"გამომიცხადეს, შენ იქნები მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარე არტემ ჩაჩანიძეო" - როგორია "ცისფერი მთების" პერსონაჟის რეალური ცხოვრება?
03-05-2017
"გამომიცხადეს, შენ იქნები მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარე არტემ ჩაჩანიძეო" - როგორია "ცისფერი მთების" პერსონაჟის რეალური ცხოვრება?
ომარ შოთაშვილი: "დღესაც მცნობენ ქუჩაში. ღიმილით ჩაილაპარაკებენ ხოლმე, არტემ ჩაჩანიძეო"

ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს სახლის შუშაბანდის გარემონტებით დაღლილი ომარ შოთაშვილი დასასვენებლად სავარძელში ჩაესვენა, რომ მის კარზე კაკუნი გაისმა... რამაზ გიორგობიანი და ელდარ შენგელაია ესტუმრნენ და აუწყეს, "ცისფერი მთების" გადაღება იწყება და ერთ-ერთი პერსონაჟი უნდა განასახიეროო.

- მე და რამაზ გიორგობიანი უბნელები ვიყავით და ოჯახებით ვმეგობრობდით. ელდარ შენგელაიამ შემომხედა და რამაზს ცერა თითი აუწია, მერე მე მომიტრიალდა, ფილმს ვიღებთ, თქვენ ერთ-ერთი
პერსონაჟის - არტემ ჩაჩანიძის - შემსრულებლად მოგიაზრებთ და გვინდა კინოსტუდიაში მობრძანდეთ, რათა ტანისამოსი მოგარგოთო. რა როლი, რისი ტანსაცმელი-მეთქი, გავიკვირვე
. რამაზმა მითხრა, მოტოციკლეტებზე შეყვარებული ხარ და შენნაირი კაცი გვჭირდება ზუსტადო.

მეორე დილას 10 საათზე კინოსტუდიაში ვიყავი. მე და რამაზი კარგა ხანს ვარჩევდით სამოსს, იმდენი კოსტიუმი მოვირგე,
სათვალავი ამერია. ბოლოს მოიწონეს ერთ-ერთი და მასში გამოწყობილს ფოტოები გადამიღეს, შემდეგ კი გამომიცხადეს, შენ იქნები მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარე არტემ ჩაჩანიძეო. თურმე ჩემამდე ეს როლი ერთ-ერთ მსახიობს უნდა შეესრულებინა, რომელსაც გადაღების წინ ფეხი მოუტეხია. საგონებელში ჩავარდნილ შენგელაიას ერთ დღეს მანქანიდან დავუნახავვარ. ზუსტად იმ დღეს რამაზ გიორგობიანს უთქვამს, მე მეგულება მოტოციკლეტებზე შეყვარებული კაციო. აღმოჩნდა, რომ ბატონი ელდარისა და რამაზის კანდიდატი ერთი და იგივე პიროვნება ვიყავი.

გადაღებები ჟურნალ "ცისკრის" რედაქციის ზედა სართულზე მიმდინარეობდა. შემსრულებელთა უმრავლესობა ჩემსავით არაპროფესიონალი აღმოჩნდა. ქალბატონი სესილია თაყაიშვილი ხუმრობდა, ელდარმა გადასაღები მოედანი ბაყაყებით აავ­სოო. თავიდან მის დანახვაზე დავიმორცხვეთ,­ მან კი, აბა, ბაყაყივით ნუ ყიყინებთ, დროზე გააკეთეთ, რასაც რეჟისორი გეუბნებათო.

- რაიმე თქვენი ფრაზა თუ ჩაამატეთ ტექსტში?

