ვისი მიზეზით ინგრევა ოჯახი? - კვირის პალიტრა

ვისი მიზეზით ინგრევა ოჯახი?

ცნობილ გამონათქვამს თუ დავუჯერებთ, "სიყვარული ცხოვრების სინათლეა, ქორწინების შემდეგ კი ელექტროენერგიის გადასახადი მოდის". მართლაც ბევრი წყვილი ვერ უძლებს იმ სირთულეს, რაც ოჯახურ ცხოვრებას ახლავს და ხშირად დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახიც იშლება. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს ყოველ ათ ქორწინებაზე ოთხი განქორწინება მოდიოდა. ფსიქოლოგების აზრით, განქორწინების ინიციატივა უმეტესად ქალს ეკუთვნის. რატომ ინგრევა ოჯახები და რა შეცდომებს უშვებენ ქალები ქორწინებამდე და ქორწინების შემდგომ? - ეს შეკითხვა ცნობილ ქალბატონებს დავუსვით:

"გადაყარეთ ხალათი და ფლოსტები!"

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი, მწერალი: - გოგონას ხშირად აქვს ზღაპრული წარმოდგენა ცხოვრებაზე. ამ ზღაპარში მისი რჩეული პრინცი უნდა იყოს - კაცი, რომელიც მხოლოდ საუკეთესო თვისებების მქონეა, მაგრამ რეალური ცხოვრება სულ სხვაა და ეს "პრინცი" ხშირად მეფედ კი არა, ბაყაყად გადაიქცევა ხოლმე. ასევე დიდი შეცდომაა, როდესაც გოგონები ადრეულ ასაკში თხოვდებიან. ხშირად ასეთი ოჯახები მშობლების ჩარევით იქმნება და ჯერ კიდევ გამოუცდელი გოგონები ე. წ. სარფიან ქორწინებებში ყოფენ თავს. ასეთი ოჯახი ერთ მშვენიერ დღეს საპნის ბუშტივით სკდება. შეცდომად მიმაჩნია, როდესაც ქალი თხოვდება, მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადააქვს. ვერ ხვდებიან, რომ მამაკაცს მუდმივად სჭირდება გვერდით ლამაზი სათამაშო და როგორც კი მისი მეორე ნახევარი ამ თვისებას კარგავს, ის ნელ-ნელა იწყებს "ალისკენ" სწრაფვას. მესმის, რომ ქალი იღლება ყოველდღიურად ოჯახისა და შვილების მოვლისგან, მაგრამ თუ გინდა, სიყვარული შეინარჩუნო, გარეგნობას ყურადღება უნდა მიაქციო.

ბებიაჩემი ვაჩნაძის ქალი იყო და ხშირად გვარიგებდა, ქალს საშინაო ტანსაცმელი არ უნდა ჰქონდესო. რომ გადავხედავ, მეც არა მაქვს საშინაო ტანსაცმელი, რომლითაც გარეთ ვერ გავალ. პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, თქვენს გარდერობში "საშინაო ტანსაცმლის" განადგურებაა.

"ოჯახს მამაკაცი ანგრევს"

თათა ვარდანაშვილი, დიზაინერი: - ჩემი აზრით, ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი მაინც კაცია. შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილებას ქალი იღებს, მაგრამ ეს მამაკაცის არასწორი, უხეში ქცევით არის განპირობებული. თანამედროვე მამაკაცებს საპირისპირო სქესისადმი მოკრძალება და პატივისცემა აკლიათ. ხშირად ქალები დიდხანს ითმენენ, მაგრამ ეს მოთმინება ბოლოს აგრესიაში გადადის და იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ჯობია ოჯახი დაინგრეს. ჩემი აზრით, ოჯახების 90% საქართველოში მამაკაცების მიზეზით ინგრევა, რადგან ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას. თუ კაცი მოინდომებს, ურთიერთობას აუცილებლად გადაარჩენს და შეინარჩუნებს.

"იცით, როგორი სუსტი ვიქნებოდი?"

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი: - ოჯახის დანგრევას მარტო ქალს ვერ დავაბრალებთ, კაციც დამნაშავეა. არც იმას ვიზიარებ, რომ ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები უფრო ხშირად ინგრევა. მე საკმაოდ გვიან შევქმენი ოჯახი, ჩემი მეგობარი კი 14 წლისა გათხოვდა. მე არ გამიმართლა, მას კი დღემდე უბედნიერესი ოჯახი აქვს. ქალების უმეტესობას ცხოვრება აიძულებს, მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. მე, მაგალითად, ყველა მეუბნება, რომ ძალიან ძლიერი ქალი ვარ. არადა, გვერდით ისეთი კაცი რომ მყავდეს, რომელიც პირობებს შემიქმნის, იცით, როგორი სუსტი და ზარმაცი ვიქნებოდი?

ხათუნა ჩიგოგიძე