"მე, შავლეგიკო, პროვინციელ ბიზნესმენებზე მაღლა ვდგავარ"
17-04-2017
"მე, შავლეგიკო, პროვინციელ ბიზნესმენებზე მაღლა ვდგავარ"
"იცით, რა ლამაზი გოგონები მყავს?... ისინი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანები არიან"

სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ახალი პერსონაჟის - შავლეგიკო მადლიანის გამოჩენას ყველა დიდი ინტერესით ელოდა. მაყურებელი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როცა ვაკელი საქმოსნის როლში ყველასათვის საყვარელი ილო ბეროშვილი იხილა. ის უკვე რამდენიმე თვეა ტელეკომპანია "იმედის" სახე აღარ არის, სამაგიეროდ, "რუსთავი 2"-ზე სერიალში დაკავდა...

- ამას წინათ ჩემი მეგობარი შემხვდა,­ რომელიც "ფორმულა კრეატივის" თანამშრომელია. მოვიკითხე და მასთან საუბარში ქეთი დევდარიანით გამოვხატე
აღფრთოვანება. ქეთის ერთხელ შევხვდი, ადრე, როდესაც ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟს ეძებდნენ...

- ცოტნე ცოტაშვილად მოიაზრებოდით?

- იყო ამაზე საუბარი, თუმცა საქმე ქასთინგამდე არ მისულა, რადგან მაშინ "ჯეოსელში" ვიყავი დასაქმებული, თან გიორგი ბახუტაშვილმა ეს როლი ისე ითამაშა,
რომ ყველას დაამახსოვრა თავი...

მოკლედ, მოვიკითხე ქეთი და ისიც შევიტყვე, რომ ახალ პერსონაჟებს ეძებდნენ სერიალისთვის. ამ საუბრიდან მალევე ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ ქასთინგზე დამიბარა, შემდეგ - გადაღებებზე. ჯერ ეპიზოდში გამოვჩნდი - როგორც ხედავთ,­ ბიზნესმენების ცოლებმა ახალი კამპანია წამოიწყეს და ქმრების ჩათრევა სურთ ამ ამბავში. ამ ბიზნესმენებს რომ ვუყურებ, მე, შავლეგიკო, პროვინციელ ბიზნესმენებზე მაღლა ვდგავარ. აბა, ჩიკას როგორი შავლეგიკო ეყოლება?! ჩიკას როლის შემსრულებელი მაგარი გოგოა, შესანიშნავად "გრძნობს" ვაკეს, შავლეგიკო ხომ ვაკელი ბიზნესმენია. 90-იანები გამოიარა, იმ დროს "ვოლკი" იყო, ახლა ლეგალურ ბიზნესშია.

პროფესიით მსახიობი არ ვარ, დავამთავრე ფილოლოგიური ფაკულტეტი კავკასიური ენების განხრით. ნახევრად ჩერქეზი გახლავართ, დედაჩემი, თამარ უჯუხუ, 18 წლის ჩამოვიდა თბილისში. არნოლდ ჩიქობავასთან სწავლობდა, ჩემსავით ფილოლოგიურზე. ერთ-ერთი პირველი სიტყვა, რაც მან ტროლეიბუსში გაიგონა და თქვა, ამ ენას რა ისწავლისო, იყო: "წავიწიოთ წინ". ამდენმა წ-მ დამაბნიაო.

თბილისში დავიბადე, მაგრამ მალევე­ წამიყვანეს ჩერქეზეთში, მაიკოპის სოფელ ჯეჯეხაბიში. 4 წლამდე იქ ვიზრდებოდი. ენაც ჩერქეზულად ავიდგი. მამა ყვარლის­ რაიონიდან არის, ახალსოფლიდან. 2 წელი იქაურ სკოლაშიც ვისწავლე და საბოლოოდ თბილისშიI მე-6 გერმანული სკოლა დავამთავრე. ასე რომ, შეიძლება არც კი ვარ ღირსი, ვითამაშო შავლეგიკო, "იმენნა კარენნოი" თბილისელი.

