"არსენა არ მოუკლავთ, ის თურქეთში გადაიპარა"
10-04-2017
"არსენა არ მოუკლავთ, ის თურქეთში გადაიპარა"
"არსენა მარაბდელის დროს მარაბდაში 600 კომლი ცხოვრობდა, ახლა 100-ც აღარ არის და ვინც არის, ისიც წასვლას აპირებს..."

ცხრა ძმა ხერხეულიძისა თუ არსენა ოძელაშვილის წყალობით ლეგენდარულ ადგილად ქცეული სოფელი მარაბდა თბილისის ახლოს მდებარეობს, მაგრამ ყველაზე მოუვლელი და მიუვალია - წლებია, აქ ტრანსპორტი აღარ დადის, თუმცა, მაინც მოვახერხე და ცხრა ძმის საფლავზე ავედი. სწორედ მაშინ მაჩვენეს მარაბდელებმა ახალგაზრდა არსენა ოძელაშვილის სახლი. ოღონდ არსენას ნახვა ვერ შევძელი, მოგვიანებით დავურეკე. სიტყვა ბანზე ამიგდო -
საქმე მაქვს, სალაპარაკოდ არა მცალიაო, არ მოვეშვი და რაღას იზამდა, - ერთ წვიმიან დღეს მარნეულის ტრასაზე დამხვდა თავის მშვენიერ გოგონებთან ერთად და მარაბდაშიც ამიყვანა. გზად დიდი არსენას ნასახლარი გავიარეთ, სადაც საუკუნოვანი ცაცხვის ქვეშ წარწერაც დამხვდა - არსენა ოძელაშვილი ამ ადგილას ცხოვრობდაო.

ოძელაშვილების მყუდრო სახლში არსენას
მამა ოძელა ოძელაშვილი და ბებია­ - 80 წლის თამარი დამიხვდნენ და ოჯახის ისტორია გაიხსენეს:

- მარაბდაში რომ გამოვთხოვდი, ჩემი ცხონებული მამამთილი, მიხა, ცოცხალი დამიხვდა. მის სიტყვას მთელი მარაბდა უსმენდა. არსენა პაპამისის ძმა იყო და იმაზე ლაპარაკს რომ დაიწყებდა, შევატყობდი, გული აენთებოდა ხოლმე. მეც ჩემს შვილ­ებს მივუსხამდი - მოუსმინეთ, განა ყველას არსენასნაირი წინაპარი ჰყავ-მეთქი!

ოძელა ოძელაშვილი:
- ექვსი წლის ვიყავი, მიხა პაპა რომ გარდაიცვალა. 1888 წელს უნდა ყოფილიყო დაბადებული. პატ­არა იყო, დედ-მამა ტიფით რომ დაეხოცა, ოძელაშვილების კვალზე აღარავინ იყო, რომ ბალღი გაეზარდათ, იმიტომაც მეზობელმა ცოლ-ქმარმა შეიფარა, დედობილ-მამობილი სულ დასძახოდა თურმე, - არსენას კვალზე შენ გარდა არავინ დადის, აბა, შენ იცი, მისი სახელი არ შეარცხვინოო!

საწყალ პაპაჩემს არსენას სახელის გარდა, სხვა რომ არაფერი ებადა, გამზრდელებმა ორშვილიანი ქალი შერთეს და პაპაც თავის შვილებთან ერთად გერებსაც ჩიტის რძეს არ აკლებდა. მერე კი ეს ცოლიც მოუკვდა და მეორე მოიყვანა, ამის მერეღა­ დაულაგდა ცხოვრება, - ჭკვიანი კაცი იყო და სახელიც გაუვარდა. მახსოვს, დედაქალაქიდან ამოდიოდნენ მასთან სალაპარაკოდ. ასე ამოსულა ერთ დღეს მიხეილ ჯავახიშვილიც და `არსენა მარაბდელი~ ამოუტანია, - მიხა, ამ წიგნის დაწერას წლები დავალიე და დაიბეჭდა თუ არა, წამოგიღე - არსენას სისხლი და ხორცი შენა ხარ, შენ გეკუთვნის ეს პირველი წიგნიო!

ცრემლი ადგებოდა ამის გახსენებაზე - ეს პატივსაცემი კაცი რომ დავინახე, მუხლი თავისით მომეხარაო. ეს ამბავი 1933 წელს მოხდა. 1937 წელს მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს და პაპაჩემსაც მოადგნენ, - რაც იმ ხალხის მტერმა მოგიტანა, გამოგვიტანე, უნდა დავწვათო. პაპასაც გამოუტანია. სხვა რა გზა ჰქონდა. იმ წელიწადს მთელი მოსავალი სეტყვას გაუნადგურებია, სოფელში შიმშილობა ჩამოვარდნილა. პაპაჩემს კოლექტივის მოსავალი საწყობიდან გამოუტანია და ხალხისთვის დაურიგებია, - ბალღები დაგიწყდებათ მშიერიო. ამისთვის დაიჭირეს.

- მგვანებია არსენას.

