როგორ ააშენა ბერიამ თამარ მეფის ხიდი
30-04-2017
როგორ ააშენა ბერიამ თამარ მეფის ხიდი
"ვერის სასაფლაოს ბოლოში, დაახლოებით აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იდგა ბოზარჯიანცის თამბაქოს ქარხანა. მის ახლოს 1846 წელს ნიკოლოზ პირველის გადარჩენის აღსანიშნავად დიდი თუჯის ჯვარი აღმართეს"

XX საუკუნის დასაწყისში თბილისის ერთიანი გეგმა არ არსებობდა. ქალაქის სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები 20-იანი წლებიდან დაიწყო. არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა საჭიროება, აეგოთ ხიდი. დღეს ის თამარ მეფის ხიდის სახელით არის ცნობილი. "თბილისის ჰამქრის" ერთ-ერთი დამაარსებელი გოგა ქართველიშვილი გვიამბობს:

- იმ ადგილას, სადაც ახლა
თამარ მეფის ხიდია, ადრე ხევი იყო და მტკვარი თავის ნებაზე მიედინებოდა. მერე მოინდომეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ვაკე-საბურთალოსთან დამაკავშირებელი ხიდის გაკეთება. არქიტექტორი გახლდათ ნიკოლაი სევეროვი. 1931 წელს დაწყებული მშენებლობა ოთხი წელი გაგრძელდა. 1989 წელს ჩელუსკინელების ხიდს თამარ მეფის სახელი დაერქვა.

- როგორც ვიცი, მისი მშენებლობა ლავრენტი ბერიას
სახელს უკავშირდება.

- ბერია იყო მისი აგების თაოსანიც და შემსრულებელიც. პარალელურად მიმდინარეობდა გმირთა მოედნის მოწყობაც - ტერიტორიაზე არსებული კლდოვანი ბორცვი გაიჭრა, მერე კლდის ერთ წვერზე ცირკის შენობა აიგო (1940 წ.), მეორე მხარეს კი - აკადემქალაქი. ვარაზისხევი­ 50-იანების ბოლოს ამოივსო. ასე რომ, ახალ მოედანს ერთი მხრიდან ზოოპარკი ეკრა (1927 წ.), მეორე მხრიდან კი - ოლღას ქუჩა ჩამოდიოდა და მოედანთან სრულდებოდა. ეს ქუჩა ესაზღვრებოდა ვერის სასაფლაოს, რომელიც დღევანდელი ვერის ბაღის ტერიტორიიდან დაახლოებით ლაგუნა ვერემდე ვრცელდებოდა. 1933 წელს მიღებული ქალაქის გენერალური გეგმის თანახმად, ბერიამ სასაფლაოს აღება მოინდომა. გამოაცხადა, მიცვალებულები გადაესვენებინათ. ვისაც ჭირისუფალი აღმოაჩნდა, გადაასვენეს, ვისაც არა - ის საფლავები გაუქმდა და ქვები გმირთა მოედნის კედლების მოსაპერანგებლად გამოიყენეს.

ვერის სასაფლაოს ბოლოში, დაახლო­ებით აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იდგა ბოზარჯიანცის თამბაქოს ქარხანა. მის ახლოს 1846 წელს ნიკოლოზ პირველის გადარჩენის აღსანიშნავად დიდი თუჯის ჯვარი აღმართეს. 1837 წელს, ტფილისიდან ვლადიკავკაზში მიმავალ იმპერატორს ეტლი ამ მიდამოებში გადაჰბრუნებია და სასწაულებრივად გადარჩენილა. ვერის ჯვარიც ბერიას ბრძანებით აიღეს.

