ილია მეორე: "იმედი გვაქვს, რომ ქართული დაწესებულებებიც თავისუფალი იქნება აზერბაიჯანში" - კვირის პალიტრა

ილია მეორე: "იმედი გვაქვს, რომ ქართული დაწესებულებებიც თავისუფალი იქნება აზერბაიჯანში"

"საქართველოში 400-მდე მეჩეთი და ჯამე, სკოლები და გამომცემლობებია. იმედი გვაქვს, რომ ქართული კულტურული დაწესებულებები ასევე თავისუფალი არის და იქნება აზერბაიჯანში", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერ ლიდერთან შეხვედრაზე განაცხადა.

პატრიარქი შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სხვა პირები, მღვდელმთავრები. თავის მხრივ, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერ ლიდერთან ერთად დელეგაციაში ასევე იმყოფება მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე.

უწმინდესის თქმით, მისი აღმატებულების, ფაშა-ზადეს ვიზიტი საქართველოში დიდი სიხარულია.

"ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა, მრავალი წელია უკვე ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. ერთმანეთს მხარში ვედექით იმ დროს, როდესაც კომუნისტური რეჟიმი სუფევდა ჩვენს ქვეყნებში, იმ დროს, როდესაც რთული სიტუაცია იყო. ჩვენ მუდამ მხარში ვედექით ერთმანეთს", - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, იგი მოხარულია, რომ ურთიერთობა, რომელიც წლებია ორ ქვეყანას შორის არსებობდა, დღეს ვითარდება და ძლიერდება.

"მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანელ ხალხს სრული თავისუფლება აქვთ საქართველოში. 400-მდე მეჩეთი და ჯამეა საქართველოში, სკოლები, გამომცემლობები, ასევე იმართება მრავალი კულტურული ღონისძიება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართული კულტურული დაწესებულებები ასევე თავისუფალია და იქნება აზერბაიჯანში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ თქვენს დელეგაციაში იმყოფება მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ, რომ კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ეს უნდა გახდეს ახალი ხიდი ჩვენი ურთიერთობის", - ბრძანა უწმინდესმა.

"ინტერპრესნიუსი"