- სიმართლის თქმითაც ჰგავდა. ერთ­ხე­ლ, როცა თბილისიდან კვლავ ამოვიდნენ,­ - გამოდი, არსენას ამბავი მოგვიყევიო,­ პაპა ავად იყო. არ მოეშვნენ. ჯოხით ახანხ­ალდა, სოფლის გზაზე გამოვიდა, იქვე მოთამაშე ბალღებს ახედ-დახედა და თბილისელებს მიაძახა, - ხალხნო, არსენას ამბავი ისედაც ყველამ იცის, აგე, ამ ბალღებს მიხედეთ, ვატყობ, მიწაზე მუშაობა არავის უნდა, სოფელი არ დაგიცარიელდეთო. ისე აგიხდეთ ყველაფერი, იმის ნათქვამი რომ ახდა.

- როგორც ცნობილია, არსენამ ზაალ ბარათაშვილის მოახლე მოიტაცა და ცოლად შეირთო, თავად არსენას არ ჰყავდა შვილი?

- პაპაჩემი იტყოდა ხოლმე, არსენას ბარათაშვილის ყმა გოგო რომ შეუყვარდა, მივიდა და მისი თავი მდაბლად სთხოვა, მან კი გამოსასყიდი მოსთხოვა. არსენა დათანხმდა, წავიდა და თბილისში დუქანში ფული იშოვა, მაგრამ თავადმა პირი უშალა. მაშინ არსენამ ღამით თავადის ცხენი მოიპარა, გოგო მოიტაცა და მთაში გაიხიზნა. დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს, შეყვარებულიც სხვაზე გაუთხოვეს, იმიტომაც დაიწყო ციხიდან გამოსულმა ყაჩაღობაო. ამბობენ, არსენა 1842 წელს მოუკლავთ მცხეთასთან, მაგრამ ეს მე არ მჯერა.

- არსებობს ვერსია, რომ არსენა არ მომკვდარა და თურქეთში გადაიპარა...

- პაპამაც ზუსტად ასე იცოდა. მარაბდელ დათა ხიზანიშვილს ჰქონდა მისთვის ნათქვამი, არსენა არ მოუკლავთ­, თურქეთში გადაიპარაო. ის კაცი მეც მახსოვს ღრმად მოხუცებული და მეც ასე მითხრა, - ჯეელობისას თურქეთში ვიყავი და იქ ჩემ თვალწინ დაუძახა კაცმა კაცს, - ოძელო­ღ­ლი, აქ მოდიო! ყურები ვცქვიტე, - ხომ არ მომესმა, მართლა ოძელაშვილის გვარი ახსენე-მეთქი, ვკითხე. მიპასუხა, - ეს კაცი არსენა ოძელაშვილის შვილია, არსენა თურქეთში გადმოიპარა და აქ მოკვდაო!

- ძალიან გამაკვირვეთ...

- მე კიდევ ის მიკვირს, რომ მარაბდის მომხედავი არავინ არის - არსენა მარაბდელის დროს მარაბდაში 600 კომლი ცხოვრობდა, ახლა 100-ც აღარ არის და ვინც არის, ისიც წასვლას აპირებს...

ვერც გავამტყუნებ - სოფელს გზა არა აქვს, ტრანსპორტი არ დადის, ახალგაზრდობა ხომ შავ დღეშია... ერთი ისღა მიმშვიდებს გულს, რომ სკოლა ამუშავდა. ჩვენი სოფლის ბალღებმა რომ ვერ შეავსეს, მარნეულიდან აზერბაიჯანელებს­ დაჰყავთ შვილები მარაბდაში. ესეც მიხარია, - უფროსმა აზერბაიჯანელებმა ღერი სიტყვაც არ იციან ქართული და ეს ბალღები კი სწავლობენ. ესე იგი, მოყვარე გვიმრავლდება. ჩემი რძალი მასწავლებელია, ხანდახან შინაც კი მოჰყავს აზერბაიჯანელები, რომ ამეცადინოს...

P.S. რა უნდა ქნან უგზოდ დარჩენილმა­ მარაბდელებმა, დროზე თუ არავინ მიხედა, ეს ულამაზესი ისტორიული სოფელი საბოლოოდ დაიცლება!

ეთერ ერაძე
ეთერს
19 აპრილი 2017 14:34
ერტადერტი ნორმალური ჟურნალისტი ეთერ ერაძე!
მადლობა თქვენ
გავაზელი
19 აპრილი 2017 08:41
თამაზ, ამ სტატიაში ყურადსაღები მეტი ვერაფერი ნახე?
ირაკლი
19 აპრილი 2017 02:28
ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში უნდა მუშაობდეს და იმით უნდა იყოს დაკავებული, დედაქალაქის ირგვლივ მაინც შეაკავოს ქართული მოსახლეობა სოფლად, ამისათვის პირველ რიგში კომუნიკაციების განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს, კარდაკარ უნდა დადიოდნენ და ღამე არ უნდა ეძინოთ, ესენი პრემიებს ინიშნავენ, ფუ მაგათ კაცობას და მაგათ ადამიანობას!

რედაქტორის რჩევით