ხიდის მეორე მხარეს კუკიის ობსერვატორია იყო. ახლაც დგას ეს მრგვალი, გუმბათიანი შენობა. დანარჩენი ტერიტორია კი ბარაკებით იყო მოფენილი.
ჩელუსკინელების ხიდის ქვემოთ, მტკვრის ორივე მხარეს, სამანქანო გზა გაიჭრა და მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები მოეწყო. ეს სამუშაო მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დასრულდა. ბერია რა ტირანიც იყო, ყველამ იცის, მაგრამ ქალაქის განაშენიანების საკითხებში რომ ბევრ მერზე უკეთ ერკვეოდა - ნათელია.
ბერიას თაოსნობით დედაქალაქში გაიყვანეს კანალიზაცია, ნატახტარ-ბულაჩაურიდან წყლით მომარაგების პროექტის განხორციელება ადრე კი დაიწყო, მაგრამ ბერიას ხელმძღვანელობით დასრულდა. მარტო მეტრო რად ღირს. ამ პატარა ქალაქში მოინდომეს მეტროს გაყვანა - თბილისის მოსახლეობა იმ დროისთვის 100 ათასამდე იყო, მეტროს კი, როგორც ამბობდნენ, მილიონიან ქალაქში უნდა ემოქმედა, ამიტომ გამოცხადდა: რაიონებიდან ვინც ჩამოვა და თბილისში ისწავლის, საცხოვრებლად 1-ოთახიანი ბინა გადაეცემაო. ქალაქი მილიონამდე 60-იან წლებში შეივსო და მეტროც მალევე გაიხსნა. მეტროს მშენებლობა რომ დაიწყო, ხმა გაავრცელეს, დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფრებს აგებენო. ომი ახალი დასრულებული იყო და ასეთ სიცრუეს უფრო დაიჯერებდნენ. შემდეგში არაერთხელ გადაიდო მშენებლობა და საბოლოოდ ვასილ მჟავანაძის მმართველობისას გაიხსნა...

ამ ფოტოებით ნათელი ხდება, რომ კლდო­ვანი ნაწილის გაჭრა წყლის ჭავლის გამოყენებით ხდებოდა და მშენებლობაში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა... ჩელუსკინელების ხიდის ანალოგი ერევანშიც დგას, რომელიც 1945 წელს აუგიათ.

პირველი საბჭოთა გმირები


ჩრდილოეთის მკვლევრის და ზღვაოს­ნის სემიონ ჩელუსკინის პატივსაცემად "ჩელუსკინი" ერქვა არქტიკის ყინულებში 1934 წლის 13 თებერვალს გაუჩინარებულ ხომალდს. 2 თვე ეძებდნენ მის მგზავრებს - უკლებლივ ყველა, 104-ვე მგზავრი მფრინავებმა სამშვიდობოს გამოიყვანეს. მათი გადამრჩენელი მფრინავები პირველი საბჭოთა გმირები გახდნენ. ჩელუსკინელების ევაკუაციის უმძიმეს ოპერაციას მსოფლიო ადევნებდა თვალს. მაშინ პრესაში ბერნარდ შოუს სიტყვებიც გავრცელდა, - ეს რა ქვეყანა ხართ, პოლარული ტრაგედია ნაციონალურ დღესასწაულად აქციეთო!"

ეკა სალაღაია
მერაბი
05 მაისი 2017 16:59
სტალინიც და ბერიაც მკვლელი ნაძირლები იყვნენ დროა ხალხმა დაივიწყოს ეგ ეშმაკის მოციქულები.
დათო
02 მაისი 2017 12:08
,,არმიან" საქართველო არც კომუნისტებს და არც სტალინს არ გაუნადგურებია. ყველაფერი კარგი რაც მაშინ საქართველოში კეთდებოდა დიდი სტალინის მიერ იყო ხელდასმული. მადლობა ეკა ასეთი მოგონებებისათვის.
Амирани.
02 მაისი 2017 10:52
Ис дацерет, рогор гаанадгурес сталинма бериам да болшевикебма сакартвелос интелигенциа да гирсеули мамулишвилеби. Турме хидеби да кархнеби аушенебиат. Рогор нел-нела гвапаребт ром ра карги ихо турме русети да комунизми. Гитлерс ар гаукетебиа сакутари халхиствис ис рац маг сисхлианма болшевикебма кнес.

რედაქტორის რჩევით