"დეპარდიე "ჭკუამხიარული" კაცია" - ქართველი, რომლის ნახატები მსოფლიო ვარსკვლავების კოლექციებს ამშვენებს
27-04-2017
"დეპარდიე "ჭკუამხიარული" კაცია" - ქართველი, რომლის ნახატები მსოფლიო ვარსკვლავების კოლექციებს ამშვენებს
"თითქმის 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი სახლი ვნახე ოჩამჩირეში..."

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუკზე"­ ენტონი ჰოპკინსის ვიდეოს წავაწყდი, სადაც ჰოლივუდის მსახიობი იგორ ჭოლარიას საჩუქრისთვის მადლობას უხდიდა. რა თქმა უნდა, უცებ მოვი­ძიე "გუგლში" და ასე აღმოვაჩინე ქართველი მხატვარი, რომელსაც მსოფლიო იცნობს. იგორ ჭოლარია 1959 წელს ოჩამჩ­ირეში, აფხაზეთში დაიბადა. ხელოვანის ვებგვერდის დათვალიერების შემდ­ეგ მივხვდი, რომ საქართველოში ბოლოს დიდი ხნის წინ ყოფილა. როგორ მოხვდა ქართველი ხელოვანი მოსკოვში და ვინ არიან ის ცნობილი
ადამიანები, ვინც იგორ ჭოლარიას ნახატებმა აღაფრთოვანა, ამაზე თავად გიამბობთ.

- ზღვის სანაპირო ზოლში ვცხოვრობდით, ამიტომ ბავშვობის მოგონებები მეგობრებთან ერთად ზღვაზე გატარებულ დღეებს, მთაში ლაშქრობებს, ჩვენს გაკეთებულ ნავებს, მანდარინებსა და თეთრ მაგნოლიებს უკავშირდება, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახსაც, როდესაც ბედნიერად ვცხოვრობდით შავი ზღვის პირას.

- როგორი
იყო თქვენი შემოქმედებითი­ გზა?

- ჯერ არ გამივლია, შუა გზაზე ვარ. სირთულეები­ მხოლოდ მაძლიერებს, ტყუილად არ ამბობენ,"რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. როგორც დ"არტანიანი მახვილით, ისე ვიცავდი თავს პრობლემებისგან ჩემი ფუნჯით და ყოველ ბრძოლას ვასრულებდი შეძახილით: "დიდება მეფეს", ამ შემთხვევაში, მეფე ხელოვნებაა.

- თქვენი ნახატები პირად კოლექციებში აქვთ "კრისტიან დიორის სახლს", ენტონი­ ჰოპკინსს, ლუჩანო პავაროტის, მადონას, კლაუდია შიფერს, ჯონ გალიანოს, ჟერარ დეპარდიეს, პიერ რიშარს და ა.შ. შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელიმე მათგანთან შეხვედრა?

- განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ორი მათგანი - ჟერარ დეპარდიე და ლუჩანო პავაროტი. დეპარდიეს სუფრაზე შევხვდი, ლუდს ვსვამდით და ვსაუბრობდით ღვინოსა და ხელოვნებაზე, იმაზე, რომ მეღვინეობას, ისევე როგორც ფერწერას, გემოვნებისა და ტემპერამენტის შერწყმა სჭირდება. ტყუილად კი არ ეძახიან ევროპაში­ მხატვარს არტისტს. დეპარდიე მხიარული­ კაცია, ფრანგულად ჭკუამხიარული და მსუბუქია, მაგრამ როდესაც მეღვინეობაზე დაიწყო საუბარი, თვალები ქართული ტემპერამენტით აევსო. ბედნიერი იყო, რომ მის კოლექციას ჩემი ნახატი შეემატა. მეც ხშირად მაგონდება ეს მსუქანი კაცი, რომელიც ისეთივე პლასტიკურობით გამოირჩევა, როგორითაც ბალერინა...

აუცილებლად უნდა გავიხსენო პავაროტიც. მე ძალიან მიყვარს ოპერა, ლუჩანოს, როგორც ღმერთს, ისე შევყურებდი. ვილაპარაკეთ ჩემს შემოქმედებაზე, მანაც მიამბო თავისი, როგორითაც მოყვარული მხატვრის გამოცდილების შესახებ. შემდეგ ჩემი ნახატი ორივე ხელით ზემოთ ასწია, თითქოს უნდოდა, მთელი ქვეყნისთვის ეჩვენებინა.

- როგორ აფასებთ რუსულ-ქართულ ურთიერთობას?

- ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა. თითქმის 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი სახლი ვნახე ოჩამჩირეში. მიუხედავად ამისა, მე უკეთესობის იმედი მაქვს, მე მჯერა საღი აზრის, რომ სამართალი იზეიმებს.

- ხომ არ გეგმავთ თბილისში გამოფენას? თქვენი პერსონალური გამოფენა საქართველოში ბოლოს 1988 წელს იყო.

- ყოველთვის ვოცნებობდი გამოფენაზე თბილისში და დავთანხმდები ნებისმიერ შემოთავაზებას. ქართველებს მინდა ვუსურვო მხოლოდ ერთი რამ: დარჩნენ მხიარულ, არაჩვეულებრივ და ყველაზე ნიჭიერ ერად მთელ პლანეტაზე.

ნინო წიფურია
ნინო წიფურია
28 აპრილი 2017 13:19
ირინე, მადლობა, რომ მოგწონთ და კითხულობთ
ir ine
27 აპრილი 2017 18:37
რა სამწუხაროა რომ უნიჭიერესი ქართველი ხელოვანები და არა მარტო,სამშობლოს გარეთ მოღვაწეობენ და ბევრს არც ვიცნობთ,ძალიან მომეწონა ნამუშევრები.მადლობა ნინო წიფურიას.
Ani
27 აპრილი 2017 13:09
Martali da chkvianuri azri---- kartvelebma unda Ipovon dzala da sheinarchunon is saxeli rac moopoves drota ganmwvlobashi!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები