"ქვა გესაუბრება" - გრანიტის ლოდებში ნაკვეთი სამარადისო სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"ქვა გესაუბრება" - გრანიტის ლოდებში ნაკვეთი სამარადისო სიცოცხლე

ყაზბეგში, სოფელ სნოში, მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილის ღია ცის ქვეშ მოწყობილი არაჩვეულებრივი გამოფენა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა

მერაბ ფირანიშვილი: "ბევრი წელი გავა, ალბათ, საუკუნეებიც და ეს ქანდაკებები დარჩება"

პირველად ყაზბეგის ქანდაკება გავაკეთე, რამაც აქაურების აღტაცება გამოიწვია. მგონი, იდეამ გაამართლა. წლების წინ ხშირად მოდიოდა პატრიარქი. ძალიან მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი

როგორც ამბობს, ქვასთან ჭიდილი და მისი ქანდაკებად ქცევა ქართველ მიქელანჯელოდ  წოდებულმა მოქანდაკემ, მერაბ ბერძენიშვილმა ასწავლა. ახლა უკვე ქვაში თვითონ აცოცხლებს საქართველოს ისტორიას და ჩვენი ქვეყნის წარსულს აწმყოსა და მომავალს უკავშირებს... მერაბ ფირანიშვილს მხოლოდ საქართველო არ იცნობს - მისი სახელი, უნიკალური ნამუშევრების წყალობით კარგა ხანია, გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. იგი მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი გამოცემის ფურცლებსა თუ წამყვანი ტელევიზიების ეთერში არაერთხელ მოხვედრილა. თვითონ ამაზე არ უზრუნია - მსოფლიო წარმატება ყაზბეგში, სოფელ სნოში, ღია ცის ქვეშ მოწყობილმა არაჩვეულებრივმა გამოფენამ განაპირობა.

"პატრიარქს მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი"

ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ სნოში რომ გადაუხვევთ, მთის ძირას, არაჩვეულებრივი გამოფენა დაგხვდებათ. ექსპონატები ღია ცის ქვეშ ფერდობზეა შეფენილი. სუნთქვა გეკვრის და ისედაც ულამაზესი ბუნების ფონზე უნებურად ერთი ფრაზა აგეკვიატება: "ქვაში გაცოცხლებული საქართველოს ისტორია". ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, შოთა რუსთაველი... ადამიანებს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, მოქანდაკემ ერთად მოუყარა თავი და გრანიტის ლოდებში გააცოცხლა, მათ ისედაც უკვდავ სახელებს, ახალი სული ჩაჰბერა და არაჩვეულებრივი გამოფენა მოაწყო. თავად ავტორი ყოველ დილით აქ მოდის და მთელ დღეს ატარებს. ამ ადგილას ტურისტები ყოველთვის ჩერდებიან და ნანახით აღფრთოვანებულები სამახსოვრო ფოტოებს იღებენ.

მერაბ ფირანიშვილი, მოქანდაკე: "დარიალის ხეობიდან მხოლოდ ის ქვები მომაქვს, რომელშიც გამოჩენილი წინაპრების სახეებს ვხედავ. თავიდან ხელით, ჩაქუჩითა და დამხმარე იარაღებით ვაქანდაკებდი, შემდეგ სპეციალური აპარატი შევიძინე და გამიადვილდა მუშაობა. ერთდროულად რამდენიმე მონუმენტზე ვმუშაობდი. მერე, დრო რომ გადის, კიდევ ვამუშავებ დეტალებს. ახლა ვფიქრობ, რომ ყველა ნამუშევარი დასრულებულია, თუმცა შეიძლება გავიდეს დრო და ისევ დავამუშაო.

ამ ადგილს ფითაჯურს ეძახიან. ადრე ხშირად ჩამოდიოდა ზვავი და მოსახლეობა ამ ადგილს ერიდებოდა. 1984 წელს მომივიდა იდეა, ლოდებისგან ქანდაკებები შემექმნა და თავი ერთად მომეყარა. მინდოდა, ჩვენი ქვეყნის ისტორია ტურისტებისთვის ადვილად გასაგები და აღსაქმელი ყოფილიყო და ქვეყნის ყველა ღირსეული მოღვაწის შექმნა გადავწყვიტე. თავიდან ვფიქრობდი, 500-მდე ქანდაკება გამეკეთებინა, თუმცა ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო მაშინაც და დღესაც - ხეობიდან ქვების მოტანა ძვირია, აპარატი, რომლითაც ვმუშაობ, ბევრ საწვავს მოიხმარს. ამ ყველაფერს ხომ უსასყიდლოდ ვაკეთებ.

პირველად ალექსანდრე ყაზბეგის ქანდაკება გავაკეთე, რამაც აქაურების აღტაცება გამოიწვია. მგონი, იდეამ გაამართლა. წლების წინ ხშირად მოდიოდა პატრიარქი. ძალიან მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი".

ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ქანდაკებაზე მუშაობს - კვარცის ლოდისგან უფლის სახე უნდა გამოაქანდაკოს.

