”გინახავთ ქართველი კაცი სტუმარს აგინებდეს?” - კვირის პალიტრა

”გინახავთ ქართველი კაცი სტუმარს აგინებდეს?”

"არ ვიცი ჩემთან სტუმრობამდე გაეცნო ასე კარგად ჩემს შემოქმედებას, თუ მანამდეც იცნობდა, მაგრამ მე კმაყოფილი დავრჩი"

საქართველოს პრეზიდენტის დედულეთი ჭიათურაა. მიხეილ სააკაშვილი თავს ცხრუკვეთელად მიიჩნევს. არაერთხელ გაუხსენებია ჭიათურის ამ მთაგორიან სოფელში გატარებული ბავშვობა.

ჭიათურა და საჩხერე რამ გაყო? ცხრუკვეთიდან რამდენიმე კილომეტრში არგვეთია, მუხრან მაჭავარიანის მშობლიური სოფელი. საჩხერელებსა და ჭიათურელებს შორის როდის ყოფილა გაუგებრობა და გაბუტვაო, - მხარს იჩეჩდნენ ჭარმაგი იმერლები ორივე რაიონში, როდესაც გაიგეს, ჭიათურელ სააკაშვილს საჩხერელ მუხრან მაჭავარიანთან სტუმრობა და დაბადების დღის მილოცვა ნდომებია, მაგრამ მუხრანს მის მასპინძლობაზე უარი უთქვამსო. თუმც იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საქართველოს პოეტის საქციელს იწონებდნენ, ტერიტორიების დამკარგავი პრეზიდენტისთვის საქართველოზე გადადებულ პოეტს როგორ უნდა ემასპინძლაო.

ასეა თუ ისე, 12 აპრილს, მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეს სააკაშვილს არგვეთში სტუმრობა არ გამოუვიდა, მაგრამ ხომ იცით ჩვენი პრეზიდენტის ბუნება, რაკი მუხრან მაჭავარიანთან სტუმრობა გულში ჩაიდო, ყველაფერი იღონა, რომ საწადელი აესრულებინა და 29 აგვისტოს პოეტს საჩხერეში ესტუმრა.

ბატონ მუხრან მაჭავარიანს საჩხერეში დავურეკეთ და პრეზიდენტის სტუმრობის ამბავი ვკითხეთ, იუბილე მივულოცეთ და რამდენიმე კითხვაც დავუსვით:

- 80 წლის გავხდი და პრეზიდენტი მოსალოცად მოვიდა ჩემთან.

- მაგრამ თქვენი დაბადების დღე 12 აპრილს იყო. რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტი საიუბილეოდ თქვენთვის ავტომანქანის ჩუქებას აპირებდა, მაგრამ საჩუქარზეც უარი უთხარით და არც შინ მიგიპატიჟებიათ, რადგან მასზე განაწყენებული ყოფილხართ. ასე იყო?

- 12 აპრილს პრეზიდენტმა ტელეფონით მომილოცა იუბილე, დღეს კი შინ მესტუმრა.

რაც შეეხება ავტომანქანის ჩუქებას, მთლად ასე არ იყო, მაგრამ დაახლოებით ისე იყო, როგორც ამბობთ.

პრეზიდენტმა წინასწარ შემომითვალა, რომ მესტუმრებოდა, შევთანხმდით და მოვიდა. აბა, გაუფრთხილებლად ხომ არ დამადგებოდა თავზე?

- პრეზიდენტს რომ მასპინძლობდით, ძველი მიშა ხომ არ მოგაგონდათ, რომელსაც მხარს უჭერდით?

- მართლაც ის დრო მომაგონდა. პრეზიდენტი ბოლო დროს შეიცვალა. ისე ილაპარაკა, ვგონებ, აწი უკეთესობა უნდა იყოს ქვეყანაში. ორივეს ის გვინდა, ქვეყანა კარგისკენ წავიდეს. თუ მართლაც ასე მოხდა, ამას რა სჯობია?

არგვეთს სასმელი წყალი უჭირს და წყლის შემოყვანა ვთხოვე სოფელში. მეტი არაფერი მითხოვია და პრეზიდენტი დამპირდა,  თხოვნას შეგისრულებო.

- ავტომანქანის ჩუქებაზე არაფარი უთქვამს?

- არა. ეტყობა, აღარ მიიჩნია საჭიროდ ასეთი საჩუქრის გაკეთება. იმდენი ილაპარაკა ჩემს შემოქმედებაზე, ისე ჩახედული ყოფილა ჩემს პოეზიაში და იმდენი ლექსი სცოდნია ზეპირად, რომ სიმართლე გითხრათ, მესიამოვნა. არ ვიცი ჩემთან სტუმრობამდე გაეცნო ასე კარგად ჩემს შემოქმედებას, თუ მანამდეც იცნობდა, მაგრამ მე კმაყოფილი დავრჩი. ეს ჩემდამი პატივისცემის გამოვლინებად ჩავთვალე.

- აქამდე პრეზიდენტს აკრიტიკებდით, ჩემთანაც გითქვამთ ინტერვიუში, შემეშალა, სააკაშვილს მხარი რომ დავუჭირეო. მის გამო უხერხულობა ხომ არ გიგრძნიათ?

- თუ გასაკრიტიკებლად მოიქცევა, მომავალშიც გავაკრიტიკებ. ვინ ამიკრძალავს ვთქვა, რაც არ მომწონს?  ამჯერად თავი შევიკავე. გინახავთ, ქართველი კაცი სტუმარს აგინებდეს? რაკი პრეზიდენტი მესტუმრა, ადათის დაცვით ვუმასპინძლე. სიკეთით მოვიდა და სიკეთით დავხვდი, სუფრასთანაც, წესისამებრ, დავლოცეთ ჩვენი სამშობლო. გმადლობთ, გენაცვალე, რომ მეხმიანებით ხოლმე.