როგორ შევაჩეროთ ზღვა?! - კვირის პალიტრა

როგორ შევაჩეროთ ზღვა?!

კოლხეთის დაბლობი წელიწადში 6-7 მილიმეტრით იძირება წყალში, ხოლო ბათუმი - 2-3 მილიმეტრით

ყოველი შტორმისას ბულვარს რამდენიმემეტრიანი მონაკვეთი სწყდება... არც ისე დიდი ხნის წინ წყალმა სრულიად დაფარა ბათუმის სტადიონი და რამდენიმე ქუჩა, ტალღები კორპუსების სადარბაზოებსაც მისწვდა. ყველა შტორმისას ახალი ბულვარის გაზონებსა და ქანდაკებებს ტალღები თავს ევლება, კაფეებსა და ბარებში შედის და როცა ზღვაში ბრუნდება, ადგილზე უზარმაზარ ქვებს, შლამს და ნანგრევებს ტოვებს... ბულვარის 7-მეტრიანი სანაპირო ბილიკისაგან მხოლოდ 3 მეტრიღაა დარჩენილი, დანარჩენი ზღვამ წაიღო

ბათუმი ჯადოსნური ქალაქი და ჩვენი სიამაყეა, თუმცა ერთ დღეს შეიძლება თუ მთელი ქალაქი არა, ნახევარი მაინც დავკარგოთ... ამის მიზეზი კი ზღვა იქნება - ზღვა, რომელიც ქალაქს ნელ-ნელა ყლაპავს. ბათუმელი ჟურნალისტი დავით ტრაპაიძე ამ პრობლემებს საკუთარ ბლოგში ასახავს.

დავით ტრაპაიძე: - ზღვა ისე შევარდება ხოლმე ქუჩებსა და განსაკუთრებით, ბულვარში, გეგონება, აქაურობა რამდენიმე წამში აღარ იქნებაო. ფაქტობრივად, ასეც არის, ყოველი შტორმისას ბულვარს რამდენიმემეტრიანი მონაკვეთი სწყდება... არც ისე დიდი ხნის წინ წყალმა სრულიად დაფარა ბათუმის სტადიონი და რამდენიმე ქუჩა, ტალღები კორპუსების სადარბაზოებსაც მისწვდა. ყველა შტორმისას ახალი ბულვარის გაზონებსა და ქანდაკებებს ტალღები თავს ევლება, კაფეებსა და ბარებში შედის და როცა ზღვაში ბრუნდება, ადგილზე უზარმაზარ ქვებს, შლამს და ნანგრევებს ტოვებს... ბულვარის 7-მეტრიანი სანაპირო ბილიკისაგან მხოლოდ 3 მეტრიღაა დარჩენილი, დანარჩენი ზღვამ წაიღო.

- როგორც მახსოვს, ამ ბულვარის გაკეთებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა...

- ასე იყო, თუმცა, ბულვარს ქალაქისთვის სარგებლის მეტი არაფერი მოუტანია - ამ ტერიტორიიდან ბიუჯეტში თანხა შედის. თავიდათავი მდინარე ჭოროხის თურქულ მონაკვეთში კაშხალების კასკადის მშენებლობაა. როცა მშენებლობა იწყებოდა, სპეციალისტები ძალიან ღელავდნენ. ჩვენს ზღვას ძირითადად, მდინარე ჭოროხიდან მოტანილი ნატანი "ამაგრებდა". ჭოროხზე ჰესების აგების გამო კი ამ ნატანის შემოტანა შეწყდა და ზღვა შტორმებისას ნაპირს მიაწყდა. რასაკვირველია, ნატანი ზღვაში სხვა მდინარეებიდანაც შემოდის, მაგრამ ჭოროხი მთავარია - ნატანის დაახლოებით 80% მას შემოჰქონდა. ახლა სხვა მდინარეებზეც კეთდება კაშხალები... ასე რომ, საქმე ცუდად არის. შველა მხოლოდ ნაპირის გამაგრებაშია, რომელიც, საბედნიეროდ, უკვე დაიწყო... ჩემი დაკვირვებით, ბოლო წლებში ზღვამ დაახლოებით 50 მეტრით წამოიწია წინ, თითქოს იმ ადგილებს იბრუნებს, რომელიც წინა საუკუნეში წაართვეს (1947 წლამდე ზღვა დაახლოებით "მომღერალ შადრევნამდე" ამოდიოდა).

- თუკი ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, ზღვა რატომ მოიწევს წინ?

- ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების ნაპირსამაგრი სამუშაოების მეთოდი დაიწუნა და ახალი პროექტის შემუშავება დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ნაპირსამაგრი სამუშაოები შეწყდა, ზღვამ აიწყვიტა და არაერთი ობიექტი წალეკა.

ნოდარ წივწივაძე, ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი: - ლამის სიცოცხლე შევალიე ამ პრობლემის შესწავლას და ბრძოლას, მაგრამ პირად ინტერესებზე აგებულმა პროცესებმა, როგორებიცაა - ჰესების მშენებლობა, წყლიდან სამშენებლო მასალის დაუზოგავი ამოღება (უკანასკნელ ათწლეულებში ზღვის მკვებავი მდინარეების შესართავისპირა კარიერებიდან სამშენებლო მიზნით 40 მილიონი კუბური მეტრი მასალაა ამოღებული), ნაპირდაცვის არაეფექტური სამუშაოები და ა.შ. - ზღვა ჩვენს მტრად აქცია... დღევანდელი მონაცემებით, კოლხეთის დაბლობი წელიწადში 6-7 მილიმეტრით იძირება წყალში, ხოლო ბათუმი - 2-3 მილიმეტრით.

- გამოსავლად რა გესახებათ?

- ნაპირდაცვით სამუშაოებზე სახსრების გაზრდა და ამ სამუშაოებში პროფესიონალების ჩართვა. ვერ ვხვდები, რატომ არ სურთ გამოიყენონ ნაპირდაცვით სამუშაოებში თუნდაც ჯერ კიდევ 1981 წელს შექმნილი გაერთიანება "საქნაპირდაცვის" სპეციალისტები - ამ ხალხმა თავის დროზე შექმნა ხელოვნური პლაჟები, რითაც ზღვას 150 ჰექტარი მიწა წაართვა და უკან დახევა აიძულა. ასე შეიქმნა გაგრის, სოხუმის, ოჩამჩირის, ფოთის, ჩაქვის, მახინჯაურის სანაპიროებზე პლაჟების 100კმ-იანი ზოლი. დღეს კი ხელისუფლება სანაპიროების დაცვას ჰიდროტექნიკური ნაგებობებით ცდილობს, რომლებზეც ფული იხარჯება, მაგრამ ზღვას ვერ აჩერებენ. გამოსავალი ისევ სანაპიროების ნატანის ბალანსის ხელოვნური აღდგენა და ხელოვნური პლაჟების შექმნაა, რაც უფრო იაფი ჯდება და უცხოეთშიც აპრობირებულია.

ეს სამუშაოები შეიძლება შესრულდეს თანამედროვე გეოტუბებით - რკინაბეტონის კონსტრუქციებთან შედარებით, იაფია... თუ ასე გაგრძელდა, ვშიშობ, ერთ დღეს ვეღარაფერს ვუშველით...

ეთერ ერაძე