პატი - თეთრი სახლის "უჩინარი, საიდუმლო იარაღი" - კვირის პალიტრა

პატი - თეთრი სახლის "უჩინარი, საიდუმლო იარაღი"

გზა კონკიადან პირველ ლედიმდე

რეზიდენტის ცოლობა პროფესიაა. ისტორიამ შემოგვინახა პირველი პირების მეუღლეთა სახელები, რომლებიც ზოგჯერ ქმრებზე პოპულარულებიც კი არიან. აშშ-ის პრეზიდენტების ცოლებს შორის ყველაზე გამორჩეული პატ ნიქსონი იყო, რომელსაც თეთრი სახლის "უჩინარ" დიასახლისსაც კი უწოდებდნენ. ამბობენ, რომ მარტში დაბადებული ქალები ჭირვეულები არიან, თუმცა პატის, რომელიც 1912 წლის 16 მარტს ნევადის შტატის პატარა ქალაქ აილში მოევლინა ქვეყანას, ზედმეტად გაწონასწორებული ხასიათი ჰქონდა. ამის გამო რამდენიმე მეტსახელიც შეარქვეს: ზოგი "პლასტმასის ქალს", ზოგიც "პატი-რობოტს" ეძახდა.

პატი კალიფორნიაში, ერთ პატარა ფერმაში ცხოვრობდა, უფროს ძმებთან ერთად ბოსტანს უვლიდა და, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რას უმზადებდა იღბალი.

ყოველთვის იღბლიანი როდი იყო. 13 წლისას დედა გარდაეცვალა. 17 წლისას - მამაც. სკოლის დამთავრების შემდეგ დამლაგებლად დაიწყო მუშაობა, რათა კოლეჯში სწავლის საფასური გადაეხადა. ერთ მშვენიერ დღეს კი ნიუ-იორკში გამგზავრება გადაწყვიტა. საავადმყოფოში ჯერ მდივნად მუშაობდა, შემდეგ კი ექიმ-რენტგენოლოგის ასისტენტად გადაიყვანეს. ბედის ირონიით მრავალი წლის განმავლობაში დასნეულებული ფილტვების მქონე პაციენტების მოვლა უწევდა და თავად პატის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის სიმსივნე გახდა...

ცოტა ფული რომ მოაგროვა, სამხრეთ კაროლინაში, უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. შემდეგ კალიფორნიის ერთ პატარა ქალაქ ვიტერის სკოლაში გეოგრაფიასა და მანქანაზე ბეჭდვას ასწავლიდა. სწორედ იქ ნახა პატი ახალგაზრდა ადვოკატმა რიჩარდ ნიქსონმა. რიჩარდი ორი წლის განმავლობაში  სთავაზობდა გულსა და ხელს პატის, ის კი უარით პასუხობდა. მიუხედავად ამისა, შეყვარებული კაცი მოთმინებით ელოდა და მოთმინება დაუფასდა, პატიმ მას თანხმობა უთხრა და საჩუქრად ნიშნობის ბეჭედი მიიღო, რომელიც თაიგულში იყო ჩამალული. მოკრძალებული, მაგრამ ლამაზი ქორწილი გადაიხადეს და  საქორწინო მოგზაურობაშიც გაემგზავრნენ.

1946 წელს პატის პირველი ქალიშვილი პატრიცია შეეძინა. ორი წლის შემდეგ ნიქსონების წყვილს კიდევ ერთი ქალიშვილი, ჯულია ეყოლა, რომელიც პრეზიდენტ ეიზენჰაუერის შვილიშვილ დავიდს გაჰყვა ცოლად... 1952 წელს პრეზიდენტმა ეიზენჰაურმა რიჩარდ ნიქსონი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. პატი ახლობელთან ერთად კაფეში სადილობდა, როცა რადიოში მოისმინა, რომ მისი ქმარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩიეს და ძლივს მიასწრო კონგრესის სხდომათა დარბაზში, რათა რიჩარდთან ერთად ტრიბუნაზე ასულიყო.

ნიქსონის პოლიტიკური კარიერა სავსეა შავი ლაქებით და, მიუხედავად იმისა, რომ პატი ქმრის პოლიტიკური თამაშის ბინძურ წესებს არ ეთანხმებოდა, მაინც მხარში ედგა. მაგალითად, ერთ-ერთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნიქსონმა ფარულად მიიღო ფინანსური დახმარება კალიფორნიელი მეწარმეებისგან. ეს ამბავი გახმაურდა და რიჩარდმა ის-ის იყო დააპირა თავისი კანდიდატურის მოხსნა, რომ პატიმ გადააფიქრებინა. მეორე დღეს რიჩარდ ნიქსონი ამომრჩევლის წინაშე გულისამაჩუყებელი სიტყვით წარდგა. თვალცრემლიანი ჰყვებოდა, რა გაჭირვებაში ცხოვრობს მისი ოჯახი, რომ პატის ქურქიც კი არა აქვს და იაფფასიან პალტოს ატარებს, როგორც ნამდვილი რესპუბლიკელი.

"უჩინარი" პატი ქმრის ყველა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. ნიქსონმა ცოლს "საიდუმლო იარაღიც" კი შეარქვა. პატი პირველი იყო პრეზიდენტების ცოლებს შორის, ვინც ქმარმა უცხო ქვეყანაში ოფიციალური დიპლომატიური მისიით მიავლინა. 1970 წელს, პერუში მიწისძვრის შემდეგ, ამერიკის 37-ე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ცოლი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად გაგზავნა. პერუს პრეზიდენტი გენერალი ველასკო ალვარადო ამერიკელი პირველი ლედის გამბედაობამ აღაფრთოვანა და მას ქვეყნის უმაღლესი ჯილდო უბოძა.

რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევდა ნიქსონი პოლიტიკაში, მით უარესდებოდა მისი და პატის ცოლქმრული ურთიერთობა. თეთრ სახლში ჭორიც კი გავრცელდა, თითქოს პატის ექიმთან დაუჩივლია, 60-იანი წლების შემდეგ ქმართან აღარ მძინავსო. მართლაც, თეთრ სახლში ნიქსონები ცალ-ცალკე, შენობის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობდნენ. ამის გამო მას თეთრი სახლის მარტოხელა დიასახლისიც კი შეარქვეს.

განსხვავებული იყო ცოლ-ქმარ ნიქსონების პოლიტიკური მოსაზრებები, მსოფლმხედველობა. მაგალითად, რიჩარდ ნიქსონი აბორტის წინააღმდეგი იყო, პატი კი ფიქრობდა, რომ ეს საკითხი ქალის გადასაწყვეტია; პატის მიაჩნდა, რომ უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობაში ქალებიც უნდა ყოფილიყვნენ, პრეზიდენტს კი ამის გაგონებაც არ სურდა. საომარი მოქმედებების დროს  პატი ვიეტნამშიც ჩავიდა.

პატ ნიქსონი 81 წლისა გარდაიცვალა. საფლავის ქვაზე მის მიერვე შეთხზული ეპიტაფიაა ამოტვიფრული: "ვისურვებდი, რომ ადამიანების მეხსიერებაში პრეზიდენტის ცოლად დავრჩე".

KvirisPalitra.Geნიქსონი საქართველოს დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს

1991 წელს რიჩარდ ნიქსონი საქართველოს ეწვია, სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოს არჩევანი უნდა გაეკეთებინა დამოუკიდებლობის სასარგებლოდ. ნიქსონი 31 მარტის რეფერენდუმსაც დაესწრო. ეს ფოტოც ზვიად გამსახურდიასთან ამ ვიზიტის დროსაა გადაღებული.

ცნობილია, რომ თბილისში ჩამოსვლამდე ნიქსონი მოსკოვს ეწვია, სადაც მიხაილ გორბაჩოვს უნდა შეხვედროდა. გორბაჩოვმა თურმე თავი შორს დაიჭირა და შეხვედრა რაღაც მიზეზით გადადო. "უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობას", - ეს სიტყვები ნიქსონს ეკუთვნის.