ქართველ პოლიციელებს ამერიკელი ინსტრუქტორები ასწავლიან?!
01-05-2017
ქართველ პოლიციელებს ამერიკელი ინსტრუქტორები ასწავლიან?!
რამდენად ხშირად გადიან შსს-ში დასაქმებული პირები ტრე­ნინგს და არის თუ არა შსს-ს აკადემიაში სწავლების კურსი საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში, "კვირის პალიტრის" კითხვებს შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე პასუხობს:

- ბოლო წლების განმავლობაში შს სამინისტროს სისტემაში მრავალი რეფორმა განხორციელდა და მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება გვეხმარება, გავზარდოთ პროფესიონალი პოლიციელები. სწორედ ამ მიზნით შსს-ს აკადემიაში ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ეგიდით 3-4 მაისს ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო
კონფერენცია თემაზე "მიგრაციის მომავალი - მასთან დაკავშირებული გამოწვევები და რეაგირების გზები",  5 მაისს კი მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრის/აკადემიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი. მათ შორის, ევროკავშირის წევრი 12 ქვეყანა, თურქეთი, ნორვეგია, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი,
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი. კონფერენციის მიზანია, გააძლიეროს შსს-ს აკადემიის საერთაშორისო თანამშრომლობა საპოლიციო სწავლების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკის და ჩატარებული კვლევების შედეგების გაზიარებასა და ერთობლივი პროგრამების შემუშავებას ასოციაციის წევრებს შორის. ვიზიტის ფარგლებში შსს-ს აკადემია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებათა აკადემიასა და ლვოვის შს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. კონფერენციას დაესწრება AEPC-ს პრეზიდენტი, ნორბერტ ლაიტნერი, რომელიც ავსტრიის პოლიციის აკადემიის რექტორიცაა. მმართველი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში დაგეგმილია ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტისა და გამგეობის ერთი ახალი წევრის არჩევა; აგრეთვე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის აკადემიათა ახალ წევრებად მიღების საკითხი.

- აკადემიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საერთაშორისო სატრენინგო პროგრამების განვითარება სახელდება, რაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს სასწავლო კურსების საქართველოში გავლის საშუალებას აძლევს. რამდენად მაღალია სატრენინგო პროგრამებით უცხოელი კოლეგების დაინტერესება?

- ამ კუთხით დაგეგმილია რეგიონული სატრენინგო ცენტრის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად განხორციელდება რეგიონის ქვეყნების საშუალო რგოლის მენეჯერ პოლიციელთა ერთობლივი გადამზადება ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების მიმართულებით, აგრეთვე, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის კოორდინაციის მეთოდოლოგიასა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებაზე. სასწავლო პროცესს შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ამერიკელი ინსტრუქტორები წაუძღვებიან, რომლებთან ერთადაც შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორთა ეტაპობრივი ჩართვა განხორციელდება. საერთაშორისო ტრენინგების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, დაგეგმილია აკადემიის ტერიტორიაზე მოქმედი საერთო საცხოვრებლის სამვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროდ გადაკეთება, რაც საშუალებას მისცემს აკადემიას, მიიღოს ტრენინგებში მონაწილეებთან ერთად ნებისმიერი რანგის დელეგაცია. ასევე, განახლდება აკადემიის სასწავლო გარემო. კერძოდ, საკლასო ოთახები საერთაშორისო ტრენინგებისთვის აპრობირებული ინფრასტრუქტურის შესაბამისად მოეწყობა. რეგიონული აკადემიის ფარგლებში პირველი საერთაშორისო სასწავლო ჯგუფისთვის ტრენინგის ჩატარება წლის ბოლოს იგეგმება.

- რამდენად მაღალია ახალგაზრდებში სურვილი, თქვენთან სასწავლო კურსი გაიარონ და შემდეგ შს სამინისტროს სისტემაში დასაქმდნენ?

- სამინისტრო მუდმივად ახორციელებს როგორც მოქმედი პოლიციელების სპეციალური მომზადების პროგრამებს, ასევე სამოქალაქო პირებისათვის საბაზისო მომზადებას. აკადემია, მსმენელთა პროფესიული მომზადების გარდა, ახორციელებს ასევე უმაღლესი განათლების პროგრამებს.

სამართლის საბაკალავრო პროგრამისა და საპოლიციო რეგულირების სფეროში საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, რეგიონებში განხორციელდა პროექტი "შენი მომავალი - შსს-ს აკადემია", რაც საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიცავდა.
აღნიშნული შეხვედრების შედეგად, შსს-ს­­­ აკადემიის ცხელ ხაზზე, სოციალურ ქსელში ზარების რიცხვი 50%-ით გაიზარდა. ღია კარის დღეზე, წინა წლებთან შედარებით, დაახლოებით 400-ზე მეტმა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. ყოველივე ეს არის საზოგადოების მაღალი ინტერესის მაჩვენებელი აკადემიაში მიმდინარე პროგრამების მიმართ.

პარტნიორი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმების მიზნით ხშირად გადიან პროფესიული მომზადების სხვადასხვა კურსს. დიდია ინტერესი საპოლიციო რეგულირების სფეროში არსებულ მაგისტრატურასთან დაკავშირებით და, რაც ყველაზე სასიხარულოა, ჩვენს სტუდენტებს შორის - 40% ქალია. დიდი გამოხმაურება მოჰყვა შსს-ს აკადემიის ახალ პროექტს "შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი". პროექტის მიზანია შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით პროფესიონალი მკვლევრების გარდა ახალგაზრდების დაინტერესება; მოსწავლეთა და სტუდენტთა კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნების და წყაროზე მუშაობის სპეფიციკური უნარების განვითარება. პროექტში ჩართული არიან საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლები, მოსწავლეები და პარტნიორი უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ბაკალავრები. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აკადემიამ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შეიმუშავა ახალი პროექტი "ერთი დღე აკადემიაში", რომლის პრეზენტაციაც მაისში იგეგმება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით