"იმაზე საშინელება არაფერია, როცა ხედავ შვილი ხელიდან როგორ გეცლება და ვერაფერს უკეთებ" - ჩვენ შეგვიძლია 20 წლის მარიამის გადარჩენა
"იმაზე საშინელება არაფერია, როცა ხედავ შვილი ხელიდან როგორ გეცლება და ვერაფერს უკეთებ" - ჩვენ შეგვიძლია 20 წლის მარიამის გადარჩენა
"ექიმებმა დიაგნოზად ღვიძლის ცეროზი დაადგინეს, ბიოფსიის გაკეთება გვირჩიეს... სხვა რა გზა გვქონდა? გავაკეთეთ ბიოფსია და პასუხისთვის გერმანიაში გადავაგზავნეთ. საკმაოდ მძიმედ გადაიტანა ბიოფსია. ამასობაში გერმანიიდანაც ჩამოგვივიდა პასუხი: გოგონას არც ცეროზი აქვს, არც სიმსივნე, შესაძლებელია, ეს იყოს პელიოზი - ღვიძლის დაავადებაო"

სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" განცხადება გავრცელდა - 20 წლის გოგონასთვის უარყოფითი რეზუსის პირველი ჯგუფის სისხლს ეძებდნენ. ცხადია, განცხადება მეც გავიზიარე და ჩემმა მეგობრებმაც. მალევე იმავე გოგონას - მარიამ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩაჩუას დახმარების თხოვნით მეორე განცხადება გააზიარეს. აღმოჩნდა, რომ 20 წლის მარიამს, რომელიც ახლაც ინგოროყვას კლინიკაში წევს და უმძიმეს
მდგომარეობაში იმყოფება, წელიწადზე მეტია, დიაგნოზს ვერ უდგენენ, არადა, მუცელი სითხით აქვს სავსე და მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ერთი სავარაუდო ვერსიით, მარიამ ჩაჩუას აქვს პელიოზი, ღვიძლის დაავადება. ინტერნეტში ამოვიკითხეთ, რომ პელიოზის ანუ ღვიძლის პურპურის არსებობისას ღვიძლში წარმოიქმნება "სისხლით სავსე ღრუები, რაც განპირობებულია სისხლძარღვების კედლის განვლადობის მომატებით, სისხლის უჯრედების მიგრაციით სინუსოიდებში ფიბროზის განვითარებით". თუმცა არც ეს დიაგნოზია ზუსტი, შესაბამისად, მას ვერანაირი მკურნალობა ვერ უტარდება.
მარიამი სასწრაფოდ უცხოეთში გამოკვლევას საჭიროებს, თუმცა ხელმოკლე ოჯახს ყველა რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მხოლოდ გულისხმიერი ადამიანების თანადგომის იმედადაა დარჩენილი. მარიამ ჩაჩუას დედას - მზია წიქვაძეს კლინიკაში დავუკავშირდით და გოგონას მდგომარეობა მოვიკითხეთ.

მზია წიქვაძე:
- მარიამი ყოველთვის სიცოცხლით სავსე, ხალისიანი, მეგობრული ბავშვი იყო, სწავლობდა, ერთობოდა, ოცნებობდა და სამომავლო გეგმებს აწყობდა, მაგრამ... ეს უბედურება ორი წლის წინ დაგვატყდა თავს, მაშინ მარიამი 18 წლის იყო. იმ წელს სკოლა დაამთავრა და იმავე ზაფხულს, 3 აგვისტოს უცებ შეუძლოდ გახდა. დაეწყო პირღებინება და ისე დასუსტდა, სიარულსაც ვეღარ ახერხებდა.

სამტრედიაში ვცხოვრობთ და მაშინვე იქაურ ექიმს მივაკითხეთ, რომელმაც დაგვამშვიდა: აშკარად მოწამლულია, თანაც მდინარეზე უბანავია და ეტყობა, ამან კიდევ უფრო
ცუდად გახადაო. რაღაც მკურნალობა დაუნიშნა და შინ გამოგვიშვა. რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით და უკეთესობა რომ ვერ დავინახეთ, ქუთაისში წავიყვანეთ. იქ გამოკვლევები ჩაუტარეს, გვითხრეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვსო და კვლავ რაღაც მკურნალობა დაუნიშნეს.

ბავშვს კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდა მდგომარეობა და იძულებული გავხდით, თბილისში ჩამოვსულიყავით. მარი არათუ ვერ დადიოდა, უკვე ვეღარც დგებოდა და ჯდებოდა. დიაგნოზის გასარკვევად 6 თვის განმავლობაში ბევრი კლინიკა მოვიარეთ. ათასნაირ კვლევას უტარებდნენ, მაგრამ - ამაოდ. ჩვენს ოჯახს ამ კვლევების ფულიც არ ჰქონდა და ნათესავები და მეგობრები გვეხმარებოდნენ. ყველა გვერდით დაგვიდგა, ოღონდაც გაგვერკვია, მარიამს რას დაემართა. ქართველი ექიმები გვეუბნებოდნენ, ღვიძლია მძიმე მდგომარეობაშიო.

ბავშვს ღვიძლში ვირუსები არ აღმოაჩნდა, მაგრამ ექიმებმა დიაგნოზად ღვიძლის ცეროზი დაადგინეს, ფიბროსის მეოთხე სტადია - F 4, რაც უკვე ღვიძლის ავთვისებიან სიმსივნეს ნიშნავდა. თან უკვირდათ, ამ პატარა გოგონას ასეთი დაზიანებული ღვიძლი რატომ უნდა ჰქონდესო და მეტი სიზუსტისთვის, ბიოფსიის გაკეთება გვირჩიეს. სხვა რა გზა გვქონდა? გავაკეთეთ ბიოფსია და პასუხისთვის გერმანიაში გადავაგზავნეთ.

- როგორც ვიცი, ბიოფსიამ მარიამს ძალიან დაუმძიმა მდგომარეობა. პირველადაც, ხომ, სწორედ მაშინ ჩაუდგა სითხე მუცელში?
- ბიოფსიის გაკეთებიდან ნახევარ საათში სისხლდენა დაეწყო და ამიტომ სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მაშინ ლიტრამდე სითხე ამოუღეს მუცლიდან. საკმაოდ მძიმედ გადაიტანა ბიოფსია. ამასობაში გერმანიიდანაც ჩამოგვივიდა პასუხი: გოგონას არც ცეროზი აქვს, არც სიმსივნე, შესაძლებელია, ეს იყოს პელიოზი - ღვიძლის დაავადებაო. თურმე, ეს დაავადება საქართველოს ექიმებს არც ჰქონიათ პრაქტიკაში, ამიტომ მის მკურნალობას ვერავინ მოჰკიდა ხელი, - ან ღვიძლი გადაუნერგეთ, ან დავაკვირდეთ გოგონას და დაველოდოთ მოვლენების განვითარებასო, - გვირჩიეს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე გადასხმა გაუკეთეს და გამოვეწერეთ. რადგან ჩვენს ექიმებს ღვიძლის გადანერგვა ერთადერთ გამოსავლად მიაჩნდათ, ჩვენ კი, სულ უსახლკაროდ რომ დავრჩენილიყავით, ამას ვერაფრით შევწვდებოდით, გვითხრეს, ბათუმშიც აკეთებენ ამ ოპერაციას და თუკი ოჯახის წევრი გაუწევს დონორობას, გაცილებით იაფი დაგიჯდებათო. მარი ცოტათი რომ მოღონიერდა, წავედით ბათუმში, დონორი მამა უნდა ყოფილიყო. იქვე ყველანაირი გამოკვლევა ჩაატარეს და მამის დონორობა გამოირიცხა - მას თავად ჰქონდა გაცხიმოვნებული ღვიძლი; ოპერაციის თანხაც ისეთი მოგვთხოვეს - 65 ათასი ამერიკული დოლარი, რომ მის შოვნას ვერაფრით შევძლებდით. ხელგაწვდილი ვივლიდი ჩემი შვილისთვის და იქნებ, რაიმე შემეგროვებინა, მაგრამ ერთი იმდენი კიდევ, თურმე, დონორისთვის უნდა გადაგვეხადა...

მხოლოდ უფალი თუ გვიშველიდა, თორემ გადანერგვის გარდა, ექიმები სხვა მკურნალობას ან ოპერაციას ვერ გვთავაზობდნენ. პატრიარქთანაც ვიყავით, დაგვლოცა და გაგვამხნევა. გულხელდაკრეფილი ხომ ვერ ვიჯდებოდი და ერთ ქალბატონს მივაკვლიე, ხალხური მეთოდებით მკურნალობს და საკმაოდ შედეგიანადაც. მას მივენდეთ. მარი რომ მივუყვანე, ბავშვს 3 ლიტრამდე სითხე ჰქონდა მუცელში. იმ ქალბატონის დახმარებით, 7-8 თვის განმავლობაში სითხის რაოდენობა ნელ-ნელა მცირდებოდა. მარი გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს, ენერგიულად, თავისუფლად დადიოდა, მაგრამ... ახლახან 26-ე კურსი უნდა დაგვეწყო, თბილისში წამლები ავიღე და სამტრედიაში რომ დავბრუნდი, მარი მძიმე მდგომარეობაში დამხვდა - სითხისგან მუცელი ძალიან გაბერვოდა და შარდმდენები სრულიად აღარ მოქმედებდა.

