"ბარში როცა ვარ, ჩემი სული მაინც მთაში ტრიალებს" - კვირის პალიტრა

"ბარში როცა ვარ, ჩემი სული მაინც მთაში ტრიალებს"

"მთა არ უნდა დაიცალოს, ხალხი უნდა დაბრუნდეს. ამასწინათ ერთი ოჯახი ჩამოვიდა, ვფიქრობ, სხვებიც დაემატებიან, ყველაფერი კი გზაზეა დამოკიდებული. ჩემთვის მტკივნეულია, მთა რომ იცლება, მთა მოსახლეობის გარეშე არაფერია"

"მესაზღვრეს კლდეში ჯიხვივით სიარული უნდა შეეძლოს, ფიზიკურად ძლიერი იყოს, რათა მთის მკაცრი კლიმატი აიტანოს. ჩვენი პროფესია ხომ ფიზიკური გამძლეობისა და სულიერი სიმტკიცის სინთეზია. როცა პროფესიას ირჩევ, შენს თავში უნდა ჩამოყალიბდე, ივლი თუ არა ამ გზით, უკან რომ აღარ მობრუნდე", - გვეუბნება პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული მამუკა ოჩიაური, რომელიც მესაზღვრის მისიას 2010 წლიდან მშობლიურ ხევსურეთში, კერძოდ, ბარისახოს #6 სამმართველოში ასრულებს. მანამდე თავდაცვის უწყებაში, კომანდოს ბატალიონში მსახურობდა, 2008 წლის მაისიდან აგვისტოს ომის დასრულებამდე ცხინვალის რეგიონში -  ნიქოზის ბაზაზე, ერედვში, დრო და დრო თამარაშენსა და აჩაბეთში იმყოფებოდა, სარაბუკის სტრატეგიულ სიმაღლეზეც უწევდა ყოფნა... მამუკა 4 შვილის მამაა, წერს ლექსებს და უკრავს სხვადასხვა სიმებიან ინსტრუმენტზე.

მამუკა ოჩიაური:

- ალბათ გენებმა იმძლავრა, ეს პროფესია და სამსახური რომ ავირჩიე. არხოტის ხეობის სოფელ ახიელიდან ვარ, იქ სახლიც მაქვს, ცოტა მისახედია, ხელის შევლება უნდა და ალბათ ამასაც მოვაბამ თავს.

ბავშვობიდან ვწერ ლექსებს, მინდა კრებული გამოვცე. მახსოვს, ჩემს პირველ ლექსს "მოგზაურობა ხევსურეთში" ერქვა. მას შემდეგ სულ იქ დავმოგზაურობ, ბარში როცა ვარ, ჩემი სული მაინც მთაში ტრიალებს. თითქმის ყველა ხევსური ლექსებს წერს, არხოტი ხომ პოეტების სამჭედლოა, ბევრი კარგი პოეტი გამოზარდა, მაგრამ მათ არ მიეცათ სარბიელი, დროში ჩაიკარგნენ... ჩვენში ბევრი სახალხო მთქმელი იყო და დროთა განმავლობაში მათი ლექსები გახალხურდა, ურიცხვი ლექსებია ხევსურეთზე და არხოტზე. მიყვარს სიმღერა, მუსიკა და ვუკრავ გიტარაზე, ბალალაიკაზე, ჩონგურზე, აკორდეონზეც. ძირითადად ჩემს ლექსებზე ვწერ მუსიკას და ვმღერი.

მესაზღვრის და ზოგადად ძალოვანის ცხოვრება, რეჟიმია. ჩემთვის ეს პროფესია ბევრს ნიშნავს და პირველ რიგში, მეამაყება. ვფიქრობ, რომ ვიპოვე ის, რაც ჩემია. ეტყობა ჩემს გენშიც ზის მენაპირე. მწვანე საზღვარზე ვდგავარ, იქ არაა სირთულეები, მაგრამ სიფხიზლე, ასი თვალი და ასი ყური აუცილებელია.

