორული ჩანაწერები, როცა ჩემი მეუღლე რიზეში მიავლინეს. რომ ჩავედი, ჩემს მეუღლეს უკვე იქაური ქართველები ჰყავდა შემოკრებილი, რომელთაგან ერთ სტუდენტს მათემატიკის სწავლაშიც კი ეხმარებოდა. ის დღეები ჩემი მეხსიერებიდან არ ამოდის - გზა ახალი გახსნილი იყო, იქაური ქართველობა აქაურებს პირველად გვხვდებოდა და გვეფერებოდა... ყველას ვეხვეწებოდი, - რაიმე მომიყევით თქვენი ხალხური სიტყვიერებიდან-მეთქი. ისე ხალისით მიყვებოდნენ, წერას ვერ ვასწრებდი. რიზედან რომ წამოვედით, ჩემს ქმარს ეუბნებოდნენ, - ყველაზე დიდი განძი შენმა ცოლმა წამოიღო თურქეთიდან, ჩანთა სავსე აქვს ხელნაწერებითო...

შავშებ-კლარჯებიც იმ საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ვინც სულიერი ძეგლები დღემდე მოიტანა. კი გვეუბნებოდნენ, ჩვენი კულტურის დიდი ნაწილი ხალხმა საფლავებში წაიღოო, მაგრამ საღად და ხელშეუხებლად აქვთ შემონახული ქართული ფოლკლორი. არა მხოლოდ ფოლკლორი, უხსოვარი მითოსიც აქვთ შენახული. მაგალითად, სასაფლაოების უმეტესობა როგორც ჩვენთან, იქაც მთებზე, შემაღლებულ ადგილებზეა - მთა მითური ადგილია, რომელიც ცასა და დედამიწას აერთებს და მიცვალებულებიც სწორედ ამ ადგილას არიან. შემონახულია ფოლკლორის ის ნაწილიც, რასაც ჩვენში ვერ ვპოულობთ. მაგალითად, ჩემი პროფესორი ქსენია სიხარულიძე სულ ამბობდა, - ვიცი, რომ ქართველებს გვქონდა საქორწილო სარიტუალო სიმღერა, როცა პატარძალი და დედამისი ერთად ტიროდნენ, რადგან პატარძალი მშობლიურ კერას ტოვებდა, მაგრამ ვერ ვიპოვეო; ტაო-კლარჯეთში კი ეს სარიტუალო სიმღერა ცოცხალი დაგვხვდა. ცოცხალია უძველესი ქართული ცეკვები და სიმღერები. ზაქარია ჭიჭინაძე წერდა, - ხოჯები ქართველებს უშლიდნენ, ქართულად არ იმღეროთ, თორემ საიქიოში ვერ მოხვდებითო, მაგრამ ასე არ გამოდიოდა. კლარჯეთის სოფელ მურღულში ერთ ხოჯას ნადი ჰქონია და უეცრად ქართული სიმღერა თავად დაუწყია. გაკვირვებულ ხალხს უთქვამს, - ხოჯა, აკი ამბობდით, რომ გურჯულის მღერა ცოდვა არისო, თქვენც კარგად იმღერეთ ჩვენთანო?! ხოჯას უპასუხია, - ყანაში მუშაობის დროს არა უშავს რა ქართულს, იმიტომ, რომ ჩვენები თათრულ სიმღერას ასე ვერ აწყობენო! კლარჯეთში დღესაც ბევრი ნადური სიმღერაა შემონახული. ნადი ის ადგილიც არის, სადაც შრომის გარდა, ახალგაზრდები ერთმანეთს სიყვარულს უმხელდნენ. კლარჯეთში ერთ მშვენიერ სოფელ ქართლაში ნურიე ილდრიმმა ერთი ასეთი სიმღერა მეც ჩამაწერინა: "ბარიდანა აქ გადმოველ,/ ნადი არის, თუ არა,/ იქეთ-აქეთ გევიხედე,/ ფადი არის, თუ არა." ანდა: "ევიარე, რამ არ იყო,/ ჩამევიარ - დარგულაო; ვინმე თუ არ გევიმეტავ,/ შენც ჩემი ხარ ბულბულაო"...

