"იმ ქვეყნადაც კარგი კაცები განისვენებენ, როგორც გივი ამბობდა, იქაც იქნება თეატრი!" - ღიმილის კაცი, რომელსაც მაყურებლის სიყვარული ერგო "ჰონორარად" - კვირის პალიტრა

"იმ ქვეყნადაც კარგი კაცები განისვენებენ, როგორც გივი ამბობდა, იქაც იქნება თეატრი!" - ღიმილის კაცი, რომელსაც მაყურებლის სიყვარული ერგო "ჰონორარად"

ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდესაც "კვირის პალიტრამ" 80 წლის იუბილე მიულოცა, მაშინ დავწერეთ: "ეკრანისა და სცენის ღიმილი - ასე შეიძლება დაახასიათო ორი სიტყვით... ის არის ადამიანი, რომელიც თანაბრად უყვართ სოფლებსა და ქალაქებში, მისი თანაბრად ესმით სწავლულებსა და გლეხებს..." და ამაში გადაჭარბებული არაფერი ყოფილა.

ხშირად ხუმრობდა, მე და პრეზიდენტი ბუში ორი კაცი ვართ მსოფლიოში, ვისი სახელიც ქუჩებს სიცოცხლეშივე დაარქვეს. ორივე ქუჩა საქართველოშია, ერთი აეროპორტის გზაზე, მეორე კი სოფელ კოლაგში - გივი ბერიკაშვილის გამზირიო.

ბოლოს ხუმრობდა თურმე, არ მინდა სიკვდილი და თუ მოვკვდები ოდესმე, იმედი მაქვს, იქ ერთი თეატრი გახსნილი ექნებათ ჩემებს და დამასაქმებენ, უსაქმოდ რა გამაჩერებს, კაცოო...

კახი კავსაძე: - დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს ტკივილს იზიარებს! დიდი მადლობა, ბატონებო! ვერანაირი სიტყვები ვერ აღწერს, იმდენად დიდი დარტყმა მივიღე! გივი ჩემი ძმა და უახლოესი ადამიანი იყო! 50 წელი ერთად ვიყავით, ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვმუშაობდით და ასე დაიხურა ქუდი და წავიდა - დამტოვა! მეგონა, გამოვიდოდა ამ მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ ასე არ მოხდა... მთელი ქართული თეატრალური სამყაროდან ძალიან ძლიერი, კეთილი ძალა წავიდა. კაცი, რომელსაც ყველა უყვარდა და რომელიც ყველას უყვარდა!

ნიკუშა შენგელაია: - უნიჭიერესი, ერთგული და სათნო კაცი წავიდა ჩვენგან... უზარმაზარი ტკივილია ჩემთვის და მთლიანად ჩემი ოჯახისთვის! გივი ბერიკაშვილის და სოფიკოს ურთიერთობა სულ იუმორი და სიკეთე იყო! მახსოვს, გივიმ როგორ განიცადა სოფიკოს წასვლა, როგორც ოჯახის წევრები განვიცდიდით, ზუსტად ისეთ დღეში იყო... სოფიკოს გარდაცვალების შემდეგაც ბატონ გივისთან ძალიან ვმეგობრობდი... საერთოდ ის თაობა განსაკუთრებული იყო თავის ნიჭით, თავმდაბლობით და შრომისმოყვარეობით!

მერაბ კოკოჩაშვილი: - ეს იყო ადამიანი, რომელსაც სიხარული მოჰქონდა თავის არსებობით, თავის შემოქმედებით, ადამიანებთან ურთიერთობით, იშვიათი იუმორით... ეს ყველაფერი იმდენად გამოიხატა მის შემოქმედებაში, რომ დღეისათვის გივი ბერიკაშვილი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობია საქართველოში. სიყვარული მოდის იმის საპასუხოდ, რასაც ნიჭიერებით და ინტელექტით გასცემს ადამიანი.

ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია გივის გარდაცვალება, რადგან ძალიან მინდოდა კიდევ ერთ ფილმში გადამეღო. ამის შესახებ ვისაუბრეთ კიდეც ამ ცოტა ხნის წინ გივი ბერიკაშვილმა, კახი კავსაძემ და მე... ეს ფილმი იქნებოდა გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი, ვინაიდან ჩოხელის მოთხრობას დაეფუძნებოდა. მოგეხსენებათ, გივიც და კახიც გოდერძი ჩოხელის უსაყვარლესი მსახიობები იყვნენ...

რაც შეხეება გივის კინო როლებს, მისი პირველი როლი ჩემს ფილმთან არის დაკავშირებული. ერთ ფილმში ორი პატარა ეპიზოდური როლი შეასრულა. ერთი გმირი ახალგაზრდა იყო, მეორე - მოხუცი. იმჟამად გივი სრულიად ახალგაზრდა იყო, ახალდამთავრებული ჰქონდა თეატრალური უნივერსიტეტი და ორი აბსოლუტურად განსხვავებული როლის განსახიერება შესანიშნავად შეძლო, რადგან უნიჭიერესი ადამიანი იყო! ვამბობდით, პირველი როლი რომ ერთად შევქმენით, იქნებ ბოლოც ერთად მოგვესწრო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით...

ამირან შალიკაშვილი:

- მარჯანიშვილის თეატრში ერთად ვმუშაობდით და მე მისი მსგავსი პარტნიორი იშვიათად მახსენდება! განსაკუთრებულად კარგი ხასიათის ადამიანი იყო! მისი მეუღლე - ლეილა კაპანაძე ჩემი მეტყველების პედაგოგი გახლდათ. მახსოვს, ქალბატონი ლეილა დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და გივი მის ნაცვლად მოვიდა. იგი ლექციაზე მაგიდაზე შემოჯდა და სტუდენტებს მოგვმართა - რა ვქნათ ახლა ჩვენო? - პედაგოგობა და უფროსობა კი არ დაგვიწყო, ასე ხალისიანად დაგვიმეგობრდა. არნახული ურთიერთობა გვქონდა იმ პერიოდის განმავლობაში. გივი შეუდარებელი მეგობარი იყო. შემოირბენდა ხოლმე ჩემთან თეატრში და ბევრს ვხალისობდით...

იმედა კახიანი:

- გივი დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემთან იყო მცხეთაში სტუმრად. ერთი პატარა ჭიქა ღვინო დალია. ნელ-ნელა მოსვა რამდენჯერმე... კახელი კაცი იყო, დალევა უყვარდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ სვამდა, დაილოცებოდა, ჭიქას აკოცებდა და დადგამდა ხოლმე ... საშინლად განიცდიდა ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა.

რაც შეეხება გივი ბერიკაშვილს, როგორც მსახიობს - კინოშიც და თეატრშიც ძალიან მართალი მსახიობი გახლდათ! ეს უზარმაზარი ნიჭიერებაა, რომელიც განსაკუთრებულად დასაფასებელია! საოცარი იუმორის კაცი იყო! ალალად და გულღიად ამბობენ ყველაფერს... გულდამწვარი ვარ! გივის ავადმყოფობის არაფერი ეტყობოდა! თავის ფეხით მოვიდა ჩემთან სტუმრად, მაღალი კიბეები ამოიარა, სამი საათი ვისაუბრეთ, მოვეფერეთ ერთმანეთს და მერე დამემშვიდობა, თურმე სამუდამოდ... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! იმ ქვეყნადაც კარგი კაცები განისვენებენ, როგორც გივი ამბობდა - იქაც იქნება თეატრი!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)