"პარლამენტარები სიჩქარის ლიმიტის გაზრდასაც კი მოითხოვდნენ" - კვირის პალიტრა

"პარლამენტარები სიჩქარის ლიმიტის გაზრდასაც კი მოითხოვდნენ"

"შარშან ნასვამობის გამო 35 ათასი მძღოლი დაჯარიმდა"

როდის ამოქმედდება საგზაო უსაფრთხოების კანონი, რა შემთხვევაში ჩამოაკლდება მართვის მოწმობას ქულები, როდის დაკარგავს მას მძღოლი და რომელი რეგულაციების გამკაცრებას არ დათანხმდნენ პარლამენტარები? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" "ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, ექსპერტი ეკა ლალიაშვილი ესაუბრა:

- იმ მუხლების ამოქმედებაც კი, რაც მართვის მოწმობისთვის ქულების მინიჭებას და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას გულისხმობს, საგზაო უსაფრთხოებაში გარდატეხას მოახდენს.

უკონტაქტო პატრულირების დროს სპეციალური ავტომობილი პოლიციის აღმნიშვნელი ნიშნის გარეშე ივლის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე. სამოქალაქოსამოსიანი პატრულის თანამშრომლები ვიდეორეგისტრატორით დააფიქსირებენ დარღვევებს.

კანონი მნიშვნელოვნად მკაცრდება მთვრალი, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის.

სამართალდამრღვევს მართვის უფლება ჩამოერთმევა ერთი წლით და მხოლოდ მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემთხვევაში აღუდგება. ჯარიმის გადახდის უფლება სამი თვის შემდეგ მიეცემა. დღეს მოქმედი წესებით, ამავე დარღვევისთვის მძღოლს 6 თვით ჩამოართმევენ მართვის უფლებას, თუმცა შეუძლია ჯარიმა გადაიხადოს და მართვის მოწმობა დაიბრუნოს.

გამკაცრდა ჯარიმა მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობის შემთხვევაშიც - საჯარიმო თანხა ათიდან 30 ლარამდე გაიზარდა, ასეთი დარღვევისას მართვის მოწმობას 10 ქულა დააკლდება. კანონი 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ შსს-მ დამატებით ერთი თვე ითხოვა საგანმანათლებლო კამპანიის ჩასატარებლად. ამასთან, აუცილებელია გზების საგზაო ნიშნებით აღჭურვაც.

- თქვენ ითხოვდით, რომ მთვრალ მძღოლებს კანონი უფრო მკაცრად მოჰქცეოდა.

- შარშან ნასვამობის გამო 35 ათასი მძღოლი დაჯარიმდა. ამიტომაც შევთავაზეთ პარლამენტარებს, მთვრალი, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლს ადმინისტრაციული სასჯელის ზომად პატიმრობა შეფარდებოდა. სამწუხაროდ, არ დაგვეთანხმნენ.

- თუ არ ვცდები, სიჩქარის ლიმიტის შემცირებასაც მოითხოვდით.

- იყო ამაზე საუბარი, თუმცა საკომიტეტო მოსმენებზე ამის შესახებ აღარაფერი გვითქვამს... ალბათ, იმიტომ, რომ პარლამენტარები სიჩქარის ლიმიტის გაზრდასაც კი მოითხოვდნენ. ისინი ძლივს დავარწმუნეთ, რომ ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა სიჩქარის ლიმიტის გაზრდას ვერ გაუძლებს. ამიტომ მდგომარეობა უცვლელი დარჩა. კერძოდ, ქალაქის შიდა გზებზე დასაშვებია 60 კმ/სთ სიჩქარე და შესაძლებელია მისი არა უმეტეს 15 კმ/სთ სიჩქარით გადაჭარბება, რაც არ ისჯება; მაგისტრალებზე კი დაშვებულია 110 კმ/სთ-ით მოძრაობა (ამ შემთხვევაშიც მხოლოდ 15 კმ/სთ-ით გადაჭარბება არ ისჯება).

- ითხოვდით, რომ სამ წლამდე ბავშვს მხოლოდ სპეციალური კალათა-სავარძლით უნდა ემგზავრა...

- ახალი რეგულაციებით, სამ წლამდე ბავშვის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია სავარძელი, თუმცა 16 წელს ზემოთ ნებისმიერ მოქალაქეს (უკანა სავარძელზე მჯდომი) უფლება აქვს, სამ წლამდე ბავშვი ჩაისვას კალთაში. "ვერ დავავალდებულებთ მოქალაქეებს, რომ აუცილებლად შეიძინონ ბავშვის გადასაყვანად სპეციალური სავარძელი", - ასეთი იყო პარლამენტარების არგუმენტი. ჩვენ ავუხსენით, რომ დარტყმის დროს ბავშვის წონა ათმაგდება და ვერავინ დაიკავებს მას. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ბავშვის ხელში დაჭერის შემთხვევაში უკანა სავარძელზე მჯდომი ვალდებულია, ღვედი გაიკეთოს. თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს ვერაფერს შეცვლის.

- ელით, რომ ახალი რეგულაციები საგზაო უსაფრთხოების სფეროში გარდატეხას მოახდენს?

- მხოლოდ ახალი წესები ვერაფერს შეცვლის, თუ კანონი არ აღსრულდა. მართვის მოწმობას ქულები ჩამოაკლდება როგორც პატრულის, ასევე კამერებით დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით. ვფიქრობ, საჭიროა პატრულის გადამზადება. გარდა ამისა, სისტემატურად უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია, რომ დარღვევებისთვის თანასწორად ისჯება ყველა, მიუხედავად თანამდებობისა, საზოგადოებრივი სტატუსისა. თუ ასე არ მოხდა, რეფორმა წარმატებას ვერ მოიპოვებს.

ახალი რეგულაციით:

სიჩქარის გადაჭარბება დადგენილზე (15-დან 40 კმ/სთ-მდე მეტი სიჩქარით) 10 ქულის ჩამოკლებით ისჯება, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისას - 20 ქულის ჩამოკლებით და 200-ლარიანი ჯარიმით. იმავე დარღვევის დროს, თუკი მძღოლს მგზავრები გადაჰყავს, მართვის მოწმობას 25 ქულა ჩამოაკლდება, თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო სიტუაცია მოჰყვა, 30 ქულა. საავარიო სიტუაციას თუკი სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, ქონების, ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ეს უკვე 40 ქულის ჩამოჭრით ისჯება. ასევე, მკაცრად ისჯება ღერძულა ხაზის გადაკვეთა, საპირისპირო ზოლში მოძრაობა და ა.შ. ასეთ შემთხვევებში ჯარიმაა 300 ლარის ოდენობით, მართვის მოწმობას კი 30 ქულა დააკლდება.

ეკა ასათიანი