აუცილებელია გუნდური, კოლექტიური მუშაობა. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ, ეს ჩვენი ოჯახია. როცა პროფესიას ირჩევ, შენს თავში უნდა ჩამოყალიბდე, ივლი თუ არა ამ გზით, და თუ ჩამოყალიბებული დადგები, უკან მოტრიალების შანსი არ არსებობს. საინტერესოა და საპასუხისმგებლო მესაზღვრის მისია. მთაში მკაცრი პირობებია, მაგრამ შეგუებულები ვართ, არ გვიჭირს. მართალია, ადმინისტრაციულ საზღვარზე ვდგავართ, მაგრამ მესაზღვრეს მაინც დიდი სიფრთხილე და დაკვირვება მართებს. საფრთხე რომ არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, მოდუნდე - ყოველი საათი, წუთი, წამი ფხიზლად უნდა იყო, არაფერი უნდა გამოგეპაროს. აქამდე ფრინველების გარდა, არავის გადმოუკვეთავს საზღვარი, თუმცა ყურადღების მოდუნება არ ეგების.

პრობლემას რა დალევს მთაში... ხევსურებისთვის პირველი პრობლემა უგზოობაა. არხოტის უღელტეხილი ერთ-ერთი მაღალი უღელტეხილია და მგონია, მალე გადაიჭრება ეს პრობლემა. მთას რომ დაუბრუნდეს და იქ დამაგრდეს ახალგაზრდობა, საცხოვრებელი პირობები უნდა გაუმჯობესდეს. გზა რომ მივა, მერე ყველაფერი იქნება.

მთა არ უნდა დაიცალოს, ხალხი უნდა დაბრუნდეს. ამასწინათ ერთი ოჯახი ჩამოვიდა, ვფიქრობ, სხვებიც დაემატებიან, ყველაფერი კი გზაზეა დამოკიდებული. ჩემთვის მტკივნეულია, მთა რომ იცლება, მთა მოსახლეობის გარეშე არაფერია. ვინც იქ დასაქმდა, ყველამ მიხედა სახლ-კარს. სამომავლოდ შეიძლება მეც არხოტში გადავსახლდე.

ამჟამად ჩემი ოჯახი ვაზიანში, სამხედრო დასახლებაში ცხოვრობს, გვაქვს მეურნეობა,საქონელი და შინაური ფრინველი. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, ვუკრავ, ვმღერი და მეხსნება დაღლილობაც. ინსტრუმენტებზე დაკვრას შვილებსაც ვასწავლი, ვცდილობ, ახალი თაობა არ მოწყდეს ეროვნულ ფესვებს, ქართული ტრადიციები და ადათები შეისისხლხორცონ და გაითავისონ.

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. აქვე გთავაზობთ მამუკა ოჩიაურის ლექსს:

არხოტს

შენი სუნთქვა ვარ, ნიავი ჩუმი

შენი ზვავების გრიალი ბრაზი,

მაგ მდინარეთა უტყვი დუდუნი

და მაღალ მთებზე ყინულის ხაზი.

ზენა ქარი ვარ ნისლის მდევარი

და ქარაფებზე წვეთთა წკარუნი

შენზედ მლოცველი ბარის მძევალი

ლოდი ხავსებით გადაფარული.

.....

შენი ვარ, შენი განუყოფელი

დაუდუმები ამ მთებში ქნარი,

ხან გაცრეცილი მწირი სოფელი

ხან დაქცეული ვარ ნასოფლარი.

შენი ციხე ვარ აუღებელი,

ალპურ მდელოზე პირიმზე ლაღი,

ხან კი ქვითკირის ძველი კედელი

ანდა კედელში მოხრილი თაღი.

ხან ბალახებზე ცვარის ვარ მძივი

მიმოფანტული ალპურ მდელოზე

მე საუკუნოდ შენი ვარ შვილი

შეყვარებული საქართველოზე.