"ყველა ძველი რეკლამა ატარებს იდეას: უცხოური ვერასოდეს ჩაანაცვლებს ეროვნულს!"
01-05-2017
"ყველა ძველი რეკლამა ატარებს იდეას: უცხოური ვერასოდეს ჩაანაცვლებს ეროვნულს!"
"რეზინის კალოშების რეკლამაში მანდილოსანი სწორედ იმიტომ არის ეროვნული ტანსაცმლით, რომ ექსპორტიორმა დაამტკიცოს - კალოში ეროვნული ღირებულებების მტრად ვერ იქცევაო, რისიც, როგორც ჩანს, ეშინოდა მაშინდელ ქართველ საზოგადოებას"

თომას ჯეფერსონი ამბობდა, რეკლამის ხელოვნება სწორედ­ ის არის, ადამიანს ფული იმაში დაახარჯვინოს, რაც შეიძლება დიდად არ სჭირდებოდესო. და ასეა მას შემდეგ. ჩვენს ქვეყანაში რეკლამა XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან იდგამს ფეხს და ბიზნესის ჩამოყალიბებაში უდიდეს­ როლს ასრულებს. ამ ინდუსტრიის ხიბლი­ და ძალა დღესაც შთაბეჭდილებას ახდენს
- თითოეულ მათგანში­ ეპოქის რიტმი და მაჯისცემაა ასახული.

ნინო გედენიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი: -
ქართულ პერიოდიკაში პირველი რეკლამები 1819 წლიდან ჩნდება, მაგრამ ეს უფრო ინფორმაციული რეკლამებია, რომელიც, მაგალითად, სამხედრო პირის ჩინის მომატებას აცნობს საზოგადოებას; რეკლამების ბუმი კი 60-იანი წლებიდან იწყება უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანის პარალელურად, რამაც
კონკურენცია გაამძაფრა. ცხადია, პროდუქციის გასასაღებლად ბრძოლაა საჭირო, სადაც მთავარი იარაღი რეკლამაა, რომელიც კონკურენციის კვალდაკვალ იხვეწებოდა­ - კარგი რეკლამა ხომ იგივეა,­ რაც კარგი ტანსაცმელი. ეს ჭეშმარიტება ქართველმა ვაჭრებმა მშვენივრად აითვისეს. თითოეული­ ექსპორტიორი ცდილობდა, მისი საქონლის ლოგო პოტენციურ მყიდველს მუდამ თვალწინ ჰქონოდა.

- პარალელურად, სარეკლამო სამსახურებიც ვითარდებოდა.

- ისინი ჩვეულებრივი მხატ­ვრები იყვნენ, რომლებიც რეკლამის შექმნაში სოლიდურ გასამრჯელოს იღებდნენ, რადგან რეკლამაზე მოთხოვნა დიდი იყო. ამასთანავე, მათ შეძლეს პროფესიის დახვეწა, რადგან შექმნილი რეკლამები სრულ სურათს გვაძლევს - როგორ ცხოვრობდა ხალხი, რა მოსწონდა, რა აწუხებდა, რომელი დაავადება იყო გავრცელებული, რას იცვამდნენ და რომელი კოსმეტიკით ლამაზდებოდნენ - XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩვენში უკვე შემოდის ფრანგული კოსმეტიკა, უფრო ფერ-უმარილი, რომელიც ჩანს, წარმატებით იყიდებოდა.

ამ დროის რეკლამების ნაწილი უფრო ემოციურია, ქალბატონებზე გათვლილი, მეორე კი საზოგადოებისთვის განკუთვნილი.­ და კიდევ: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეკ­ლამე­ბში კუთხეების ხასიათი ჩანს. მაგალითად, დასავლ­ეთ საქართველოს რეკლამები, სადაც შესანიშ­ნავი ჟურნალ-გაზეთები გამოდიოდა, უფრო "გაპრანჭულია" - ხშირად რეკლამა ჩვეულებრივი ფორმის კი არ არის, რაღაც ფიგურაშია ჩასმული. მაგალითად, პირამიდაში, ან საქანელაში... აღმოსავლეთ საქართველოს რეკლამები კი, ასე ვთქვათ, უფრო სტანდარტულად გამოიყურება. და რაც ყველაზე საინტერესოა, ყველა რეკლამა ატარებს იდეას - რაც უნდა უცხო იყოს პროდუქცია, ვერასოდეს ჩაანაცვლებს ეროვნულს! ამის საუკეთესო მაგალითია რეზინის კალოშების რეკლამა, რომელიც ეროვნულსამოსიან ქართველ მანდილოსანს უჭირავს. მანდილოსანი სწორედ იმიტომ არის რეკლამაში ეროვნული ტანსაცმლით, რომ ექსპო­რტიორმა დაამტკიცოს - კალოში ეროვნული ღირებულებების მტრად ვერ იქცევაო, რისიც, როგორც ჩანს, ეშინოდა მაშინდელ ქართველ საზოგადოებას.
საერთოდ, უცხოს, ახალს საზ­ო­გადოების შიში ხშირად ახლავს,­ ამას ექსპორტიორები კარგად ხედავდნენ და რეკლამებზეც ე. წ. შიშის გამაქარვებელ ლოგოებს აკეთებდნენ. მაგალითად, სინემას, ანუ კინოს რეკლამას თან სდევს ლოგო, რომ ის საშიში არ არის თვალებისთვის.

- ანუ ეს რეკლამები იმასაც ამტკიცებენ, რომ ექსპორტიორები კარგად იცნობენ სამიზნე ჯგუფებს.

- სწორედ ეს არის რეკლამის­ ხელოვნება, თუმცა, საუკუნის წინანდელი ქართული პერიოდიკის რეკლამებს თან ერთი საოცარი ნიშანიც ახლავს, - არც ერთი ექსპორტიორი და რეკლამა არ ცდილობს სხვისი პროდუქციის ჩაძირვას, რასაც ხშირად მიმართავენ დღევანდელი ბიზნესმენები­. ასე რომ, სარეკლამო პროდუქცია ამ მხრივ პატიოსანია. და, რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, ექსპორტიორი თვით პროდუქციის მწარმოებლის პატიოსნებასაც სარეკლამოდ იყენებს. მაგალითად, მაშინდელ რეკლამებში ხშირად არის მოხსენიებული როტშილდ­ების­ პატიოსნება. ეს მაშინდელ ევროპაში ეჭვშეუვალი იყო. ამიტომ, როცა საფრანგეთის რევოლუციამ ყველა ღირებულება გაანადგურა, როტშილდების ეზოში­ მათ დასაცავად თავად ხალხი შევიდა.

- ამ დროს სიცოცხლის დაზღვევის რეკლამებიცაა...

- სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირფასი იყო და მისი საფრთხეც ყველა ეპოქაში არსებობდა. იმ დროს სიცოცხლის დაზღვევის რეკლამები პირველ ადგილზე იყო, რითაც ცხადია, ადამიანის სიცოცხლე მაშინაც რისკის წინაშე იდგა.

- კიდევ რა ღირებულებებზე კეთდებოდა რეკლამებში აქცენტი?

- იმაზე, რომ საქართველოში­ საუკეთესო პროდუქცია შემოდის როგორც ევროპიდან, ასევე რუსეთიდან. მაგალითად, ზემოხსენებული კალოშები სანქტ-პეტერბურში რუსულ-ამერიკულ ფაბრ­იკაში მზადდება, ქსოვილები და პარფიუმერია ევროპიდან მოდის და იმდენად ბევრი, რომ მყიდველი მაღაზიის მეპატრონეებს თამამად ევაჭრება. ეს პროცესი რეკლამებშიც არის ასახული, მაგალითად, გოლოვინის პროსპექტზე მდებარე მაღაზიის მეპატრონე რეკლამაში აცხადებს, - საქონელი პირდაპირ უცხოეთის სავაჭრო სახლებიდან მაქვს შემოტანილი და იმდენად იაფად ვყიდი, ნუ შემევაჭრებითო!

- ეს მყიდველს არ აფრთხობდა?

- ასე რომ ყოფილიყო, ამ ტიპის რეკლამაც აღარ შეიქმნებოდა. რეკლამა არის ხელოვნება და ეს ხელოვნება სრულყოფილია მაშინ, როცა ვიღაცას ფულს ახარჯვინებს იმაში, რაც შეიძლება მას სრულიადაც არ სჭირდებოდეს. ეს დღესაც ასეა. თუმცა, თუკი მოხდა ისე, რომ ამ "ვიღაცამ" აღმოაჩინა, რომ ეს პროდუქცია უხარისხოა, მეორედ მას აღარ იყიდის. ეს იცოდნენ საუკუნის წინანდელმა ექსპორტიორებმა, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ კარგავდნენ მყიდველის ნდობას - მათი ბიზნესი არ იყო ერთჯერად მოგებაზე გაანგარიშებული. სწორედ ამიტომაც შეიქმნა XIX საუკუნის დასასრულს საკმაოდ მსხვილი ექსპორტიორების ჯგუფი, მათ შორის უბრალო ხალხში, რომელთაც დიდი ქონება დააგროვეს. თუმცა,­ ეს სიმდიდ­რე ბოლშევიკურმა რევოლ­უციამ გააცამტვერა. ბოლშევიკურ საქართველოში რეკლამების მხრივ სრული სიღატაკეა - ქონება საერთო ხდება, რაც ზოგადად ადამიანის ცხოვრების წესთან არის შეუთავსებელი.
რეკლამების ახალი ტალღა კი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასასრულს იწყება და უფრო და უფრო ვითარდება პრინციპით: "მეტი რეკლამა მეტი ფულია"...

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით