პაემანი ცაში და "ასათიანის დაკიდული ბაღები" - კვირის პალიტრა

პაემანი ცაში და "ასათიანის დაკიდული ბაღები"

შვილები აბედნიერებს, მათი ფასი არავინ ჰყავს, ვერავის შეადარებს

"ვის არ უყვარს მზე?

პირველ რიგში, ბროწეულს უყვარს მზე! თითქოს მზე სავსებით შეუსრუტავსო. მზის ნაბადებია, მზისობა უჩანს თითოეულ ნაკვთში"...

ბუნების ასეთივე საჩუქარია, ყველას ოცნებას რომ შემოხვევია ბროწეულის ყვავილივით, სხვადასხვა ეპოქის კუთვნილი ყველა ლამაზი ქალი - ეპოქისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სილამაზითა და უჩვეულო ხიბლით.

ეს ქალი თანამედროვე ქართული შარმის სიმბოლოდ აღიარეს - ერთსულოვნად! მაკა ასათიანი სხვადასხვა თაობის მილიონობით ქართველმა მოიწონა, ფარულად თუ აშკარად გაუმიჯნურდა...

ცხოვრებამ მრავალჯერ გააწნა სილა, ზოგჯერ, ალბათ, დაუმსახურებლადაც. ბანალური ვიქნები - ეს ლამაზი ქალის ხვედრია.

"...მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? ვინ იცის?!"

სკოლისდროინდელი

მაშინაც ლამაზი იყო, თან ძალიან, თუმცა, ცოტა პუტკუნაც. ფალიაშვილზე, 56-ე სკოლაში სწავლობდა. იმ წლებში გატაცებული იყო.... მხოლოდ გართობით! ალქაჯივით ერთობოდა, ბიჭების გარემოცვაში თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდა... ბავშვობის უმეტესი ნაწილი ვაკის პარკში, მის მიმდებარე ტყე-ღრეში ხეტიალსა და ეზოში ფეხბურთის თამაშში აქვს გატარებული.

- მაკაა, მაკაააააააა! - სახლიდან ეძახდნენ. რას გაიგონებდა?! ხან სად პოულობდნენ მშობლები და ხან - სად.

აღარც ახსოვს, სახლიდან გასვლის წინ როდის ჩაიხედა პირველად სარკეში იმ განცდით, რომ ზღურბლს გადაბიჯებული "მას" გაეპრანჭებოდა. აღარც "ის" პირველი ახსოვს...

როდის შეიგრძნო, რომ ძალიან ლამაზი ქალია? ეს დღემდე არ აქვს სათანადოდ გაცნობიერებული.

პოსტთინეიჯერული

გაიზარდა. "ალქაჯობიდან" - შედარებით სერიოზულ ასაკში ნაფიქრალი ნაბიჯი უნდა გადაედგა. ბევრი არც უფიქრია, უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა... ახლა ზუსტად აღარც ახსოვს - სად. სავარაუდოდ, რუსული ან ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობა უნდა ყოფილიყო. როგორ არა, ყველა საგანი მომზადებული ჰქონდა და "პატიოსნად" განვლო საგამოცდო ეტაპი "სანუკვარ სტუდენტობამდე", თუმცა უნივერსიტეტში ერთხელაც არ გამოცხადებულა.

დრო იყო ცუდი - ახალდაშლილი საბჭოთა კავშირი, ქაოსური მდგომარეობა... მამამ მაკა ქართულ არაჯანსაღ გარემოს გაარიდა და ბიძაშვილთან ერთად საფრანგეთს აფრინა...

პარიზული

ჩვიდმეტი წლის გოგონები "შავ-წითელი"” საქართველოდან პირდაპირ მოდის ფერადსა და თვალისმომჭრელ სამყაროში აღმოჩნდნენ. როგორ შეიძლებოდა, მოდაზე არ ეფიქრათ?! იფიქრეს კი არა, იმდენიც მოიფიქრეს, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარეს - პარიზში!

იქ ჩასვლის პირველივე დღიდან მაკა "შოკში ჩავარდა". ეს შოკური მდგომარეობა ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. გრძელდება დღესაც - ყოველი ჩასვლა პარიზში მაკასთვის შოკის მომგვრელია.

KvirisPalitra.Geმოდური

ტანსაცმლის პირველი კოლექცია - სადიპლომო ნამუშევარი - პირველად პარიზულ პოდიუმზე გამოფინა. გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

მერე, თბილისს დაუბრუნდა. გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, პროფესიით ვერ იმუშავებდა - იმდროინდელ საქართველოში მოდის ბიზნესი არ არსებობდა, დიზაინერის საქმიანობაც, შესაბამისად, არავის სჭირდებოდა. არჩევანის წინაშე დადგა - ან სახლში დამჯდარიყო და ორ შვილზე ეზრუნა, ან... გარისკა და მეორე გზა არჩია - მაკა ასათიანს მოდის არარსებულ სფეროში უნდა ემოღვაწა.

ბევრი კონსულტაციისა და ფიქრის შემდეგ თბილისში მაკა ასათიანის მოდის სახლი გაიხსნა. დასაწყისში ძალიან გაუჭირდა - იმ პერიოდში ასაკით პატარა, დამწყები დიზაინერის ტანსაცმლის სახლის გახსნა სერიოზული განაცხადი იყო, არა მხოლოდ მოდის სფეროში.

დამკვეთი არ ჰყავდა, დამთვალიერებელი - ძალიან ცოტა.

თეონა თავართქილაძე, იკა ბობოხიძე, თიკა შენგელია და სხვა რამდენიმე დამწყები დიზაინერი მუშაობდა იმ დროს მაკას მოდის სახლში - ერთად ქმნიდნენ მოდელებს და ერთობლივად უღვივებდნენ სიცოცხლის ნიშანწყალს ქართულ თანამედროვე მოდასაც.

ახლა ტანსაცმელს მხოლოდ საკუთარი სხეულისთვის ქმნის, იმასაც იშვიათად. თვლის, რომ მოდის სფეროში, როგორც დიზაინერმა, განაცხადი უკვე გააკეთა და შესაძლებლობებიც ამოწურა. ახლა შემოქმედებითად აღარ არის დაკავებული, თუმცა კვლავ აქტიურობს - ზოგჯერ შემფასებლის, ზოგჯერ კრიტიკოსის, ზოგჯერ საპატიო სტუმრის, ზოგჯერ კი კომპეტენტური მრჩევლის სტატუსით.

ოჯახური

KvirisPalitra.Geპირველად... სტოპ!!! მერაბ ჟორდანიასთან დაკავშირებულ წარსულზე ღიად საუბრისგან თავს იკავებს. ეს მისთვის რთული და არცთუ სასიამოვნო თემაა.

მეორედ როცა მოუხდა არჩევანის წინაშე დადგომა, კვლავ შეექმნა თუ არა ოჯახი, ძალიან, ძალიან ბევრი იფიქრა - ძალიან, ძალიან ბევრი მიზეზის გამო...

თუმცა, გადაწყვეტილება დიდმა სიყვარულმა მიაღებინა - "ამ დროს ხომ ყველაფერი გავიწყდება და თვალები გებინდება?!"

მე: - როცა პირველად შექმენი ოჯახი, მაშინაც სიყვარულმა...?

ის: - ჰო, რა თქმა უნდა!

კოტე გოგელიაზე ბევრს არ ლაპარაკობს, ისევე, როგორც ზოგადად, პირად ცხოვრებაზე. ახლანდელი ქმარი ბიზნესმენი, წარსულში ჩოგბურთელი და უბრალოდ, "მაგარი ტიპია"!მაკა ასათიანი ვერაფრით ახერხებს პირადი ცხოვრების იზოლირებას, ყველა ერევა, განიხილავს, იქექება, არჩევს და აკრიტიკებს იმას, რაც მხოლოდ მისი კუთვნილებაა.

მეორე ქმარი რუსეთში დარჩა, მაკა კი უმცროს შვილთან ერთად შვეიცარიაში გადასახლდა. მითხრა, ჩემს მეუღლეს ბევრი კომპანია აქვს შვეიცარიაშიო და... თუმცა, რეალური მიზეზი გაუხმაურებელია. ეს ფაქტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეფიქრათ... ხმაც გავრცელდა და ეჭვიც გაჩნდა - მაკას ოჯახი მეორედაც დაენგრა?!

ამბობს, რომ ერთად არიან, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე გრაფიკისა და ცხოვრების წესის გამო ერთმანეთის გვერდით ცხოვრებას ვერ ახერხებენ. კვირის ბოლო ორი დღე აქვთ დროის ერთად გასატარებლად, როცა კოტე გოგელია შვეიცარიაში აკითხავს ცოლ-შვილს. ზოგჯერ, ქმარს ქვეყნიდან ქვეყანაში გადასაადგილებლად დიდხანს უწევს ფრენა, მაკა შანსს ხელიდან არ უშვებს და მასთან ერთად მიფრინავს ერთადერთი მიზნით - კოტესთან ცაში მაინც გაატაროს დრო. საჰაერო პაემნებსაც თავისებური ხიბლი აქვს, თუმცა ესეც იშვიათი ბედნიერებაა.

მე: - შეუდარებელი ქორწილი გქონია...

ის: - საერთოდ არ მქონია!

მე: - ვიცი, რომ კაბა გალიანომ შეგიკერა.

ის: - ჰო, მართალია.

მე სახეზე გაოცებამ გადამიშლიგინა.

