"ჩემი გოგონები აღარ მეკარებოდნენ - ცალხელა დედის ეშინოდათ" - კვირის პალიტრა

"ჩემი გოგონები აღარ მეკარებოდნენ - ცალხელა დედის ეშინოდათ"

"გონს რომ მოვედი, იმდენად გამიჭირდა რეალობასთან შეგუება, რომ პალატის მეზობელ გოგონას ვაბრალებდი - მკლავი მომპარა და ექიმებმა მას მიაკერეს-მეთქი"

16 წლისა გარიგებით გაათხოვეს მარტყოფში. ორი ქალიშვილი შეეძინა. 2007 წლის 7 ივნისი საბედისწერო აღმოჩნდა 23 წლის მარინა ნიკოლიშვილისთვის. ავტოკატასტროფაში მძიმედ დაშავდა, როცა გონზე მოვიდა, მარცხენა ხელი აღარ ჰქონდა... მერე მეუღლემ მიატოვა.

მარინა ნიკოლიშვილი: "ავტოკატასტროფაში მკლავი მომწყდა, სახე დამეჭრა, ელენთაზე სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. გონზე გვიან მოვედი... იმდენად გამიჭირდა რეალობასთან შეგუება, რომ პალატის მეზობელ გოგონას ვაბრალებდი - მკლავი მომპარა და ექიმებმა მას მიაკერეს-მეთქი. დეპრესიაში ჩავვარდი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მეხსიერებიდან ყველაფერი გამიქრა... ჩემი სამი და ერთი წლის გოგონები აღარ მეკარებოდნენ - ცალხელა დედის ეშინოდათ. ორი წელი გარეთ ვერ გავდიოდი, მრცხვენოდა".

ავარიამ მხოლოდ კიდური კი არა, ოჯახიც წაართვა. ქმარი სახლიდან წავიდა.

"საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, დედამ შინ წამიყვანა. ცოტა მოვმჯობინდი და დავბრუნდი ქმრის ოჯახში... იმ დღიდან ყველაფერი აირია. ქმარს ვთხოვე, შენს დას უთხარი, ცოტა ხანს თავის სახლში გადავიდეს, შევეგუები ჩემს მდგომარეობას და მერე დაბრუნდეს-მეთქი. ვერ გამიგეს... იმ დღესვე ჩემს მშობლებს დაურეკეს - აქედან მოაშორეთო... ქმარმა ულტიმატუმი წამომიყენა, სახლიდან წავალ, თუ იეჰოვას მოწმე არ გახდიო. სასწრაფოდ ბავშვები ჩუმად მოვნათლე. ეს რომ გაიგო, ჯვრები წაგვართვა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ამასობაში ჩემი დედამთილი საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. მარტყოფში ბავშვებთან და მამამთილთან ერთად დავრჩი. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობდით. ცალი ხელით ვერაფერს ვაკეთებდი. საჭმელს სამადლოდ დედათა მონასტრიდან გვაწვდიდნენ. მამამთილი ფიზიკურადაც მეხებოდა. ამის გამო პატრულიც არაერთხელ გამომიძახებია. რაღა მექნა, ისევ მშობლებთან უნდა დავბრუნებულიყავი".

მარინა მარტო უძღვება ოჯახს. ერთ დღეს მამამ ბავშვები სასეირნოდ წაიყვანა და აღარ დააბრუნა.

"მითხრეს, თბილისში ბინა და ახალი მანქანა უყიდია და ტაქსის მძღოლად მუშაობს, ცოლი შეირთო და გერს ზრდისო. შარშან ზაფხულს ის და მისი და ამოვიდნენ სოფელში. მთხოვა, ბავშვებს გავასეირნებ გუდაურში და მერე უმცროსს რამდენიმე დღით შინ წავიყვანო. მან კი ორივე ბავშვი გაიტაცა. რომ ვურეკავდი, მპასუხობდა, - მამა ვარ და რასაც მინდა, იმას ვიზამო. პოლიციას მივმართე. მომიყვანეს ბავშვები. ორივეს თვალები დასივებული ჰქონდათ ტირილითა და შიშით".