- მხოლოდ ერთადერთი - თუ გახსოვთ, ფრანგულად რომ ლაპარაკობენ ვაჟა ზაზაევიჩის სამსახურის მესვეურები. მეც ფრანგულად დავემშვიდობე, ბოლო-ბოლო, არტემ ჩაჩანიძეც წერს ლექსებს, ანუ ისიც ინტელექტუალური საზოგადოების წევრია. სწორედ ეს მინდოდა, მეჩვენებინა ფრანგულად დამშვიდობებით.
ფილმი რომ გამოვიდა, ცოტა მეშინოდა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ "ცისფერი მთები" ყველა დროში აქტუალურია. ჰოლივუდს რომ გადაეღო, მილიონერები ვიქნებოდით, მაშინ კი კაპიკებს იხდიდნენ. 11 თვე ვიმუშავეთ და 148 მანეთი ავიღე, სულ რომ არაფერი გადაეხადათ, არც გვინდოდა, ქალბატონ სესილიასა და ელდართან მუშაობა იმდენს ნიშნავდა, არაფერი გვაინტერესებდა. დღესაც მცნობენ ქუჩაში. ჩემს დანახვაზე თითქმის არავის ახსენდება, რომ რესპუბლიკის დამსახურებული კულტურის მუშაკი ვარ, სამაგიეროდ, ღიმილით ჩაილაპარაკებენ, არტემ ჩაჩანიძეო.

მირზა გელოვანის სახელობის რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, შემდეგში დირექტორადაც დამნიშნეს. ახლა ეს ბიბლიოთეკა განადგურებულია, ნახევარმილიონიანი წიგნადი ფონდი 40 ათასამდე დაიყვანეს. ისე ვინერვიულე, 2006 წელს ინფარქტი დამემართა.

ბევრჯერ მიფიქრია, რას ნიშნავს ჩემთვის "ცისფერი მთები". ჯერ ერთი, ამ ფილმით შევედით ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში და ამ ქვეყნიდან მეც რომ წავალ, ამ როლით გამიხსენებენ.

სამყარო, რომელსაც "ცისფერი მთები" ჰქვია


"ცისფერი მთები" რეზო ჭეიშვილის მოთხრობაა, რომე­ლიც მწერალს ელდარ შენგელაიასთვის ­ "სამანიშვილის დედინაც­ვალზე" მუშაობისას მიუცია წასაკითხად. როდესაც მწერალმა და რეჟისორმა "ცისფერ მთებზე" დაიწყეს მუშაობა, მაშინ გაჩნდა მარკშეიდერის, მოტობურთისა და კიდევ რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც მოთხრობაში არ იყო. გრენლანდიამ, ჭერზე გაჩენილმა ბზარებმა, არტემ ჩაჩანიძის ლირიკამ და ვაჟა ზაზაევიჩმა განსხვავებული სამყარო შექმნეს - სამყარო, რომელსაც "ცისფერი მთები" ჰქვია. კარგა ხანს მიიჩნევდნენ, რომ ეს ფილმი საბჭოთა წყობილების ბიუროკრატიას ასახავდა, თუმცა­ ერთ დღეს დელის ფესტივალზე ამ ფილმის ნახვის შემდეგ ელდარ შენგელაიას განუცხადეს, რომ "ცისფერი მთები" ინდოეთის რეალობას ზუსტად ასახავდა. მოგვიანებით ვენაში ფესტივალზე ჩასულ რეჟისორს გამოუტყდნენ, გაჩვენებთ შენობას, სადაც ყველა სამინისტროა განთავსებული და თუ მასში წერილს შეიტანთ, უკან პასუხს ვერასოდეს მიიღებთო. საფრანგეთშიც აღნიშნავდნენ, რომ ფილმის ნახვისას ბევრი რამ ეცნოთ საკუთარი ყოფიდან...

ეკა სალაღაია
gigi
04 მაისი 2017 01:54
ჩემი აზრით ელდარ შენგელაია ყველა დროის უგენიალურეს რეჟისორად უნდა შევიდეს საქართველოს კინემატოგრაფიის ისტორიაში
დაჯი
03 მაისი 2017 23:05
მართლაც სუპერ მაგრამ არ ვიცი სად დავწერო და აქ ვწერ ბოდიშს გიხდით ბაიკერები რომ შემოუშვეს რუსეთი კი არ არის ჩვენი მტერი ჩვენი მტერი ქართული ოცნებაა ეხლა იტყვიან მიშისტი ხარო არც ერთს გაუკეთებია ჩემთვის არაფერი მაგრამ ესენი თაღლითები ფულისტები გამყიდველები ქვეყნის ქართველობის არიან მრცხვენია
მალხაზ აბულაძე
03 მაისი 2017 20:55
ბატონი ელდარის და ბატონი გიორგის ყველა ფილმი შედევრია,თუმცა სათანადოდ ყველა არ დაფასებულა.


რედაქტორის რჩევით