მათთვის, ვისაც შავშურ-კლარჯული სატრფიალო ლექსები არ მოუსმენია, ალბათ ძნელი მოსაყოლი იქნება, როგორ სიტყვასიტყვით ემთხვევა ისინი ძირძველ ქართულ პოეზიას. რასაკვირველია, დამატებულია ყოფითი დეტალებიც, მაგრამ ძირი ხელშეუხებელი და ქართულია. ის კი მინდა ვთქვა, რომ შავშები სიყვარულის გამხელისას სითამამეში ფშავ-ხევსურებს ჰგვანან. ლაღები არიან. სხვათა შორის, შავშურში საოცრად გავრცელებულია ჩვენში ასე ცნობილი ლექსი "მინდორში, ბალახბულახში". ოღონდ იქ ასე ამბობენ: "მინდორში, ბალახბულახში/ ამოსულიყო ეკალი,/ ამაღამ შენთან მოვდივარ,/ ერთათ დავტეხოთ კაკალი".

- კაკალი რატომო?

- კაკალი ნაყოფიერების სიმბოლოა. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ახალდაქორწინებულებს თავზე გადააყრიდნენ, რომ ბევრი შვილი ჰყოლოდათ. შავშეთში მაყრულსაც ისეთს მღერიან, როგორსაც ჩვენთან: "მაინძელო მხიარულო,/ ივრი-არალეო/, სუფრა არის ცარილი,/ ივრი-არალეო! მალე ქენი, მოიტანე,/ ერთი ფუთი თეთრი ღვინო,/ ივრი-არალეო,/ მოაყოლეთ კასრით თაფლი,/ ივრი- არალეო..."

- რძალ-დედამთილის ურთიერთობის ამსახველი ფოლკლორი თუ არის შემორჩენილი? როგორც ვიცი, ამით განსხვავდებიან აქეთა საქართველოსგან - იქ რძალ-დედამთილი შეხმატკბილებული არიან.

- არც ასეა საქმე. ასეთი ლეგენდაც არსებობს, როცა დედამთილის წყევლამ პატარძალი გააქვავა. ლეგენდა ასე იწყება: "თამარასა (თამარ მეფე. - ავტ.) დრომდე ერთ ქალსა გოგო ჰყოლია გასათხოვარი. ერთ კაცს მუუტაცია აი გოგო და მიყავს ცხენით. დედამისს, ვინცხა ქე გეიქცა (სადედამთილოს ეს ამბავი ვიღაცამ ამცნო - ავტ.), იმათი თავი არ ჰყვარებია და დაწყევლა ისინი: ღმერთმა ქვაი გაგხადოსო. ისინი ზულვარეთის ტყეში ყოფილან და გაქვავებულან. ორი დადე და ერთი - დედოფალი. იმიტომ ჰქვია ზულვარეთი"...

თამარ მეფესთან, ისე როგორც მთელ საქართველოში, აქაც ყველაფერი ლამაზი და სანუკვარია დაკავშირებული. იმიტომაც ამტკიცებენ, თამარი ჩვენთან არის დაკრძალულიო. მაგალითად, სოფელ უსტამისში სიტყვასიტყვით მოგიყვებიან იმგვარ ლეგენდას, როგორსაც ჩვენ ვყვებით: "თამარა დედოფლის ყურუმი ძვლიები ბაზგირეთის მთაზე არიანო! თამარას უთქვამს: ენწინ მე ნა მომკალით, იმითანა ალაგ ჩამფალათ ნა, ქი ვერ შემეყარენ ჩემ მეზარზე. მე ქი ჩამფლავთ, თქვენ თავი"ნა დეიქხოცოთო, ნა. და ერთმანეთი დუუხოციან. იმ ადგილზე ორი ოდა იყო. ერთანაში - ძვლიები, ერთანაში - ცარიელაი. იმ ემეში დაწერილი ფიქალები ამოვიდა. თამარა დედოფალიც იქ ყოფილა".

აი, ასე დაუეჭვებლად წარმოაჩენენ თავიანთ ქართულ ფესვებთან ერთიანობას შავშებ-კლარჯები და ხშირად უფრო მეტადაც, - ისე თბილად მიგიღებენ, თითქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავი იყოთ. ალალად გეტყვიან, - მოდი, ჩემეხუტეო. დამშვიდობებისას კი ლოცვასაც გამოგატანენ: ჩვენი მემლექეთი შეინახოს ღმერთმაო.

მეც ამას ვიტყოდი: ღმერთმა შეგვინახოს და გაგვაძლიეროს, ჩვენ რომ ძლიერები ვიქნებით, ჩვენებური ქართველობაც გაძლიერდება.

ეთერ ერაძე