"რა ქათამმა დადო ამისთანა?" - საბჭოეთი და სააღდგომო კურიოზები - კვირის პალიტრა

"რა ქათამმა დადო ამისთანა?" - საბჭოეთი და სააღდგომო კურიოზები

"კვირის პალიტრის" არქივი

ქართველები აღდგომას ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ამ რელიგიურ ზეიმს ოფიციალურად გვიკრძალავდნენ. ალბათ მიხვდით, რომ საუბარი კომუნისტების თითქმის 70-იან წლიან ბატონობაზე მაქვს. რეპრესიების მიუხედავად, ჩვენი წინა თაობები მამა-პაპათა ტრადიციებს არ არღვევდნენ და აღდგომას სრულიად საქართველო ხვდებოდა.

დღევანდელი წერილის გმირები ჩვენი საზოგადოების ცნობილი პიროვნებები არიან, რომლებიც კომუნისტების დროინდელ საქართველოს და აღდგომის დღესასწაულებს გაიხსენებენ.

ნიკო ლეკიშვილი, თბილისის ყოფილი მერი:

- ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა ისეთ პერიოდს დაემთხვა, როცა საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა აკრძალული იყო და ფარულად ვმონაწილეობდით. წითელი კვერცხით სკოლაში რომ გამოჩენილიყავი, არც შენ დაგადგებოდა კარგი დღე და არც მშობლებს. მე-6 კლასში ვარ, სკოლაში სააღდგომო კვერცხები წავიღე, მოვქუჩდით მყუდრო ადგილას ერთი ათი ბიჭი და წავიდა გახურებული შეჯიბრი დამტვრევაში. როგორც წესი, გამარჯვებული მოწინააღმდეგის გატეხილ კვერცხს თავის ჯიბეში იდებდა, რომ მერე შეეჭამა. აზარტში ვართ შესული და უცებ სასწავლო ნაწილის გამგე წამოგვადგა თავზე:

- ჰაიტ, თქვე სამარცხვინო პიონერებო! მე თქვენ გასწავლით ჭკუას! - მოგვხვია ყველას ხელი და დირექტორთან, ალიოშა ცინცაძესთან შეგვიყვანა, შესანიშნავი პიროვნება იყო, ტრადიციების დიდი მიმდევარი.

- ამხანაგო დირექტორო, - ეუბნება, - ესენი საბჭოთა ქვეყნის პროლეტარიატისა და კომუნიზმის მტრები არიან. სკოლაში წითელი კვერცხებით მობრძანდნენ და ერთმანეთს ურტყამდნენ.

- რას მელაპარაკები! - გაიკვირვა, - აბა, რომელმა გაიმარჯვა?

- მე, - ამოიკნავლა ერთ-ერთმა, მაგრამ თქმა არც უნდოდა, ისე ჰქონდა გამობერილი ჯიბეები ჩვენი გატეხილი კვერცხებით.

- პატიოსნად მოიგე?

- კი, - ლამის ატირდა.

- რა ქათამმა დადო ამისთანა? - გაოცდა ბატონი ალიოშა და ჯიბიდან წითელი კვერცხი ამოიღო, - მოდი, ჩამირტყი.

სასწავლო ნაწილის გამგეს პირი დარჩა ღია. გაწითლდა, გამწვანდა, ხმას ვეღარ იღებს.

- ტრადიციის დავიწყება არ შეიძლება, - გახედა დირექტორმა.

- ახლავე მოვალ, - კარისკენ გაიწია.

- რად მიდიხარ?

- ჩანთაში კვერცხი მეც მიდევს, მოვიტან...

ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი:

- როცა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი აღდგომა დღეს შემხვედრს ეუბნება, ქრისტე აღსდგაო, პასუხობენ - ჭეშმარიტადო. რატომ? რატომ პასუხობენ ჭეშმარიტადო? იმიტომ, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ეს ბევრმა არ იცის.

ბავშვობაში სოლოლაკში ვცხოვრობდით ჯაფარიძის 13-ში. მეზობლად ჩვენი ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. მახსოვს, აღდგომა დილით მესამე სართულიდან ქუჩისკენ ჩარბოდა ჩემი ათი წლის ძმა - ჯიმი. იქვე, კიბის თავში ხვდებიან ბატონი კონსტანტინე გამსახურდია და ბავშვთა ექიმი, პროფესორი ვასო მჭედლოვი. გაქცეულ ჩემს ძმას ძია ვასო უყვირის:

- ჯიმი, ბიჭო, სად გარბიხარ, ქრისტე აღსდგა, ქრისტე!

- ვიცი, ძია ვასო, ვიცი! - მოაძახა ჩემმა ძმამ.

ძია ვასო დაიბნა, ასეთ პასუხს არ ელოდა და ბატონი კონსტანტინე ღიმილით ეუბნება:

- თავი დაანებე, ვასო, სცოდნია და რაღას ახსენებ…

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ, ეს უკვე მოგვიანებით შემემთხვა, წითელი პარასკევია. მე, ზაურ ბოლქვაძე, ნოდარ დუმბაძე და ოთარ მამფორია რესტორან "თბილისში" ვსხედვართ, "პახმელიაზე" გამოვდივართ. დიდი ფულის პატრონი არც ერთი ვიყავით და შეკვეთაც შედარებით მოკრძალებული გვქონდა. უცებ, იქვე ჩაგვიარა იუმორით სავსე პიროვნებამ, ჩვენი რაიკომის პირველმა მდივანმა ავთო საყვარელიძემ, სუფრას მოუახლოვდა, დაგვლოცა და ბოლოს გვეკითხება:

- ბიჭებო, შეგიძლიათ, თამამად იქეიფოთ, გადახდილია.

ასეთი საჩუქარი ცოტა მოულოდნელი იყო და დავიბენით. საყვარელიძემ ეს შეამჩნია და გაეცინა:

- არ გატყუებთ, მართლა გადახდილია, რადგან დღეს ჩვენი, კომუნისტების საზეიმო დღეა, წითელი პარასკევი...

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)