"ერთ დღესაც აღარ გავედი ბირჟაზე... დამთავრდა სიყმაწვილე..."
01-05-2017
"ერთ დღესაც აღარ გავედი ბირჟაზე... დამთავრდა სიყმაწვილე..."
"როცა ბიჭი ვიყავი, ჯანსუღს ძალიან ვაბრაზებდი. ჩემს შვილს რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დაწერილი აქვს და წინ უდევს, როდის რა გააკეთოს. ხან მეგობრები ვართ, ხან მამა-შვილი"

მომეჩვენა, რომ უხასიათოდ დამხვდა... მიღი­მოდა, თან სევდა ჩასდგომოდა თვალებში. ჩვეული გულწრფელობით საუბრობდა, საინტერესოდ, როგორც სჩვევია მამუკა ჩარკვიანს. დრო ისე გავიდა, ვერც გავიგეთ და... სევდაც წაიღო.

- როგორ გადის ყოველდღიურობა?

- ისე, რა... ვერ დავდივარ, იმედია, გავივლი. ექიმები მაიმედებენ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებაო. დავიღალე...

-
ცხოვრებაში არის წუთები, რომლებიც ადამიანებს სულ სხვა თვალით დაგვანახებს.

- ამ დროს იგებ, ვინ ყოფილა შენი ახლობელი. ისე, ერთი მხრივ, კარგია, ცხოვრების ბოლოსკენ მაინც რომ გაიგებ, ვინ ვინ არის. კაცი რომ ორი წელი არ მოვა შენს სანახავად, ის არ შეიძლება, შენი ახლობელი იყოს. ვერ ახერხებენ...
მინდა, გავამართლო.

გადაფასდა მშობლებთან ურთიერთობაც... როცა ბიჭი ვიყავი, ჯანსუღს ძალიან ვაბრაზებდი. ერთხელ დილის 6 საათზე მივედი შინ. კარი გამიღო. მამა, ძალიან გვიან მოვედი-მეთქი, მოვუბოდიშე. ამაზე ადრე როგორ უნდა მოსულიყავიო, მითხრა.
ერთხელ სადღაც მივდივარ და კლასიკ­ური სტილის პიჯაკი მჭირდება. ავდექი და ჯანსუღის პიჯაკი წავიღე მკერავთან, გადავ­აკეთე. ჩამომისწრო, რაიონში იყო წასული.
დილით გამოაღო გარდერობი, ჩაიცვა პიჯაკი­ და გაიჭედა, სახელოებიც იდაყვებს ძლივს უფარავდა. დგას, ხელებს ატრიალებს, რა არის ესო?! დედაჩემმა, გავრეცხე და ეტყობა, შეითელაო. კი არ გარეცხე, იმის ნამოქმედარიაო! მერე ისევ მივიტანე მკერავთან და შეკეცილი მკლავები გამოვაშვებინე. მეორე დღეს ჯანსუღს ვუთხარი, მიდი, აბა, ის პიჯაკი მოირგე-მეთქი. ჩაიცვა, კარგად ჰქონდა. რას მეფოკუსებიო, ჩაიცინა და სულ მაჩუქა.

- დასაც აბრაზებდით?

- დილით ერთად მივდიოდით სკოლაში. ცხელ ჩაის ვერ სვამდა და გაცივებას­ ელოდა, მე კი უცებ შევჭამდი, მერე თაკოს ჩაიში თითს ჩავყოფდი და მოვურევდი, თაკო, არ დაგვაგვიანდეს-მეთქი. იმას ხომ აღარ დალევდა და მომდევდა მშიერი. კარგი წლები იყო...

- დაოჯახების ამბავს გაიხსენებთ?

- სახლში გამოვაცხადე, ცოლი უნდა შევირთო-მეთქი... მერე შეგვეძინა ჩემი ირინოლა. 4-5 წლის შემდეგ დავშორდით. კარგა ხნის შემდეგ გავიცანი ირმა. მეზობლად ცხოვრობდა, თუმცა მანამდე არ ვიცნობდი. ერთხელაც ვხედავ, აივნიდან იყურება გარუჯული გოგო, სოხუმიდან ახალი ჩამოსული იყო. ავძახე, ყავას დამალევინებ-მეთქი? მობრძანდითო. ავედით, მისი მეგობარი მახლდა, მარინა ზედგინიძე, ახლა დედა ელისაბედი.

იმის მერე იმდენ ხანს ვიარე მასთან ყავაზე, სანამ არ ვიქორწინეთ. ბიჭი რომ შეგვეძინა, ჩემი ჯაკო, ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა. ჩემი მეუღლე რეზუს-უარყოფითია, მე - დადებითი. მხარზე ამომაჭრეს ხორცი და მეუღლეს ჩააკერეს ორსულობის პერიოდში, რომ ანტისხეულებისგან დაცული ყოფილიყო. იმ პატარა ნაიარევზე ვიდებ ხოლმე ხელს, აქედან გაჩნდა ჩემი შვილი-მეთქი!..
ყველაფერში ვგავართ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დაწერილი აქვს და წინ უდევს, როდის რა გააკეთოს. ხან მეგობრები ვართ, ხან მამა-შვილი. კარგი ბიჭია, წესიერი.

- "ირინოლა" - ბევრისთვის მამუკა ჩარკ­ვიანის სახელი პირველ რიგში ამ სიმღერასთან­ ასოცირდება.

- ეს სიმღერა დედაჩემის, ირმა ჩხეიძის ლექსზე შეიქმნა. ჩემს ქალიშვილს დაუწერა. როცა იძინებდა, ვუმღეროდით: "სულ ყველაზე ლამაზი/შენი თვალის ფერია/შენზე უსაყვარლესი/ქვეყნად არაფერია...
გავიდა წლები და, ირინოლა რომ თხოვდებოდა, დედაჩემმა ამ სიმღერას კიდევ ერთი სტროფი დაამატა: "სიყვარულში იცოდე, მწუხარებაც ბევრია..." ამ სიმღერით გათხოვდა. სამი არაჩვეულებრივი შვილიშვილი მყავს.

- თავგადასავლების მაძიებელი იყავით?

- ხიფათიანი ვიყავი. ერთხელ კვირის განმავლობაში სამჯერ მივედი ქირურგთან გასაკერად. ჯერ ვიჩხუბე, მერე ავარიაში მოვყევი, შემდეგ ისევ ვიჩხუბე­. მესამედ რომ მივაკითხე, გადაირია, შენ, ბიჭო, ჩემს მორიგეობას უცდი, თუ რაშია საქმეო...
ჩვენი ბირჟა დოლიძის ქუჩის ამოსასვ­ლელთან იყო. საქართველოში ხომ ყველაფერი ქვემო და ზემო ნაწილებად იყოფა. შუა დოლიძეზე სადალაქო იყო, სადაც პირს ვიპარსავდი. რომ გამოვდიოდი, იქაც ვჩერდებოდი. გავიდა­ დრო და ერთ დღესაც აღარ გავედი ბირჟაზე... დამთავრდა სიყმაწვილე...
ერთხელ მეგობრები პიატიგორსკში მივდიოდით.­ ბიჭები მელოდებიან, მე კი ჩვენი უბნის დალაქს, ვალოდიას, ველოდები,­ მაგრამ არ ჩანს. ბოლოს ბიჭებმა, თუ ასე გაწუხებს ეგ თმა, პიატიგორსკში შეიჭერიო. მოკლედ, წავედით.

ორჯონიკიძის უღელტ­ეხილზე რომ გადავდიოდით, დავინახე, მანქანა ხრამში გადავარდნილიყო, ხალხი კი ზემოდან დაჰყურებდა. მეც გავერიე მაყურებლებში და უცებ მათ შორის ჩემი დალაქი ვალოდია არ დავინახე! თურმე ნათეს­ავების მოსანახულებლად ყოფილა და უკან ბრუნდებოდა. ოთხი დღეა შენ გეძებ, ძლივს­ გიპოვე­-მეთქი. როგორ მიპოვეო, გაიკვირვა. გავიგე, რომ აქა ხარ და ჩამოგაკითხე-მეთქი. პასუხად თვალები დაყვლიფა. არ მოვეშვი, სანამ იქვე არ გამკრიჭა, უღელტეხილზე.

- ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება....

- ერთხელ მამამ კინოში წამიყვანა, მაშინ 7 წლის ვიქნებოდი. "სპარტაკი" გადიოდა. ბილეთების რიგში ვდგავართ და ვიღაც მისი ხნის მოზვერივით მამაკაცი ურიგოდ მივიდა სალაროსთან. მამაჩემმა დაუძახა, ბიჭო, ვერ ხედავ, ბავშვთან ერთად ვარ და რიგში­ ვდგავარო, იმან კი, აქეთ გამოდიო. ავკანკალდი. მამაჩემი ცოტა შემაღლებულზე დადგა და თავური დაარტყა. ის კაცი ტომარასავით გაიშალა ასფალტზე. რა გამიხარდა... ჩემი მამა ყველაზე ძლიერია.­.. ეს არის ჩემი ყველაზე მძაფრი ემოცია ბავშვობიდან.
მე ვარ ის კაცი, რომელსაც უხდება სიტყვები: "რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია". დაცდილი მაქვს, თუ რამე გავიღე, ასმაგად მიბრუნდება.

- რას არ გააკეთებთ არასდროს?

- ვერავის დავასმენ.

- როგორი თბილისის გენატრებათ?

- ჩემს თბილისში ერთმანეთის დანდობა იცოდა ხალხმა,­ შენთან იყო გაჭირვებაშიც და ლხინშიც. ახლა ადამიანებს აღარ უყვართ ერთმანეთი.
სიღარიბემ დაისადგურა... მეც ბანკის ვალი მაქვს იმდენი... გამომაქვს-შემაქვს, კიდევ კარგი, ახლა დაიწყო ჩემმა მეუღლემ მუშაობა.

- რა ფერია თქვენი ცხოვრება?..

- ლურჯი. ის ჩემთვის ზღვასთან, ცასთან, თავისუფლებასთან ასოცირდება.

ეკა სალაღაია
madona
11 ოქტომბერი 2017 23:41
male gamojamrtelebas gisurveb,tkven da tcvenistanbi shirdeba sacrtvelos dzalian miyvarxart tkven da tkveni singerebi...upali iyos tcveni mparveli....

ზურაბი
11 ოქტომბერი 2017 10:22
ვფიქრობ მაღალი სულიერების მატარებელია,ღმერთმა ფეხზე დააყენოს და ამქვეყნად დიდხანს ატაროს.
ალექსანდრე
11 მაისი 2017 15:14
რომ იცოდეთ როგორ უყვარხართ ხალხს სულ ასეთი სევდიანი არ იქნებოდით)

რედაქტორის რჩევით