გოგიტა და თათია - მისტერ და მისის სმიტები
10-04-2017
გოგიტა და თათია - მისტერ და მისის სმიტები
"2 წლის ალექსანდრეს მშობლები ვართ. როდესაც ბავშვებს ვავარჯიშებთ, ისიც სულ თან დაგვყვება, "ია, ია"-ს ყვირის და კარატისტივით ხელ-ფეხს იქნევს"

"ერთხელ ვარჯიშზე გოგიტამ ისე დამარტყა ცხვირში, - რა თქმა უნდა, შემთხვევით - რომ თავი ვეღარ შევიკავე და გამოვიქეცი დარბაზიდან. ძლივს შემირიგა"


წყვილს, რომელზეც გიამბობთ, მეგობრები მისტერ და მისის სმიტებს­ უწოდებენ. ქმარი - გოგიტა არქანია ერთადერთი ქართველი კარატისტია, რომელიც მსოფ­ლიო კარატისტთა ხუთ­ეულში შედის, მისი, ერთი შეხედვით, ნაზი და სიფრიფანა მეუღლე­ - თათია
მელუა კი, არც მეტი, არც ნაკლები­, ევროპის სამგზისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია კარატეში. გოგიტასა და თათიას პატარა ალექსანდრე ყველაზე ბედნიერი მაშინაა, როდესაც მშობლების გარემოცვაში, კიმონომორგებული დატანტალებს ტატამზე.

- ჩემი თანატოლები ფერად-ფერად კაბებზე რომ ოცნებობდნენ, მე კიმონოს ჩაცმა მერჩივნა. 7 წლის ვიყავი, ჩემი უფროსი ძმა რომ
შეიყვანეს კარატეზე და მეც მიმაყოლეს. ალბათ, იფიქრეს, მოსწყინდება და შეეშვებაო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთ წელიწადში ჩემმა ძმამ სპორტს თავი დაანება, მე კი შევრჩი და შევრჩი.

ვარ საქართველოს თექვსმეტგზის ჩემპიონი, ევროპის სამგზისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. დღეს უკვე აღარ ვასპარეზობ. შარშან მსოფლიოს კარატეს ფედერაციის სამსაჯო ლიცენზია მოვიპოვე და დღეს ერთადერთი ქართველი მსაჯი ვარ, რომელსაც მსოფლიოს კარატეს ჩემპიონატზე მსაჯობის უფლება აქვს. პარალელურად, ბავშვებს ვწვრთნი.

მე როცა დავიწყე ვარჯიში, მაშინ იშვია­თად თუ შეხვდებოდით სავარჯიშო დარბაზში გოგოს. თუკი წვეულებებსა ან ახალგაზრდულ თავშეყრაზე მოვხვდებოდი, ვცდილობდი, ჩემი სპორტული მიღწევების ამბავი საგულდაგულოდ დამემალა, იმიტომ, რომ მაშინვე იწყებოდა შეცხადება: "ვაიმე, გარეგნობაზე სულ არ გეტყობა, რომ კარატისტი ხარ"... რამე რომ იყოს, 7 კაცს მოერევი?... ჰაერში სალტოს გააკეთებ?"

- მეტსახელიც ხომ არ შეგირჩიეს?

- სანამ გასათხოვარი ვიყავი, არაფერი შეურქმევიათ, რაც გავთხოვდი, მას შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს მისტერ და მისის სმიტებს გვეძახიან. გოგიტა ოჩამჩირელია. ის ერთადერთი ქართველი კარატისტია, რომელმაც კარატეში ყველაზე პრესტიჟული ჭKF-ის ეგიდით გამართულ პირველობაზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რის შემდეგაც მსოფლიო კარატისტთა ხუთეულში შედის. გოგიტამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იაპონელ რიოტარო არაგას მოუგო, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო კარატისტთა ხუთეულში შედის.

- მისტერ სმიტი, გოგიტა არქანია, როგორ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- 12 წლის ვიყავი, გოგიტა ჩემზე 2 წლით უფროსია. მახსოვს, ქუთაისში ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ძალიან მაგრად იასპარეზა ბიჭმა, რომელიც სხვა შეჯიბრებებზე არასოდეს შემხვედროდა. მე და ჩემი მეგობარი შეჯიბრებიდან რომ ვბრუნდებოდით, დავინახეთ, რომ ის ქუჩაში ვიღაცას ესაუბრებოდა. გადავწყვიტეთ, მივსულიყავით და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაგვეღო. იმ დღიდან დავმეგობრდით. დროთა განმავლობაში მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და საბოლოოდ ქორწინებით დასრულდა. 3 წლის წინ დავოჯახდით.

- გოგიტას დედას როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც შეიტყო, რომ ტიტულოვანი კარატისტის სადედამთილო იყო?

- მგონი, მიხვდა, რომ მისი შვილის გრაფიკს მისივენაირი თუ აიტანდა. გოგიტაც ჩემსავით სულ საზღვარგარეთაა შეჯიბრებებზე.

- როგორი პატარძალი იყავით?

- ლამაზი ქორწილი გვქონდა, სხვად­ა­სხვა ქვეყნიდან უამრავი ცნობილი სპორტსმენი ესწრებოდა. დღეს უკვე 2 წლის ალექსანდრეს მშობლები ვართ. როდესაც ბავშვებს ვავარჯიშებთ, ისიც სულ თან დაგ­ვყვება, "ია, ია"-ს ყვირის და ხელ-ფეხს იქნევს. ძალიან მოძრავი ბავშვია.

- ცოტა არ იყოს, მიჭირს წარმოდგენა,­ თუ როგორ ტრიალებთ სამზარეულოში...

- სამწუხაროდ, სამზარეულოში საქმიანობა არ მეხერხება.

- შვილის აღზრდაში ვინ გეხმარებათ, უფრო სწორად, ვის ეხმარებით?

- გოგიტას დედას, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია, და - დედაჩემს. ალექსანდრე თითქმის სულ ბებიებთანაა. მეც და გოგიტაც ისე ვართ მონატრებული ბავშვთან ყოფნას, რომ როგორც კი დრო გაგვიჩნდება, ხან ზოოპარკში მიგვყავს, ხან საბავშვო ცენტრებში, ხან ბუნების წიაღში.

- მეუღლესთან თუ გისპარინგიათ?

- როგორ არა. ერთხელ ვარჯიშზე ისე დამარტყა ცხვირში, - რა თქმა უნდა, შემთხვევით - რომ თავი ვეღარ შევიკავე და გამოვიქეცი დარბაზიდან. ძლივს შემირიგა.

- კარატისტი გოგოს იმიჯი როგორია?

- კარატისტი გოგო უნდა იყოს მშვიდი, გაწონასწორებული, როცა საჭიროა, ფეთქებადი და სწრაფი.

- ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

- თავისუფალი სტილი მიყვარს. როცა ეტიკეტი მოითხოვს, მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელიც ჩამიცვამს, თუმცა ძალიან მიჭირს.

ეკა სალაღაია
18 ივლისი 2017 10:55
გაიხარების,მარადჟამს ბდენვერი იყავით.მიხარია და მიყვხართ

რედაქტორის რჩევით