"დე, ხომ კარგად იქნები?" - კვირის პალიტრა

"დე, ხომ კარგად იქნები?"

პატარა ანდრია დედიკოს ძილს დარაჯობს, მის გულისცემას უსმენს...

აბულაძეების ოჯახი ორი წლის წინ მეხუთე შვილს ელოდა. სამწუხაროდ, ექიმმა ორსულს მელანომა (კანის ავთვისებიანი სიმსივნე) დაუდგინდა. ოპერაცია მშობიარობის შემდეგ გადაწყდა. ყველაფერი თითქოს კარგად იყო, თუმცა მორიგი კონსულტაციის შემდეგ გაირკვა, რომ მეტასტაზები მთელ ორგანიზმს მოსდებოდა...

ახალგაზრდა ქალი საწოლს მიეჯაჭვა... მისი მოვლა და ხუთ შვილზე ზრუნვა მეუღლემ ითავა...

- დე, ხომ კარგად იქნები? - თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და სახეზე ღიმილი მოეფინა... ეს ნაძალადევი ღიმილი იყო, ღიმილი იმედის და დედაშვილური სოლიდარობის... ყველაფერი კარგად იქნება, - განაგრძო დედამ... ასე დიდი ადამიანივით ესაუბრებოდა საწოლს მიჯაჭვული 39 წლის ქალი უფროს ვაჟს, 7 წლის თორნიკეს.

შალვა აბულაძე: - კასპის რაიონში ვიზრდებოდი. 4 წლისას მამა გარდამეცვალა, ერთი წლის შემდეგ - დედა. მე და ჩემი და ბიძის ოჯახმა გაგვზარდა. კასპში სკოლა-ინტერნატში ვსწავლობდით... შემდეგ თბილისში წამოვედი, უსახსრობის გამო უნივერსიტეტის დამთავრება ვერ შევძელი... მერე მუშაობა დავიწყე და ლალიც გავიცანი. ვოცნებობდი, დიდი ოჯახი მქონოდა და ღმერთმა ხუთი შვილი გვაჩუქა.

სოფლად, მამისეულ სახლში

პირველი შვილი რომ გაგვიჩნდა, მშობლების სახლში დავბრუნდით, რადგან ოჯახის რჩენასა და ქირის გადახდას მწირი ხელფასით ვერ შევძლებდი. ორი წელი დავდიოდი ქალაქში სამუშაოდ. მეორე შვილიც რომ გაგვიჩნდა, ლალის უჭირდა ოჯახის მარტო მოვლა, ამიტომ სამუშაოს ძებნა კასპში დავიწყე, რომ თავისუფალ დროს საოჯახო საქმეებში შევხიდებოდი. ამასობაში კიდევ ორი ვაჟი შეგვემატა. მეხუთე შვილს ველოდებოდით, როცა ლალის ზურგზე გაღიზიანებული ხალი შევნიშნეთ...

ბრძოლა სიცოცხლისთვის

ლალის უმძიმესი სენი, მელანომა აღმოაჩნდა. ორი ოპერაცია გავუკეთეთ, ლოკალურად ამოჰკვეთეს, მაგრამ მეტასტაზები მთელ ორგანიზმს მოედო. გამოსავალი ექვსი თვის მანძილზე მედიკამენტის მიღებაა, რომელიც წარმოუდგენლად ძვირია - ერთთვიანი კურსი 20.000 ლარზე მეტი ღირს. ახლობლების დახმარებით შევიძინეთ ერთი თვის სამყოფი წამალი და შედეგი ნამდვილად ჰქონდა.

ამ პრეპარატის მიღებამდე თვე-ნახევარი გაუნძრევლად იწვა, გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. პრეპარატის მიღებიდან მეოთხე დღეს ფეხზე წამოდგა და ეზოში გასვლაც შეძლო.

ძალიან მინდა იცოცხლოს, რათა იგივე არ განიცადონ ჩვენმა შვილებმა, რაც მე გადავიტანე. ბავშვებსა და მეუღლეზე ზრუნვა მე ვიკისრე. ვაკეთებ ყველაფერს ჩემი ლალის და შვილების დიდი სიყვარულის გამო.

ერთი ჩვეულებრივი დღე

დილას ბავშვებს ვაღვიძებ, ვაცმევ, საუზმეს ვუმზადებ, უფროსს სკოლაში ვუშვებ, ვალაგებ სახლს, ვამზადებ საჭმელს, ვრეცხავ. შემდეგ მინდორში გავდივარ სამუშაოდ. საბედნიეროდ, მყავს ქათმები და მეწველი ძროხა. ჩვენთვის ეს დიდი ფუფუნებაა. სოციალური დახმარება გვაქვს - 400 ლარი. ეს ფულიც კომუნალურ დავალიანებებს და საკვებ პროდუქტებს ხმარდება.

ტელევიზიიდან ხშირად გვესმის - კიბო განაჩენი არ არისო..."ნამდვილად არ არის, თუ ადამიანი დროულად იმკურნალებს.

საჭირო მედიკამენტები

ლალის აუტანელი ტკივილები აწუხებს. სახელმწიფო დახმარების ფარგლებში წლიური ლიმიტი 10.000 ლარია, რომელიც ლალის პირველი თვის მკურნალობის კურსისთვის დაერიცხა, დანარჩენი 12.000 ლარი კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს - ქართველი ემიგრანტების გადმორიცხული თანხაც ძალიან დაგვეხმარა. ახლა ერთი საქველმოქმედო ფონდიდან ველოდებით თანხას, რაოდენობა ჯერ არ ვიცით. ყველას მადლობას ვუხდი ჩემი შვილების ობლობისგან დახსნისთვის.

არაბავშვური ოცნება...

ლალის გადასარჩენად საჭიროა კიდევ ხუთი სამკურნალო კურსი. სამწუხაროდ, პატარებს ბევრ რამეზე უარს ვეუბნები. მთავარია, წამლების ფული დავზოგო... თუ უფლისა და ხალხის კეთილი ნება იქნება, ლალი აუცილებლად იცოცხლებს. თავადაც არ გვჯეროდა, რომ ოთხი დღის მკურნალობის შედეგად ლოგინსმიჯაჭვული ფეხზე დადგებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა, წამალმა სასიკეთოდ იმოქმედა...

გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, დამეხმაროთ - გადაარჩინოთ ჩემი ცოლი სიკვდილისგან, ხუთი შვილი - ობლობისგან..."

P.S. ოჯახის დახმარების მსურველთათვის:

ანგარიშის ნომერი: GE20TB1197645063822336

მიმღები: შალვა აბულაძე (მეუღლე)

ტელ:555 744844

თორნიკე ყაჯრიშვილი