"ლექსი მესიზმრა..."

მისი ქანდაკებები სნოში საპატრიარქოს რეზიდენციის ეზოში და სოფლის მთავარ სალოცავთან, წმინდა გიორგის ნიშთან დგას. სწორედ აქ იმართება ათენგენობა.

80-იან წლებში, სნოში, კვირიას მთაზე, ტაძრის ნანგრევებზე ეკლესიის აშენება გადაწყვიტა. ტაძრის ნანგრევებზე ახალი კედლები ამოიყვანა, გადახურვა ვეღარ შეძლო. ფიქრობს, რომ ამის საშუალებას მალე გამონახავს და ტაძრის მშენებლობას დაასრულებს.

"ბევრი შემოთავაზება მქონდა უცხოეთიდან, მაგრამ სხვაგან ფუფუნებაში ცხოვრებას, მშობლიურ სნოში ვამჯობინე დარჩენა. როცა ქვაზე ვმუშაობ, მაშინ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. ცოცხლობ მაშინ, როცა იმ საქმეს აკეთებ, რაც გიყვარს. ერთ ღამეს ლექსი მესიზმრა, მაშინვე გამოვიღვიძე და რომ არ დამვიწყებოდა, ჩავიწერე:

"უხსოვარ დროით გელოდები

ობოლი ლოდი,

შენ კი ვერ მხედავ მოქანდაკე, უგრძნობი ლოთი,

ხელით მომწმინდე, უკუნეთი

გზა გამინათე,

სახე მზის სხივით გელოდები

აქა ვარ მოდი".

ხომ ამბობენ, თიხა მღერისო, ქვა გესაუბრება...

მერაბ ბერძენიშვილის მოსწავლე

სოფლის ოღროჩოღრო გზას მივუყვებით და ფიქალით ნაშენ სახლებს ვათვალიერებ. ორღობის ბოლოს მერაბ ფირანიშვილის სახლია. მასპინძელი შინ გვეპატიჟება. ოთახში მამაპაპისეული ძველი ავეჯი დგას, აქვე მისი ქანდაკებები და ნახატებია გამოფენილი. ფიქალით გადახურული სახლის სახურავი რამდენიმე თუნუქით შეცვალა. ძველი სახურავის ბრტყელ, კლდის ქვასაც ახალი სული ჩაჰბერა და მასზე ამოკაწვრის მეთოდით ხატვა დაიწყო. ძირითადად, სნოს პეიზაჟებს ხატავს. განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს პედაგოგს, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

"სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებისას, ფერწერის ფაკულტეტზე მინდოდა სწავლის გაგრძელება. ჩემი დები ქირით ცხოვრობდნენ მხატვრების უბანში. მერაბ ბერძენიშვილი ჩემი დების მეზობელმა გამაცნო. მან მირჩია, ქანდაკება სცადე, ის უფრო შენი მგონიაო. ასეც მოვიქეცი. იმ პერიოდში აკეთებდა გიორგი სააკაძის ქანდაკებას. ლექციების შემდეგ სახელოსნოში ვეხმარებოდი. ბედნიერი ვარ, რომ მერაბ ბერძენიშვილის ერთადერთი, პირველი და უკანასკნელი მოსწავლე ვიყავი. ჩემ გარდა მას შეგირდი არ ჰყოლია. მასთან გარდაცვალებამდე მქონდა ურთიერთობა. ყოველთვის ვეკითხებოდი აზრს და კარგ რჩევა-დარიგებებს მაძლევდა. გენიალური ადამიანი იყო. როცა ღია ცის ქვეშ გადავწყვიტე ქანდაკებების გაკეთება და მათი ერთად თავმოყრა, ეს იდეა პირველს მას გავაცანი. მერე როცა ქანდაკებები გავაკეთე, ჩამოვიდა, მოეწონა და შემიქო. როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, როგორც მოქანდაკე, ბატონმა მერაბმა მითხრა, მაინც კარგად დაფიქრდი, მზად ხარ? იცი, რამდენ შრომას ითხოვს ეს პროფესიაო?! დღეს ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ქანდაკების გარეშე. ვიცი, ბევრი წელი გავა, ალბათ, საუკუნეებიც და ეს ქანდაკებები კი დარჩება".

P.S. ამ საოცარმა გამოფენამ, ქვაში გაცოცხლებული ღვაწლმოსილი ქართველების ქანდაკებებმა მთებში ჩაკარგულ ზვავსაშიშ მინდორს სამარადისო სიცოცხლე შესძინა. შემოქმედის თვალით დანახულ სნოს კი მეც ვხედავ, ისევე, როგორც ყველა გამვლელ-გამომვლელი თუ იქაური. ვხედავ ერთ დროს ხეობაში პირქუშად მდგარ უზარმაზარ ლოდებს, რომლებიც ჩემი საქართველოს ისტორიაზე მესაუბრებიან. ხმაც მესმის, წარსულის გამოძახილი. ეს ის ხმაა, რომელიც არასოდეს დადუმდება...

თორნიკე ყაჯრიშვილი