შერონ სტოუნი: "მოგონებებს საქართველოზე გულით ვატარებ" - კვირის პალიტრა

შერონ სტოუნი: "მოგონებებს საქართველოზე გულით ვატარებ"

თქვენმა პატრიარქმა ილია მეორემ თავისი ძვირფასი დრო დამითმო. მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა... ეს იყო ნეტარების დღე... გავისეირნე ძველი თბილისის ქუჩებში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენცია ვნახე, რომელიც ულტრათანამედროვე იყო. მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ

"ჰო, სიყვარულზე მეკითხებოდი - თუ უნდა, მოვიდეს, წინ ვერაფერი დაუდგება"

2011 წლის 5 ივნისს მსოფლიო ვარსკვლავი შერონ სტოუნი თბილისში ფილმის "აგვისტოს 5 დღე" პრემიერაზე ჩამოვიდა. ეს ამბავი ყველას კარგად გვახსოვს, რადგან საქართველოსთვის ჰოლივუდის ვარსკვლავის სტუმრობა ისეთივე დიდი მოვლენა იყო, როგორიც 1988 წელს მარჩელო მასტროიანისა, მანამდე კი (1987 წელს) რობერტ დენიროსი.

7 წლის შემდეგ, როდესაც შერონ სტოუნს ინტერვიუსთვის დავუკავშირდი, გამიმართლა და დამთანხმდა. ასე შედგა მისი პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ ქართულ მედიასთან. თუ კინოპორტალის ყველაზე მსხვილ ბაზაში შერონ სტოუნს ჩაწერთ, აღმოაჩენთ, რომ 2017 წელს მისი მონაწილეობით 4 ფილმის პრემიერა იგეგმება, რთულია, ასეთ დროს მსახიობი ინტერვიუზე დაითანხმო და ამისთვის მინდა დიდი მადლობა ვუთხრა... შერონ სტოუნს 80-მდე კინოროლი აქვს შესრულებული, ამერიკული გამოცემა People-ს მიხედვით ის პლანეტის ყველაზე ლამაზ 50 ადამიანს შორის არის...

პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე, კარიერაზე, საქართველოზე შერონ სტოუნი "კვირის პალიტრის" მკითხველს მოუთხრობს:

- ძვირფასო შერონ, 59 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურებით. ოპრა უინფრის შოუში განაცხადეთ, რომ ასაკს არ მალავთ, თუმცა შეგიძლიათ წლები დაიკლოთ, რადგან ვერავინ გამოიცნობს თქვენს ასაკს... მეც გეთანხმებით, ისეთივე მომხიბლავი ხართ, როგორიც წლების წინ. როგორ ახერხებთ ამას?

- გმადლობთ ქათინაურისთვის... ვვარჯიშობ, მჯერა, რომ ფიტნესი, ჯანსაღი კვება და რაც მთავარია, ჯანსაღი ფიქრები ჯანმრთელი და ლამაზი ცხოვრების საწინდარია. ბუნებრივია, ასაკი ყველას გვემატება და თავს იჩენს პრობლემები... გირჩევთ, მათ დასაძლევად ივარჯიშოთ და ჯანსაღად იკვებოთ... სტრესისგან თავის დასაღწევად ჩემთვის საუკეთესო გზა ბუდიზმია, ის სულის სიჯანსაღეს განაპირობებს...

- 2017 წლის მარტში 25 წელი გავიდა "ძირითადი ინსტინქტის" გადაღებიდან. რამდენიმე კვირის წინ თქვენი "ფეისბუკის" გვერდზე ვკითხულობდი: "მინდა მადლობა გადავუხადო მაიკლ დუგლასსა და მთელ ჯგუფს..." იქნებ გაიხსენოთ გადაღების პროცესი?

- შეიძლება ითქვას, რომ ეს ფილმი იყო გამოწვევა, რომელმაც გზა გამიკვალა. იმ პერიოდში პოლ ვერჰოვენის გარდა, არც ერთი რეჟისორი ჩემით არ დაინტერესებულა. 8 თვე სინჯებზე დამატარებდნენ. საბოლოოდ, როლი მე მოვიპოვე, რადგან ცნობილმა ვარსკვლავებმა უარი განაცხადეს მის შესრულებაზე, არაცნობილ მსახიობებს კი ვაჯობე.

ბევრს ვშრომობდი, მაგრამ შრომა ყოველთვის პოპულარობისთვის შეჯიბრება არ არის... ბევრი მაკრიტიკებდა... გადაღების დროს სულ ვგრძნობდი პოლ ვერჰოვენის მხარდაჭერას. ამან ბევრი გააღიზიანა, ჩემთვის კი სტიმულად იქცა, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, როლი უზადოდ შემესრულებინა... იმ პერიოდში ძლიერი და თამამი ქალები არ მოსწონდათ და სწორედ ამ მტრულ გარემოში მიწევდა თამაში. არ იყო ადვილი ქარის წისქვილებთან ბრძოლა, მით უფრო მაშინ, როცა ფილმის პერსონაჟი ჩემთან ახლოსაც არ იდგა... ამიტომაც გავუჩინარდი გადასაღები მოედნიდან, გავთხოვდი და გავიქეცი... არ მყავდა აგენტი, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლთან გამკლავებაში დამეხმარებოდა, ამიტომაც მსახიობობაზე დროებით უარის თქმა გადავწყვიტე.

მაშინ დიდი გაკვეთილი მივიღე და როცა ამ საქმეს კვლავ დავუბრუნდი, უკვე ვარჩევდი, რა არის ღირებული და ვინ არის ფასეული. ახლა რამდენიც უნდა ილაპარაკონ, ფაქტია, "ძირითადმა ინსტინქტმა" დროს გაუძლო, ის მართლაც კარგი ფილმია...

- "მსიამოვნებს, როცა მჩუქნიან ყვავილებს და მეპატიჟებიან ვახშამზე. მე მომწონს მამაკაცები, მაგრამ მიუღებელია, როდესაც ისინი მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს ხედავენ და ვერ ხედავენ სულიერებას. მინდა პატივისცემით მომეპყრან და მეც ასევე მოვეპყრობი", - ეს თქვენი სიტყვებია. ჩემი შემდეგი კითხვა პირად ცხოვრებას ეხება. ვინ არის თქვენი ცხოვრების მთავარი მამაკაცი?

- მთავარი და განსაკუთრებული მამაკაცი მამაჩემია. მქონია ვნებიანი რომანები, როგორც ამერიკელებთან, ისე უცხო ქვეყნების მამაკაცებთან. ამან საშუალება მომცა, უფრო ღრმად გამეცნო უცხო მამაკაცი და შესაბამისად, ქვეყანა. ზოგიერთი მათგანი შემზარავ მოგონებად დამრჩა.

ორჯერ ვიქორწინე. პირველი ქმარი ძალიან კარგი პიროვნებაა, ახლაც ვმეგობრობთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს. 40 წლისამ კვლავ გადავწყვიტე გათხოვება, რადგან ძალიან მინდოდა შვილები და სწორედ აქ დავუშვი ბევრი შეცდომა. ეს იყო ჩემი ცხოვრების უძიმესი პერიოდი... ამ ქორწინებით კვლავ დიდი გამოცდილება მივიღე და მივხვდი, რომ სულაც არ იყო საჭირო ტრადიციული გზით გავმხდარიყავი დედა და ორი ბიჭუნა ვიშვილე.

მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის ასაკში ყველაზე კარგად გამოვიყურებოდი და შემეძლო ძალიან კარგი პარტნიორიც ვყოფილიყავი, ბავშვების გამო მამაკაცები ფიქრობდნენ, რომ მათი ადგილი ჩემს ცხოვრებაში არ იყო...

რაც შეეხება ამჟამინდელ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ასაკობრივი სხვაობა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, უმცროს მამაკაცებთან ძალიან ცოტაა მიზეზი და ინტერესი, რაც ცხოვრების ბოლომდე მათთან დამაკავშირებდა. ასაკით შესაფერისი მამაკაცისთვის კი კიდევ ერთი თავგადასავალი ვარ, ან ისინი არიან ძალიან გადაღლილი და უინტერესოები ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, არც ერთი მათგანი არ მიზიდავს. მე ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როდესაც დროის ხარჯვას არაფრისმომცემ ურთიერთობაზე არ ვაპირებ. ვეშურები ჩემს ძვირფას დროს, რომელსაც ვატარებ შვილებთან, რადგან ესეც დროებითია და ისინი მალე დამოუკიდებლები გახდებიან...

ჰო, სიყვარულზე მეკითხებოდი - თუ უნდა, მოვიდეს, წინ ვერაფერი დაუდგება, ისევე როგორც ვერაფერი შეაჩერებს კვირტის ყვავილობას გაზაფხულზე...

- არსებობს როლი, რომელსაც სიამოვნებით განასახიერებდით?

- ახლა ჩემს ცხოვრებაში კომედიური ჟანრის დრო დადგა, რაც სიამოვნებას მანიჭებს. ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვარ, როდესაც სიცილი ყველაზე მეტად მეძვირფასება. სხვა ჟანრის როლებიც შეიძლება გამოჩნდეს და ამაზეც ვიფიქრებ, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მსიამოვნებს მხიარულება.

- თქვენ პარტნიორობას გიწევდნენ არნოლდ შვარცენეგერი, რობერტ დენირო, რასელ ქროუ, ლეონარდო დიკაპრიო, მაიკლ დუგლასი... შეგიძლიათ დაასახელოთ, ვინ არის ყველაზე კომფორტული პარტნიორი?

- ჩემი საუკეთესო პარტნიორი "საშინლად" კარგი რეჟისორი და დიდებული სცენარია. როდესაც ასეთი ტანდემია, მაშინ ჩვენ ვბრწყინავთ და ყველა კმაყოფილია.

- ჩემი შემდეგი კითხვა დონალდ ტრამპს ეხება. რა აზრის ხართ ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტზე?

- ახლა ჩვენი სახელმწიფოსთვის მშფოთვარე პერიოდია. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ ამერიკელს, მეც მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვგულშემატკივრობ მას. ვისურვებდი, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს და გეზი წარმატებისკენ აგვეღოს...

- 2011 წელს თქვენ საქართველოს სტუმრობდით, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში. ამ მოგონებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში. საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ თქვენმა პატრიარქმა ილია II-მ თავისი ძვირფასი დრო დამითმო. მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა. ეს იყო ნეტარების დღე და ძალიან ხშირად ვიხსენებ... შემდეგ მაჩვენეს უძველესი ეკლესიები (მეტეხის ტაძარი და ანჩისხატი), სადაც მოსახლეობამ ძალიან თბილად მიმიღო, ქართველები თბილი და უშუალო ხალხი ხართ. დავესწარი მართლმადიდებლურ წირვას, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მუდამ მემახსოვრება...

გავეცანი ქართულ სამზარეულოს, ის მართლაც განსაკუთრებულია. გავისეირნე ძველი თბილისის ქუჩებში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენცია ვნახე, რომელიც ულტრათანამედროვე იყო. მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ.

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!

- მადლობა თქვენ!

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ნინო წიფურია