მასლიაკოვმა გვითხრა: "მოსკოვსკაია პუბ­ლიკა ლიუბიტ ტუპოვატიხ გრუზინო" - კვირის პალიტრა

მასლიაკოვმა გვითხრა: "მოსკოვსკაია პუბ­ლიკა ლიუბიტ ტუპოვატიხ გრუზინო"

ირაკლი საღინაძე: "ხუმრობები ძალიან ჰგავდა სხვის დაწერილს. როგორც ჩანს, სცენარისტებს ქირაობენ. ხუმრობები მეტისმეტად რუსული იყო, "პრავოსლავნიე ხაჩიკის" ქართველი ვერ მოიგონებს"

"რამდენ ვერცხლად გაიყიდეთ!!! როგორ შეიძლება გამოდიოდეთ იქ, სადაც აფხაზეთის გუნდი ცალკე სახელმწიფოს სახელით გამოდის, შემარცხვენლები ხართ!";

"რუსეთში გამოსვლა არ არის ტრაგედია, ბანძი იუმორი ტეხავს";

"აი, ის, პატარა მატრაბაზი რომ იძახის, грузины православные ханики-ო, ეს არის კულმინაცია. ამ ხალხს ვაზელინი ათრობს!";

"სირცხვილი და თავის მოჭრა!!! ვის ეტენებით, რაში ხარჯავთ ფულს?!"

სოციალურ ქსელში გავრცელებულ უამრავ კომანტარს ერთი ადრესატი ჰყავს - საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები, რომელიც რუსულ КВН-ში, ცენტრალური ტელევიზიის ეთერში წარდგა.

"კვირის პალიტრამ" მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების ყოფილ მონაწილეებს ამ ფაქტის შეფასება სთხოვა.

ირაკლი საღინაძე: - განსაკუთრებულად მორალისტური მიდგომა ამ საკითხის მიმართ არა მაქვს. КВН-ში ყველაზე დიდი გამოწვევაა რუსეთში ან უკრაინაში ჩასვლა და თამაში. ამიტომ მათი სწრაფვა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია.

2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში იმართება და საქართველოს ნაკრები რომ გასულიყო, ვუგულშემატკივრებდით კიდეც.

კარგია, მსგავს ღონისძიებებში შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცე, მაგრამ ამ შემთხვევაში, იქ შიდა კონიუნქტურა ძალიან არის მოქცეული პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ეს შოუ რუსეთის საზოგადოებრივ არხზე ყველაზე რეიტინგულია, შესაბამისად, არის ცენზურის ელემენტები. ჩვენც გადავწყდომივართ მსგავს პრობლემებს, ჩვენც განვიცდიდით პოლიტიკურ ზეწოლას.

მე ვნახე ჩვენი ნაკრების ნომერი - მონდომება ეტყობათ, მაგრამ იუმორის რა მოგახსენოთ, რა ვქნა, მე არ გამეცინა. ხუმრობები ძალიან ჰგავდა სხვის დაწერილს. როგორც ჩანს, სცენარისტებს ქირაობენ. ქართველი მოთამაშეები ასეთ ხუმრობებს არ მოიფიქრებდნენ, მეტისმეტად რუსული იყო. "პრავოსლავნიე ხაჩიკის" ქართველი ვერ მოიგონებს. ეს ჩვენი ლექსიკისთვის უცხოა... ეს იყო დაბალი ხარისხის ნომერი, საერთოდ, КВН-ის დონე კარგა ხანია დაეცა. არადა, იყო დრო, როდესაც, ასე ვთქვათ, სუფთა ჰაერი უბერავდა. სხვათა შორის, ბევრი მოთამაშე რუსულ "კომედი კლაბში" გადავიდა, რომელიც დღეს ასევე პოლიტიკური მესიჯების ინსტრუმენტია, მაგრამ მეტ-ნაკლები თავისუფლება მაინც შეინარჩუნა. КВН-ში რაღაც შენი უნდა შეიტანო - შემოქმედებითი თუ იდეოლოგიური თვალსაზრისით. ადრე თუ მსგავსი სტუდენტური თამაშები რაღაცის თქმის საშუალება იყო, დღეს კონფორმისტული შოუა.

კიდევ ერთი საკითხი აღიზიანებს საზოგადოებას. ის, რომ გუნდს ჰქვია "საქართველოს ნაკრები". ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გვერქვა და უნივერსიტეტი გვიხდიდა ფულს. საქართველოს ნაკრები გაცილებით ძლიერი უნდა იყოს. დღევანდელი ნაკრები ენთუზიასტთა გუნდია, რომელსაც, ჩანს, გამოუჩნდა დამფინანსებელი და ორგანიზატორი...