მარინას სოფელი დაეხმარა. ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში დროებით ერთი ოთახი გამოუყვეს.

"მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. მშობლების სახლი პატარაა, ორ ოთახში დედ-მამასთან ერთად ჩემი შვილებიანი დები და ორი ძმა ცხოვრობენ. სკოლის ეზოში ყოფილი ინტერნატის შენობაა. ერთი ოთახი გამოგვიყვეს. ფანჯრები ჩავსვით, წყალი და შუქი გვაქვს, მაგრამ მძიმე კლიმატური პირობების გამო მუდმივად შეშა გვჭირდება. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ შშმპ-თა და სოციალური დახმარებაა, 300 ლარამდე გამოგვდის, მაგრამ შეშასა და წამლებს ხმარდება. ყოფილ მეუღლეს ალიმენტი დაეკისრა. თავიდან 3000 ლარი დაგროვდა და ერთიანად მოგვცა. მაგიდა, საწოლები და ტელევიზორი ვიყიდეთ. ახლა 1500 ლარზე მეტია დაგროვილი, მაგრამ აღმასრულებელმა ვერაფრით მოატანინა.

სასწავლო წლის დაწყებამდე გამოვიტანე წინასწარ სესხის სახით სოციალური დახმარება - ბავშვებს ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები ვუყიდე. დაზამთრებამდე იძულებული გავხდი, ისევ სესხი ამეღო, რათა შეშა მომემარაგებინა - მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გამოვიტანე 2000 ლარი. ორი თვე გადავიხადე პროცენტი, მერე ვეღარ შევძელი... კრედიტოფიცერი მემუქრება - საწოლებს და სხვა ავეჯს წავიღებთო. რა გავაკეთო, აღარ ვიცი. შეEმოსავლის წყარო რომ გამეჩინა, ცალი ხელითაც ვქსოვ მთიულურ ქუდებს. უცხოელი ტურისტები ყიდულობენ. ტუალეტშიც ვმუშაობდი, დღეში ორ ლარს მიხდიდნენ, მაგრამ გამომიშვეს. სოფელში საბავშვო ბაღი აშენდა. სამუშაოთა მწარმოებელმა 200-ლარიანი ანაზღაურების სანაცვლოდ დალაგება მთხოვა. დაჩოქილმა ცალი ხელით ვხეხე შენობა. საღებავი ძლივს ავფხიკე და დავაწკრიალე, მაგრამ ერთი თეთრიც არ ამიღია. გამგებელმა მითხრა, - აფერისტი აღმოჩნდა და გაიქცაო... დახმარება დუშეთის გამგებელს ვთხოვე. სოციალურად დაუცველი ხარ და აღარ გეკუთვნის, რომც გადმოგირიცხოთ, სოციალური დახმარება მოგეხსნებაო...

ბავშვებთან ტირილს ვერიდები. ისედაც ყველაფერი აკლიათ და სადარდელს ვეღარ დავუმატებ, მაგრამ მეც ვეღარ ვუძლებ ხვალინდელი დღის შიშს და უპერსპექტივო მომავალს. მუდმივად ვიბრძვი, მაგრამ შედეგი არ ჩანს. როცა ბავშვები სკოლას დაამთავრებენ, ამ შენობის დატოვება მოგვიწევს. ნეტავ სახელმწიფომ მიწა გამომიყოს, თუნდაც 100 კვმ, რათა ერთი ოთახი ჩავდგათ. რომ არა მაღაზიის მეპატრონე, შიმშილით დავიხოცებოდით - ნისიად გვატანს პროდუქტებს. თუმცა, ვალს ხომ გასტუმრება უნდა?!"...

თორნიკე ყაჯრიშვილი