სიღნაღელები ტყის გადასარჩენად იბრძვიან - კვირის პალიტრა

სიღნაღელები ტყის გადასარჩენად იბრძვიან

"დღეს ამ ტყეში სრულიად განადგურებულია წიწვოვანი ტყის მთელი მასივი - საუკუნოვანი ნაძვები დაჭრეს, დახერხეს და მანქანებით გაიტანეს"

მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე დადუღებულაო! - ეს გამოთქმა ტყუილად კი არ შემოგვრჩა ქართველებს, - სწორედ ასეთი ამბავი ხდება ჩვენს ულამაზეს სიღნაღში, სადაც მავანს სიღნაღის შემოგარენის (სოფელ ქედლის) მაცოცხლებელი ტყე ჩაუგდია ხელში, მორებად უქცევია, მორები კი - საკუთარი ჯიბის ფულად. ამის მერე თუ აქ ქვა ქვაზე დადუღდება, მას ეს რას ავნებს? არაფერსაც! ეგებ ტყის დარჩენილი ნაწილი შეწუხებული სიღნაღელების ამ წერილმა მაინც გადაარჩინოს.

"ამ წერილით სოფლის გულისტკივილისა და ჯერ კიდევ მბჟუტავი პატარა იმედის გამოხატვა გვინდა... საქმე ის არის, რომ სიღნაღის მახლობლად, სოფელ ქედელის ტყე ჩვენ თვალწინ რამდენიმე წელია, ნადგურდება, წლებია ვებრძვით ამ ბარბაროსობას, მაგრამ ამაოდ. ეს ტყე განსაკუთრებული დანიშნულებისა იყო - ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (წმინდა ნინოს მონასტრის) დამცავ ზონაში მდებარეობდა, რაც ექსპლუატაციის საგანგებო რეჟიმს ითვალისწინებდა და მთავრობას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეყიდა. საუბედუროდ, ტყე მაინც გაიყიდა ტყუილითა და კანონის დამახინჯებით, როგორც ჩვეულებრივი მიწის ნაკვეთი. ამ "მიწის ნაკვეთზე" მდებარე ტყეს კი, რასაკვირველია, მეპატრონე მიადგა და ჩეხდა. ამის დანახვამ ხალხი გააგიჟა - აქ საუკუნოვანი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების ტევრი იყო, რომელსაც ათა-ბაბადან შეჰყურებდნენ და ტკბებოდნენ. ამიტომაც ბრძოლა ტყის გადასარჩენად მაშინვე დაიწყო. წმინდა ნინოს მონასტრის დედებიც ხალხთან ერთად იყვნენ. ვერას გავხდით. ეგაა - პარლამენტმა გამოიტანა დადგენილება ქედლის ტყის სახელმწიფო სატყეო მეურნეობისთვის გადაცემის შესახებ. ალბათ ზოგიერთი იტყვის, მთავარისთვის მიგიღწევიათ, რაღა გინდათო! მაგრამ ბოროტებას ისეთი ძალა აქვს, რომ ფარატინა ფურცელზე დაწერილი ეს ბრძანება მასთან უძლური აღმოჩნდა, - იმხანად სიღნაღის გამგეობაში დასაქმებული არაკაცების ხელშეწყობით, ტყის მეპატრონემ რაღაც "ტყის მეგობრის" მსგავსი ორგანიზაცია შექმნა და ტყე ისევ თავად ჩაიგდო ხელში. აი, ასე აღსრულდა სამართალი. დიდად ამ სამართლის აღსრულებისთვის არც სატყეო დეპარტამენტს გამოუდვია თავი. რომ გამოედოთ, იქნებ კანონით მისაკუთრებული ტყისთვის ეპატრონათ და გადაერჩინათ. დღეს კი ამ ტყეში სრულიად განადგურებულია წიწვოვანი ტყის მთელი მასივი - საუკუნოვანი ნაძვები დაჭრეს, დახერხეს და გაყიდეს. ახლა გადარჩენილი ფოთლოვანი ტყის შენარჩუნებსღა ვითხოვთ.

პატივცემულო მთავრობავ და ხელისუფლებავ, რომელსაც საკუთარი მიწა-წყალი თავის ხალხიანად გაქვთ მიტოვებული და კაბინეტებში გამოკეტილხართ, ჩამოდით, მიხედეთ თქვენივე გულგრილობით გაოხრებულ ტყეს და დარჩენილი ნაწილი მაინც გადაარჩინეთ. თუ სიღნაღი არ გენაღვლებათ, საკუთარ სახელზე მაინც იფიქრეთ!"

P.S. ჩვენ დავუკავშირდით კახეთის ეროვნულ სატყეო სააგენტოს. გვიპასუხეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, აღნიშნული ტყის ფონდი კერძო საკუთრებაა. კერძო საკუთრებაში ხის ჭრაზე ნებართვის გაცემა არ წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს კომპეტენციას.

ამგვარი პასუხის შემდეგ ისღა დაგვრჩენია, კვლავ ხელისუფლებას მივმართოთ: - ბატონებო, მიხედეთ ქვეყანას.

კოტე ყარალაშვილი