"ვებრძვი ცხოვრებას, იმიტომ, რომ ძლიერი ადამიანი ვარ!" - კვირის პალიტრა

"ვებრძვი ცხოვრებას, იმიტომ, რომ ძლიერი ადამიანი ვარ!"

შეხვედრიდან დაბრუნებულმა შინაურებს გამოვუცხადე, არასოდეს დაემდუროთ ბედს-მეთქი. ეს სიტყვები მარიამ ტოპოლიანთან სტუმრობამ მათქმევინა.

- შემართებული და მიზანდასახული ადამიანი ვარ, ბოლომდე მიყვარს ბრძოლა, სულიერად არ ვეცემიო, - მითხრა მასპინძელმა და მისი ეს სიტყვები გულში ჩამრჩა...

არევ ტოპოლიანი ზედა ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში მამა იოანე როსტიაშვილმა მონათლა და მარიამი დაარქვა. არევი, რომლის სახელიც ქართულად მზეს ნიშნავს, დიღმის ყოფილი ბავშვთა სახლის საკუჭნაოში, ოთხკვადრატულმეტრიან ოთახში ცხოვრობს, რომელსაც ფანჯრების მაგივრობას ფიცრები და ცელოფანის პარკი უწევს. კედლებს აქ ნესტი ჭამს, საწოლი და მომცრო კარადა მთლიანად ხერგავს ოთახს. ფანჯრის რაფაზე ხატების კუთხეა. აქ არც გამათბობელია, არც გაზი, არც შუქი... სიბნელეში ვისხედით და ვსაუბრობდით.

- კრასნოდარის მხარეში დავიბადე, ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი, 6-წლისა იქაურმა თანამშრომლებმა უსინათლო გოგონასთან ერთად მატარებლით ჩამომიყვანეს საქართველოში. ასე მოვხვდი კახეთში, ბავშვთა სახლში, საიდანაც 1995 წელს ბავშვთა ფონდმა ოპერაციების გასაკეთებლად გერმანიაში გამამგზავრა. ძვლის პრობლემები მაქვს. გერმანიამდე საქართველოში გამიკეთეს რამდენიმე ოპერაცია. გერმანიაში კი ფეხზე დამაყენეს. რომ ჩამოვედი, თბილისის ეკონომიკის სამართლისა და ინფორმაციის საერთაშორისო ინსტიტუტში მოვეწყვე, გერმანული ენის სპეციალისტი ვარ. მერე ჩემი მეგობრის წყალობით მოვხვდი პარასპორტის განვითარების ცენტრში. მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობ. კიდევ ტაძარში დავდივარ. ვქსოვ სამაჯურებს, ჯემპრებს, ქუდებს.

მარიამს კიდურების თანდაყოლილი, მემკვიდრული დაავადება აქვს, რაც ხელ-ფეხზე თითების არქონას ან განუვითარებლობას ნიშნავს. შესაძლოა, დედამაც იმიტომ ვერ გაუწია დედობა, რომ თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო...

"დედა არასოდეს მინახავს და არც მაქვს უფლება, ჩემი მშობლები განვსაჯო, მადლობელი ვარ დედის, სიცოცხლე მაჩუქა. ყოველთვის გამომიჩნდებოდა ხოლმე შემწე და დამხმარე, თორემ აქამდე ვერ მოვიდოდი. დღეს ფეხზე ვდგავარ, მაგრამ ხშირად ვცივდები, რადგან სინესტეში ვცხოვრობ. მადლიერი ვარ ამ ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორის, აწ განსვენებული ნონა მაღრაძის, რომელმაც ჭერი მომცა".

მარიამი ერთხანს დახმარებას ვერ იღებდა, რადგან არანაირი საბუთი არ ჰქონდა. პირადობის მოწმობის მიღებაში მეგობრის დედა დაეხმარა, რომელიც კახეთის იმ ყოფილ ბავშვთა სახლში საგანგებოდ ჩავიდა, სადაც ოდესღაც მარიამი იზრდებოდა.

"მეორე ჯგუფის ინვალიდობა მომანიჭეს, 19 წელია ამ საკუჭნაოში ვცხოვრობ. ადვოკატი დამეხმარა, რომ სასამართლოში მერიის წინააღმდეგ სარჩელი შემეტანა, ერთ პატარა ოთახს ვითხოვდი. სოციალურად დაუცველთა სახლი რომ არის, შეჭირვებულებს მერიამ არ მისცა? იქ არიან შეჭრილებიც, მაგრამ მე ვერსად შევიჭრები!"

- რისი გეშინია?

- უბინაობის, მარტოსულობის, მაგრამ ხომ გაგიგიათ, შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო... ჰოდა, მეც ვებრძვი ცხოვრებას, იმიტომ, რომ ძლიერი ადამიანი ვარ!

ნანა ჩარკვიანი