"მიყვარს თბილისი და ამ ქალაქს დაუღალავი შრომით ვუტყდები სიყვარულში" - კვირის პალიტრა

"მიყვარს თბილისი და ამ ქალაქს დაუღალავი შრომით ვუტყდები სიყვარულში"

ტარიელ მაისურაძე თბილისის უხუცესი მეეზოვეა, სვეტა შარიფოვა-ყვავაძე კი ყველაზე ახალგაზრდა - ქალაქის მეეზოვეებს შორის

ისინი ყოველ დილით მზეზე ადრე იღვიძებენ, მერე მზისფერ უნიფორმას იცვამენ და სამუშაოდ მიიჩქარიან. ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს, სიჩუმეს მეეზოვეების ცოცხის შრიალი არღვევს... ამჯერად ორ მათგანზე მინდა გიამბოთ. ტარიელ მაისურაძე თბილისის უხუცესი მეეზოვეა, სვეტა შარიფოვა-ყვავაძე კი ყველაზე ახალგაზრდა - ქალაქის მეეზოვეებს შორის. ორივესთვის ყველაზე დიდი გასამრჯელო თბილისელების თბილი სიტყვა და

მადლიერი მზერაა.

ტარიელ მაისურაძე: - 14 წელია, რაც თბილის-ქალაქის მეეზოვე ვარ. მანამდე, 32 წლის განმავლობაში მშენებელ-ინჟინრად ვმუშაობდი.

გლდანის მე-8 მიკრორაიონში დიდი ტერიტორია მაქვს გამოყოფილი დასასუფთავებლად. დილის 6 საათზე იქ ვარ და ვიდრე ყველაფერს არ დავაწკრიალებ, ფეხს არ ვიცვლი. მთელი უბანი მიცნობს - ძია ტარიელ, როგორ ხარო - მომიკითხავენ, თბილ სიტყვებს არ იშურებენ.

ქალაქის უხუცესი მეეზოვე ვარ. უკვე 86 წელი შემისრულდა, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა ვერ მაჯობებს - ძალაც მაქვს და მუხლიც მიჭრის.

პროფესიას თბილისში დავეუფლე, მერე აფხაზეთში გამამწესეს. იქ დავოჯახდი და დავრჩი. 3 შვილი მყავდა. ფრიდონი აფხაზეთის ომში დამეღუპა. მეც ვიბრძოდი - 62 წლის კაცმა იარაღი ავიღე ხელში, დაჭრილიც ვიყავი. სოხუმი რომ დაეცა, რახან სანათესავო თბილისში მყავდა, აქ ჩამოვედი. ჩემი ბიჭის ნეშტი შარშან გადმოვასვენეთ მუხათგვერდის სასაფლაოზე, მანამდე აფზახეთში იყო მისი საფლავი. იქ ვინ შეგვიშვებდა?! აქედან დავტიროდით... წელს, სააღდგომოდ, პირველი ხსოვნის დღე იყო, მთელმა სანათესავომ მოვიყარეთ მის საფლავზე თავი. კვერცხი გადავაგორეთ და ჭიქა წავუქციეთ.

ახლა 2 შვილი, 5 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი მყავს. ცხოვრებაში ბევრი რამ ვნახე და ვიცი, რომ ყველაზე მთავარი მშვიდობაა. ყველას გისურვებთ, გეცხოვროთ მშვიდობიან საქართველოში, სიყვარულით - ძია ტარიელი.

სვეტა შარიფოვა-ყვავაძე: - 19 წლის ვარ, 15 წლისა გავთხოვდი... 2 წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ქარელიდან თბილისში ჩამოვედით და დასუფთავების სამსახურში დავსაქმდით. დღევანდელი მონაცემებით, თბილისის ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ვარ. კანდელაკისა და პეკინის ქუჩების სისუფთავეზე ვზრუნავ. ადგილობრივები მეუბნებიან, კარგი გოგო ხარ, კარგად ალაგებ, შენს საქმეს რომ ასე კარგად ასრულებ, ჩვენს სიყვარულს იმსახურებო. მსიამოვნებს ამ სიტყვების მოსმენა და მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის დასუფთავებაში შემაქვს წვლილი. მინდა ქალაქის სტუმრებს მოეწონოთ თბილისი.

- მას შემდეგ, რაც საჯარიმო სანქციები შემოიღეს, თუ იგრძნობა ცვლილება?

- იგრძნობა. საჯარიმო სანქციებმა თბილისის ქუჩებსაც დაამჩნია კვალი. ბავშვობაში მინდოდა ექთანი გამოვსულიყავი და ადამიანების ჯანმრთელობაზე მეზრუნა. მართალია, ეს სურვილი ვერ ავისრულე, მაგრამ სუფთა ქუჩებიც ხომ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. მიყვარს თბილისი და ამ ქალაქს ჩემი დაუღალავი შრომით ვუტყდები სიყვარულში. ზარმაცი თუ ხარ, მეეზოვე ვერ იქნები.

ეკა სალაღაია