ფეხბურთი ჩემი დიდი სიყვარული და დიდი ტრავმაცაა. 14 წლისამ დავიწყე თამაში და მალევე მოვხვდი "ვიტ ჯორჯიაში". 2 წელი გახლდით საქართველოს ჩემპიონი, უეფას თასზეც ვითამაშეთ. დიდი გეგმები მქონდა, თუმცა ქრონიკული ტრავმა მივიღე და... როგორც კი ფეხბურთს შევეშვი, ალტერნატიული მუსიკის მიმდევართა შორის აღმოვჩნდი.

- ტელესივრცეში როგორ მოხვდით?

- ერთ-ერთი სარეკლამო სტუდია თანამშრომლობდა "ჯეოსელთან", რომელიც მათთვის რეკლამას იღებდა. ქასთინგის შედეგად ამ კლიპში გადამიღეს. შემდეგ, როგორც "კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს", ინტერნეტში 3 დღის განმავლობაში 16 საათი ვლაპარაკობდი. ველოდი, რომ 2-3 ათასი მნახველი მეყოლებოდა, თუმცა მილიონ 200 ათასამდე ავედი, რასაც ისეთი პოპულარობა და შემოთავაზებები მოჰყვა, თავდაყირა დადგა ჩემი ცხოვრება. მოგვიანებით "იმედში" დავიწყე მუშაობა. თითქმის 4 წლის განმავლობაში ბევრი პროექტი მოვიარე, დიდი გამოცდილება მივიღე. "იმედში" რეორგანიზაციები რომ დაიწყო, სწორედ იმ დროს გადავწყვიტე, დამესვენა. თუმცა არც იმათ დაუგლეჯიათ კალთები. ამასობაში სერიალი გამოჩნდა.

- ოჯახზეც მიამბეთ.

- ჩემი მეუღლე "რუსთავი 2"-ის წამ­ყ­ვანი ნელი აგირბა იყო. გვყავს 2 გოგო - ევა და სესილი. იყო პერიოდი, როცა ჩემი ყოფილი მეუღლე მუშაობდა, მე კი ბავშვებს ვზრდიდი, პამპერსსაც ვუცვლიდი და კერძებსაც ვამზადებდი.

- ალბათ, ბევრი ჭორი გაგიგიათ საკუთარ თავზე. ერთ-ერთის მიხედვით, თქვენი­ ოჯახური ცხოვრება სასმელმა შეიწირა.

- ჭორია, თუმცა ერთხანს სასმელზე ძალიან ვიყავი დამოკიდებული. ისედაც ენერგიული ადამიანი ვარ და როდესაც ვსვამ­დი, თავზე ვიმხობდი ყველაფერს. უკვე ნახევარი წელია, აღარ ვსვამ, ვვარჯიშობ.

- ხელმეორედ დაოჯახებაზე არ გიფიქ­რიათ?

- ამას წინათ ჩემს გოგოს ზღაპრის პერსონაჟი მოეწონა და ვკითხე, მამიკო, ქერა გოგოები მოგწონს თუ შავგვრემანები-მეთქი. ეშმაკური ღიმილით მითხრა, რა ვიცი, შენ რომელიც გინდაო... ბევრი რამ შეიცვალა, მეტი სიმშვიდე მინდა, მეტი ურთიერთობა ბავშვებთან. იცით, რა ლამაზი გოგონები მყავს?... ისინი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანები არიან.

ეკა სალაღაია
nino
23 აპრილი 2017 20:20
ხოოოდა შეურიგდი მეუღლეს და იცხოვრე მშვიდად შენს ლამაზ ცოლ-შვილში. ძალიან დიდი წარმოდგენის ნუ ხარ შენს თავზე. ტყუილად დაანგრიე ოჯახი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები