ტრამვაის მძღოლობიდან ქუჩის მუსიკოსობამდე - კვირის პალიტრა

ტრამვაის მძღოლობიდან ქუჩის მუსიკოსობამდე

თამაზ ცერცვაძე: "დღეს ოჯახს ქუჩაში დაკვრა-სიმღერით ვარჩენ"

დღევანდელმა ქალაქმა დიდი სცენის როლიც შეითავსა და უამრავი მუსიკოსი ამ სცენაზე ავიდა... ზოგისთვის დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი გზაა, ზოგისთვის - ერთადერთი შემოსავალი. ყველა ქუჩის მუსიკოსს თავისი მსმენელი ჰყავს, რეპერტუარიც განსხვავებულია... ამას წინათ, სამების ტაძრის მახლობლად შუახნის მამაკაცი გიტარაზე ქალაქურ სიმღერებს ასრულებდა... წლებსა და მძიმე ყოფას მისი ახალგაზრდული შემართება და ხმის სუფთა ჟღერადობა ამარცხებდა...

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ერთმა საგაზეთო განცხადებამ, რომელიც ვაკანსიის შესახებ იუწყებოდა, თამაზ ცერცვაძის ცხოვრება შეცვალა. სიმღერის მოყვარული თელაველი ბიჭი თბილისში წამოვიდა და გიტარის მაგივრად ტრამვაის საჭეს მოჰკიდა ხელი... მაშინ 23 წლის იყო.

თამაზ ცერცვაძე: - დღის განმავლობაში შვიდ გზას ვაკეთებდი იმ დრომდე, სანამ არ მოისპო ტრამვაი, პარალელურად მუსიკაში მოწაფეებს ვამეცადინებდი. 90-იან წლებში ერთი ავარია ძალიან ძვირად დამიჯდა. ტრამვაი გამიფუჭდა და უკუსვლით ბუქსირით მიმყავდა სახელოსნოში. ქალბატონი მართავდა მსუბუქ მანქანას და შეგვეჯახა, არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ მილიციამ გაუშვა, მე კი სამი წლით ციხეში გამისტუმრეს... არადა, დამნაშავე არ ვიყავი, ტრამვაის ხომ თავისი გზა აქვს, ტრასიდან ვერც გადავუხვევდი...

თელავში თბილისელი კაცი ჩამოდიოდა. მან მასწავლა ნოტები. მერე ჯგუფი "იმედი" შევქმენი. ძალიან მოდური იყო იმ დროს ქორწილებში ჩემი ანსამბლის მიწვევა. უცრემლოდ ვერ ვიხსენებ იმ წლებს. ხალხს ემხიარულებოდა, არავის უჭირდა. ახლა გაჭირდა ცხოვრება... ახლა მხოლოდ შვილიშვილები მეხვეწებიან ხოლმე - პაპი, ვიმღეროთო... დღეს ოჯახს ქუჩაში დაკვრა-სიმღერით ვარჩენ. ქალ-ვაჟი მყავს. თუმცა არის დღეები, როცა შინ ერთი ლარიც ვერ შემომაქვს...

ჩემს ახალგაზრდობაში სულ ბედნიერ სახეებს ვხედავდი, ახლა ყველა საფიქრალითაა დამძიმებული.

რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე ბატონი თემურ წიკლაური მოდიოდა. დავუძახე და გაჩერდა... მერე ერთად ვიმღერეთ. ბევრი უკუღმართი ადამიანიც დადის, დამიდგებიან წინ და მაძლევენ შეკვეთებს, ზოგი იცინის, ზოგი შარს ეძებს და ასე გადის დღეები.

ლამარა ცერცვაძე, დედა: - თამაზმა თბილისში მუშაობა რომ დაიწყო, ცოტა ხანში ქვეყანაც აირია. მის ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა. რომ დავხმარებოდი, მზესუმზირას ვყიდდი. მერე, რაც ქუჩის მუსიკოსი გახდა, დღემდე ის ზრუნავს ჩვენზე. დავქვრივდი და მარტომ გავზარდე ორი შვილი. გული მწყდება, რომ ვერ ავუსრულე ბავშვობის ოცნება, ვერ ვუყიდე ავტომობილი... ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა მეუბნებოდნენ, - ისე ტკბილად მღერის, მის მოსმენას არაფერი გვირჩევნიაო... ჩემი ცხოვრება წვალებაში გავატარე, მაგრამ ბედნიერი ვარ - ექვსი შვილთაშვილი მყავს და ვტკბები ჩემი მონაგრით.

თორნიკე ყაჯრიშვილი