სხეულის ენა - რას ნიშნავს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჟესტები - კვირის პალიტრა

სხეულის ენა - რას ნიშნავს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჟესტები

"ქართველი პოლიტიკოსების სხეულის ენაში აგრესიის გამომხატველი და ჭკუის სასწავლებელი ჟესტები ჭარბობს"

პუტინის გამოსვლებში ჭარბობს ვერტიკალური ჟესტები, რაც ნიშნავს, რომ ადამიანს რაღაცის დამტკიცება უნდა. ამ ჟესტით პოლიტიკოსები მასას ეუბნებიან, "მე შენ გმართავ"

სხეულის ენა გაცილებით მეტს ამბობს ჩვენსა და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გადმოცემა. გამოხედვა, პოზა, მიმიკა - ეს კომპონენტები გვეხმარება, გავიგოთ, როგორ არის განწყობილი მოსაუბრე. ფსიქოლოგების აზრით, კომუნიკაციის 93% არავერბალურია, დანარჩენი 7% კი ვერბალური. საინტერესოა, რომ მამაკაცის სახეს 70 000 გამომეტყველების მიღება შეუძლია, ქალისას კი 200 000-ის. არავერბალური კომუნიკაცია ქვეცნობიერი იმპულსებით არის განპირობებული, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია.

რუსუდან მირცხულავა, ფსიქოლოგი: - ზოგჯერ სხეულის ენა გაცილებით მეტყველი და ინფორმაციულია, ვიდრე ვერბალურად გადმოცემული ინფორმაცია. მაგალითად, ხშირად, როდესაც ადამიანი გასაუბრებაზე მიდის, არავერბალური კომუნიკაცია მისი წარმატების მიზეზია. არის რამდენიმე ნიშანი, რომელიც დამქირავებელს დადებითად ან უარყოფითად განაწყობს. თუ წარბებია შეკრული, ადამიანი გაბრაზებულია, თუ ხელები აქვს მკერდზე გადაჯვარედინებული, ის გულჩახვეულია, თუ კანკალებს, ღელავს და შფოთავს, არ არის თავდაჯერებული. ასევე უარყოფითად განაწყობს მოსაუბრეს ე.წ. ჩაკეტვის პოზები, როგორიც არის ფეხის ფეხზე გადადება, მკერდზე ხელის გადაჯვარედინება, თითების შეკვრა მუშტებად, ხელების დამალვა, ხელისგულებისა და ხელის მტევნების დამალვა საუბრისას თავის დახრა, თვალების კონტაქტის უარყოფა. ეს ჟესტები უარყოფითად მოქმედებს დამქირავებელზე.

არსებობს ჟესტები, რომლებიც დადებითად განაწყობს ადამიანს და სოციალურ ღიაობაზე მიანიშნებს, ესენია: თვალებით კონტაქტი, ღიმილი, ხელების გამოყენება საუბრისას და გარკვეული ჟესტიკულაციით მინიშნება გარკვეულ აზრზე, თავის დაკვრა საუბრის დროს, ამით ადასტურებ იმას, რასაც ადამიანი გელაპარაკება და ა.შ.

ალან და ბარბარა პიზის წიგნი "სხეულის ენა" მსოფლიოში პოპულარულია. მას კითხულობენ და შეისწავლიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ა.შ. თუმცა სწავლის მიუხედავად, არის შემთხვევები, როდესაც ქვეცნობიერი ცნობიერს სძლევს, ასეთ დროს კი საჯარო გამომსვლელის ფარული მესიჯები იშიფრება. არსებობს პოზიტიური და ნეგატიური ჟესტები. მაგალითად, ვერტიკალური ჟესტები: ხელის ხელზე დარტყმა ზევიდან ქვევით, მაგიდაზე ან კათედრაზე. ეს აგრესიის მანიშნებელი ჟესტიკულაციაა, რომელსაც იყენებდნენ ფიდელ კასტრო, ჰიტლერი...

პუტინის გამოსვლებში ჭარბობს ვერტიკალური ჟესტები, რაც ნიშნავს, რომ ადამიანს რაღაცის დამტკიცება უნდა. ამ ჟესტით პოლიტიკოსები მასას ეუბნებიან, "მე შენ გმართავ". გულზე მიდებული ხელი გულწრფელობას ნიშნავს, ხოლო როდესაც პოლიტიკოსი პირზე იდებს ხელს, ეს ნიშნავს "არ ილაპარაკო", ესე იგი, პოლიტიკოსი თავს იკავებს რაღაცის თქმისგან.

ჰორიზონტალური ჟესტები სოციალური ღიაობის, თანაგანცდის გამომხატველია. ჰორიზონტალური ჟესტები ჭარბობდა ჯონ კენედის, რეიგანის, კლინტონის გამოსვლებშიც. აღსანიშნავია ერთი ამბავი კლინტონისა და მონიკა ლევინსკის საქმიდან: როდესაც კლინტონი სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ მას არ ჰქონია სასიყვარულო ურთიერთობა მონიკასთან, ის თავს აქნევდა თანხმობის ნიშნად, რაც ფსიქოლოგებისთვის კლინტონის ტყუილზე მიანიშნებდა.

რაც შეეხება ქართველი პოლიტიკოსების სხეულის ენას, მასში აგრესიის გამომხატველი და ჭკუის სასწავლებელი ჟესტები ჭარბობს. სამწუხაროდ, ეს მისაღები გახდა ჩვენი საზოგადოებისთვისაც.

ქართველი პოლიტიკოსებისთვის უფრო ვერტიკალური ჟესტებია დამახასიათებელი. ჩვენი საზოგადოება აგრესიით არის დამუხტული. ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსისთვის მომგებიანია აგრესიის დემონსტრირება, რადგან ეს აუდიტორიის გულის მოგების ერთ-ერთი ხრიკია. სხვა ქვეყნებში პოზიტიური ემოციებისა და დამოკიდებულების დემონსტრაცია უფრო მომგებიანია. ჩვენთან პირიქით არის, რადგან თვითონ საზოგადოებაშია აკუმულირებული აგრესია და როცა ამის დემონსტრირებას ახდენს ლიდერი, ის აღიქმება როგორც "ჩვენი ბიჭი", "ჩვენნაირი". აგრესიულია იმიტომ, რომ გაბრაზდა, სურვილების რეალიზებას ვერ ახდენს, იმიტომ, რომ დაჩაგრულია, უბედურია. თუ ადამიანი ბედნიერი, კმაყოფილი, მშვიდი და ლაღია, სამწუხაროდ, მასა ასეთ ადამიანთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს.

ნინო წიფურია