"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს

მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთელი, ქრისტე-ყოვლისმპყრობელის (პანტოკრატორის) ხატი და წიგნი წმინდა ცეცხლის სასწაულების შესახებ

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. "კვირის პალიტრა" არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს ქრისტე-ყოვლისმპყრობელის (პანტოკრატორის) ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს.

სანთლები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. ქრისტე-ყოვლისმპყრობელის (პანტოკრატორის) ხატი კი, რომელიც ამჯერად თქვენს ოჯახებში შემობრძანდება, XII საუკუნის იმ სასწაულმოქმედი ხატის ასლია, რომელიც კვიპროსში, კიკოსის მონასტრის მუზეუმშია დაბრძანებული.

ხატები და სანთლები სტამბა "კოლორში" კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა.

მამა არჩილი: - სრულიად საქართველოს, თითოეულ მართლმადიდებელს, ღვთის თითოეულ შვილს, სიმართლის მაძიებელ და მოყვარულ ადამიანებს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა მრავალს, ჯანმრთელად, სიხარულით, ქრისტეს მადლით და აღდგომის ბრწყინვალებით დაგასწროთ ახლობელთან და ყველა მომხსენებელთან ერთად.

"კვირის პალიტრა" მრავალი წელია თანაუდგას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს მოსახლეობისათვის სიკეთის კეთებასა და ღვაწლში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხატის შოვნა ძალიან ჭირდა, საკმაოდ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის ხატებს საჩუქრად უძღვნიდა მკითხველს. ეს ტრადიცია, მადლობა ღმერთს, გრძელდება და 2017 წლის აღდგომისათვის მკითხველი, "კვირის პალიტრის" სააღდგომო ნომერთან ერთად, საჩუქრად მიიღებს მაცხოვრის ხატს სანთელთან ერთად. თითოეული მორწმუნისთვის ეს დიდი სიხარულია.

მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, რომ თითოეულ ნივთს, საგანს, თუნდაც მატერიას, აქვს უნარი, მიიღოს და დაიტიოს საღვთო მადლი. საღვთო მადლის მიმღებლობის უნარი აქვს, ცხადია, ხატსაც, ის სიწმინდის წყაროა. რა თქმა უნდა, არც ერთი მორწმუნე ხატს არ აკერპებს, ეს დაუშვებელია, მაგრამ ხატი სახეა მისა, ვისაც ჩვენ ვადიდებთ, წმინდა მამათა თქმით, ხატი ზეცის სარკმელია. ამ სააღდგომოდ ქრისტე-პანტოკრატორის, ანუ ქრისტე-ყოვლისმპყრობელის ხატს უძღვნის "კვირის პალიტრა" საქართველოს მორწმუნეებს და მკითხველს. ყოვლისმპყრობელი ქრისტე განასახიერებს იმას, რომ უფალი არის ყოვლად ძლიერი, ყველასთან არის, ყველას ხედავს და დავით მეფსალმუნის სიტყვებს თუ გავიხსენებთ - "როგორ გგონიათ, განა შეიძლება ის, ვინც ყური გააჩინა, ვინმესას არ ისმენდეს?! ის, ვინც თვალი გააჩინა, ვინმეს ვერ ხედავდეს?!" ჩვენ გვწამს, რომ ყოველივე, რაც ხდება, ხდება ღვთის მადლით, ღვთის წყალობით და ჩვენი სიკეთისთვის.

აღდგომის დღესასწაული არის განსაკუთრებით სასიხარულო თითოეული მორწმუნისათვის. ის დღესასწაულთა დღესასწაულია. სწორედ აღდგომით წესრიგდება და იწყება საეკლესიო დღესასწაულების რიგი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის არა მკვდართა, არამედ ცოცხალთა ღმერთი და, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, აღდგომა არის "სიკვდილით სიკვდილისა დამთრგუნველი", ქრისტეს აღდგომის დღესასწაული; თითოეული მართლმორწმუნე ელის აღდგომას და განახლებას, ჩვენი თითოეული დღე არის სწორედ აღდგომა იმისათვის, რომ ქრისტესთან ერთად ვიყოთ არა ზარმაცები, არამედ მებრძოლები, რომ წუთისოფელში იყოს მეტი სინათლე.

ქრისტეს ნათელი აბრწყინებდეს სრულიად საქართველოს და ყველა მართლმორწმუნეს, უფლის მაძიებელ თითოეულ ადამიანს. ღმერთი იყოს ყველა თქვენგანის მფარველი!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გაზეთთან ერთად, მკითხველი მიიღებს წიგნს "წმინდა ცეცხლი", რომელშიც ფაქტებითა და უტყუარი წყაროებით მოთხრობილია ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული.

ეკა სალაღაია