ის თვალისმომჭრელად იცინის.

მართლაც, უცნაურია! ჯონ გალიანო ორი წლის განმავლობაში ქმნიდა კაბას მაკასთვის. ნაოცნებარი საქორწინო კაბა უკვე მზად არის, თუმცა... კაბა პატარძალს ვერ ეღირსა, პატარძალი კი - ქორწილს. ჯერ იყო და, კიდევ ერთ სულს ატარებდა მუცლით, მერე... უსასრულო მოგზაურობები, მივლინებები, გადაბარგება ქვეყნიდან ქვეყანაში. თითქოს, შეჯერდნენ და სანქტ-პეტერბურგში გადაწყვიტეს დაქორწინება, მაგრამ მოულოდნელად მაკა შვეიცარიაში გადასახლდა. ასეა თუ ისე, გეგმები მარშრუტთან ერთად ისე სწრაფად იცვლებოდა, რომ ქორწილის თარიღი ვერა და ვერ დადგინდა. დროც გავიდა, თუმცა ჯონ გალიანოს კაბა მაკა ასათიანის ქორწილის მოლოდინშია კვლავაც.

დედობრივი

KvirisPalitra.Geბავშვის გაჩენა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა მის ცხოვრებაში. ყოველი შვილის შემდეგ გარდატეხა ხდება თითქოს...

შვილები აბედნიერებს, მათი ფასი არავინ ჰყავს, ვერავის შეადარებს.

პირველი შვილის გაჩენისთანავე დედობრივი შეგრძნებები მძაფრად გაჩნდა მასში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იგრძნო, მიუხედავად მცირე ასაკისა. იგივე განცდა დაეუფლა მეორე და მესამეგზის დედობისას. უფროსი - კახი ჟორდანია, თექვსმეტი წლის არის. საინტერესო და განათლებული ადამიანია, ლონდონში სწავლობს, იქვე ცხოვრობს.

ლევან ჟორდანია ახლა ფეხბურთითაა გატაცებული. ის ძირითადად თბილისში, მამიდასთან, ხათუნა ჟორდანიასთან ცხოვრობს.

პატარა შვილს - კოსტა გოგელიას, დედის გვერდით მუდამ ყოფნის ბედნიერება აქვს. შესაბამისად, სულ მოგზაურობს.

მაკა ასათიანი აღიარებს, რომ შვილებთან ურთიერთობისას ბევრ შეცდომას უშვებს. უფროსებს გარდამავალი ასაკი აქვთ, ამიტომ დედა რთულად ურთიერთობს მათთან, KvirisPalitra.Geთუმცა ცდილობს, ორივე შვილთან მეგობრული დამოკიდებულება დაამყაროს.

შვეიცარიული

"ასათიანის დაკიდული ბაღები"... გადავაზედმეტე. დაკიდული ბაღი არა, მაგრამ მშვენიერ მაკას მიწიური ბოსტანი კი ნამდვილად აქვს, თანაც უზადოდ მოვლილი და თან - საკუთარი ხელით. ეს მაკასთვის სიამოვნების მომგვრელი პროცესია. აკეთებს ყველაფერს, რასაც ბოსტანი საჭიროებს - ბარავს, რგავს, რწყავს, ზრუნავს... ვერ მოიტყუება, ნამდვილად ჰყავს დამხმარე, მაგრამ უფრო ხშირად თვითონაა ამ საქმიანობით დაკავებული. ბევრჯერ სპეციალური ხელთათმანის გარეშეც უმუშავია ბოსტანში - მიწისა და მცენარეების სიყვარულის გამო.

შვეიცარიაში ყოფნა ძალიან უჭირს. ყველა, ვინც უყვარს, საქართველოში ჰყავს. ამის გამო სულ წუწუნებს, გული აქ ექაჩება და ჩამოდის კიდეც - არცთუ იშვიათად.

ქალური

მაკაზე ბევრს ლაპარაკობენ, უფრო მეტს ჭორაობენ. რას არ იგონებენ და უვრცელებენ. მიუხედავად ამისა, არც ერთ ჭორს არ გაუღიზიანებია, მძაფრი რეაქცია არ ჰქონია.

ძალიან ბევრს ნანობს. წარსულში ბევრჯერ ჩაიდინა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა. რომ შეეძლოს დროში დაბრუნება, გამოასწორებდა. თუმცა იცის, რომ კიდევ ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს, მერე ისევ ინანებს და ასე...

ბედნიერი ქალია? ბანალურად თუ მიპასუხებს, ბედნიერია, მაგრამ...

ის: - მკითხავ, რა არის ბედნიერება?

მე: - კარგი, გკითხავ - რა არის ბედნიერება?

ის: - მე არ ვიცი, რა არის ბედნიერება, შენ რა, იცი?!