გია ჭანტურია: - 2001 წელს, როდესაც მოსკოვში КВН-ზე გამოვდიოდით, გვქონდა პროგრამა, რომელიც ინტელექტუალურ ხუმრობებზე იყო აგებული. მასლიაკოვმა პირდაპირ გვითხრა, ეს პროგრამა უნდა გამოცვალოთო. მიზეზი რომ ვიკითხეთ, აგვიხსნეს: "მოსკოვსკაია პუბლიკა ლიუბიტ ტუპოვატიხ გრუზინო". უნდოდათ, აუცილებლად გივი გვრქმეოდა, დამტვრეული რუსულით გვესაუბრა და "ტუპავატი" ვყოფილიყავით. ამის შემდეგ უარი ვთქვით იქ ჩასვლაზე, რაც მათთვის წარმოუდგენელი იყო. თუმცა კიევის ლიგაში, იურმალაში გვქონდა წარმატება, იქ უხაროდათ ჩვენისთანა ქართველების ხილვა.

რუსების მითითებით დანახული ქართველის სტერეოტიპი ასეთია: მხოლოდ მღერის, ქალებს ფეხებზე მიშტერებია და სხვა არაფერი აინტერესებს. სამწუხაროდ, წლევანდელი КВН-ის ქართული გუნდი მათ ამ სურვილს უსრულებს. ეტყობა, ეთანხმება მასლიაკოვის შეხედულებებს...

გოჩა თანდარაშვილი: - КВН-ის გუნდი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით არის შექმნილი. ეს რამდენიმე წლის წინ პირდაპირ თქვა მისმა დამფუძნებელმა ჩემთან საუბარში. ახლა არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე, მიხეილ ხუბუტია აფინანსებდა. ეს ცნობილი ფაქტია, მადლობასაც უხდიდა გუნდი ძალიან ბევრ საიტზე. მას აქვს ნათქვამი, რუსეთის მთავრობიდან ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაკვეთა იყო, რომ ქართული გუნდი ჰყოლოდათ რუსეთში КВН-ზეო. როგორც ხედავთ, გუნდი შეიკრიბა... ზოგი ფიქრობს, რომ საზოგადოების ნაწილს ის ფაქტი არ ესიამოვნა, რომ ქართულ გუნდს სააკაშვილზე ჰქონდა ხუმრობა. ჩვენც გვიხუმრია! КВН-ში შევარდნაძეზეც ვხუმრობდით და სააკაშვილზეც შეიძლებოდა ეხუმრათ, მაგრამ, თუკი ეს ვიღაც უცხოტომელის დაკვეთით იქმნება და ამაში მათი ინტერესია, მიუღებელი ხდება.

"რამის ტრ..ი მაინც გქონდეთ კლავიატურის ვირთხებო!"

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების ერთ-ერთი მონაწილე ამიკო ჩოხარაძე მოსკოვში გამოსვლასთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟს სოციალური ქსელის პირად გვერდზე პასუხობს:

"ყველა იმ ადამიანს მივმართავ, რომლებიც პოსტებითა და კომენტარებით პატრიოტიზმზე თავს დებს! რუსეთში, რუსულ თამაშში, რუსულ გუნდებს და არა მარტო რუსულს (უკრაინულს, გერმანულს, ბრიტანულს და ა.შ.) ვამარცხებთ და საქართველოს ნაკრების სახელით წარმატებას ვაღწევთ! უნდა გეამაყებოდეთ და ტაშს უკრავდეთ...…

სააკაშვილზე ვიხუმრეთ. გამოდგნენ აქ პროფესორები, რომლებიც თურმე მიშას ვერ იტანენ, მაგრამ ჩვენ მაინც არ უნდა გვეხუმრა... მიშამ მსოფლიო მასშტაბით ქვეყანა შეარცხვინა და მაშინ გამომძვრალიყავით ერთი ადგილიდან! იმ კადრებისა და რეჟიმის შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ ვნახეთ, მიშაზე ხუმრობა არ უნდა გვქონოდა?!

ხალხო, ცოტა გამოფხიზლდით! არანაირი ფინანსური ინტერესი არ არის და თუ ძალიან გაინტერესებთ, ჩვენი ხარჯით ვიყავით ბოლო თამაშზე. პერსპექტივა გვაქვს ყველას, ვინც ნაკრებში ვართ და თუ შანსი მექნება, რომ მოსკოვში კარგშემოსავლიანი სამსახური ვნახო, დიდი სიამოვნებით დავრჩები, რათა ოჯახი მყავდეს კარგად, რასაც ნებისმიერი გააკეთებთ თქვენი ოჯახებისთვის...

მერე კიდევ, პოლიტიკა ისე არხეინად მკიდია ერთ ადგილას, არ მაინტერესებს ვინმეს აზრიც კი! ჩემი მიდგომა, როგორც ქართველის, კარგად დავაფიქსირე და მგონი, ყველამ კარგად იცით... ჰო, მართლა, ეს ფრთოსანი ფრაზაც თქვენ გეხებათ, ვითომ პატრიოტებს და საქართველოს ნაკრების მლანძღველ კრიტიკოსებს, - რამის ტრ..ი მაინც გქონდეთ კლავიატურის ვირთხებო! ქუჩაში როცა მხედავთ, მაშინ მოდით და სათქმელი მითხარით!"

ეკა სალაღაია