სასწრაფოდ თბილისში ჩამოვედით და ინგოროყვას კლინიკაში დავაწვინეთ. რადგან გადანერგვას ვერ ვახერხებთ, ქართველი ექიმები დიაგნოზის დასაზუსტებლად გერმანიაში ან საფრანგეთში წასვლას გვირჩევენ. ისე მძიმედაა მარიამი, წამდაუწუმ ჰემოგლობინი უვარდება და ტემპერატურაც მაღლა უწევს, აშკარაა, რომ დრო არ ითმენს.

უკვე აღარ ვიცი, რა ვიღონო, გული მიკვდება, ჩემს გოგონას ასეთს რომ ვხედავ და ვერაფერს ვშველი... უსასოობაზე საშინელება არაფერია - შვილი ხელიდან გეცლება და ვერაფერს უკეთებ... ისიც კი არ იცი, რა სჭირს... თვითონაც ძალიან განერვიულებული და გაღიზიანებულია, ვეღარ ვცნობ, მაგრამ მაინც იბრძვის... ყოველთვის მებრძოლი გოგონა იყო, მაგრამ ძლიერმა ტკივილმა, გაურკვევლობამ უკვე ძალიან დაღალა.
ტკივილი ცოტათი რომ ჩაუცხრება ხოლმე, მეუბნება: გახსოვს, როგორ ვაფასებდი ცხოვრებას, სულ რომ ვწუწუნებდი და ყოველთვის მეტი რომ მინდოდა? არადა, სინამდვილეში, თურმე, მხოლოდ ჯანმრთელობა უნდა ინატრო ადამიანმა და დააფასო, რაც გაქვს. ოღონდაც ჯანმრთელობა მქონდეს და... მთელი ცხოვრება უფლის მადლობელი ვიქნებიო.

ჩვენი მკითხველები, საზოგადოება, ხელისუფლება, ქველმოქმედები, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები, მდიდრები, ღარიბები - ბევრჯერ ამოვდგომივართ გვერდით გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. იმედი გვაქვს, 20 წლის მარიამის დასახმარებლადაც გავერთიანდებით და ვისაც რა შეგვიძლია, იმ რესურსით დავეხმარებით ახალგაზრდა გოგონას, რომელიც სწავლაზე, ოჯახზე, სიყვარულსა და შვილებზე ოცნებობს, მთავარია - უცხოეთში მაინც დაუდგინდეს დიაგნოზი, რომ შემდეგ სწორად უმკურნალონ.

თითო ლარიც კი მნიშვნელოვანია მარიამის სიცოცხლის გადასარჩენად. გთავაზობთ მარიამ ჩაჩუას დედის - მზია წიქვაძის საბანკი რეკვიზიტებს:

TBC: GE12TB7388845061100045

LIBERTY BANK: GE96LB0711119700755000

მიმღები: მზია წიქვაძე

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (55)
სოფიკო
05 ივლისი 2017 21:41
ახლავე მზად ვარ სისხი გავიღო რეზუს პირველი უარყფითი მაქვს! 591 44 53 54
...
10 მაისი 2017 23:55
კობა შანავა, ავერსის კლინიკა. ჩემს ახლობელს გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. ყველაფერი ძალიან კარგად. იქნებ იპოვოთ დონორი რომელიც უსასყიდლოდ გაიღებს ღვიძლის ცილას.
Maia
27 აპრილი 2017 23:50
Marneulshi aris dalian kargi mkurnali dalian kargad vicnob mastan uamravi xalxi dadis misi dasmuli diagnozi simartlea.da iset xalxs mkurnalobs visac ekimebma ver ushvela.da is mchxibavi ara sxvatashirs.
22 აპრილი 2017 12:31
კომენტარიUfalma dalocos da iseti adamoani gaMoachinos vinc shezlebs mis gadarchenas.Ra ususuri vxvdebi xMerto roca ar shemizlia daxmareba
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა