"ქალ­აქი არ უნდა გაიშალოს!" - რას გულისხმობს თბილისის განვითარების გენგეგმა
08-05-2017
"ქალ­აქი არ უნდა გაიშალოს!" - რას გულისხმობს თბილისის განვითარების გენგეგმა
"ჩვენთან კაცზე 4 კვმ გამწვანების ზოლი მოდის, ევროპული სტანდარტით კი საშუალო მაჩვენებელი 15-18 კვმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამიტომ ქალაქის გარე განვითარება უნდა შევაჩეროთ, ამ ტერიტორიებიდან შემოღწეული ჟანგბადით მაინც რომ ვისუნთქოთ. უნდა შევქმნათ გამწვანების ზოლებიც, რასაც წლები დასჭირდება"

მალე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდება და ის საჯარო განხილვების საგანი გახდება (მასზე ორგანიზაცია "სითი ინსტიტუტი­ საქართველო" და მისი 8 პარტნიორი ორგანიზაცია და კომპანია მუშაობენ). რას ითვალისწინებს გეგმა და რამ შეიძლება
გამოიწვიოს აზრთა სხვადასხვაობა, ამასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრამ" საინტერესო­ ინფორმაციის მოძიება სცადა.

"ყოფილი საწარმოების მიმდებარე ტერიტორიები სარეკრეაციო სივრცეებად უნდა იქცეს"


მერაბ ბოლქვაძე, არქიტექტორი, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი:

- სამ უმთავრეს საკითხზე ვისაუბროთ. პირველი­ ქალაქის დაგეგმარებას უკავშირდება. გენგ­ეგმა კომპაქტური ქალაქის იდეას ავითარებს და განაშ­ენიანების კონტურ­ებს
"გარეთ გასვლა" მიზ­ანშეწონილი არ არის. ბევრი ევროპული ქალაქის თანამედროვე განაშენიანება სწორედ იმას ემსახურება, რომ ქალ­აქი ძალიან არ გაიშალოს. კოჯრის მიმართულებით, ლისის ტბის მიმდებარედ, დიდი დიღმის სიბრტყეებზე, თბილისის ზღვის გარშემო და ა.შ. ჯერ კიდევ წლების წინ უსისტემოდ არის გაცე­მული მიწები, რითაც ქალაქს პრობლემა შეექმნა. ინფ­რასტრუქტურის განვითარება ხარჯების სიდიდის გამო ვერ ხერხდება, ქალაქის ბიუჯეტს კი უპირველესად კომუნალ­ური ხარჯები ეზრდება. მოსახლეობამდე მისაყვანია ელექტროქსელები, გასამართია წყალმომარაგება, გაზმომარაგება, კანალიზაცია, დასაგებია გზები. ცხადია, როცა ქალაქი "გაწელილია", იზრდება სატრანსპორტო მოძრ­აობაც, რაც მეტი გამონაბოლქვის წარმოქმნას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ქალაქმა სატრანსპორტო უზრუნველყოფაც ხომ უნდა შეძლოს? ამიტომაც ერიდებიან თანამედროვე ქალაქების გარე განვითარებას...
თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ იმ მესაკუთრეთა ინტერესებიც, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ მიწა და უძრავი ქონება...
არ მინდა, ისე გაიგოთ, თითქოს ქალაქის არაგონივრული შემ­ჭ­იდროება სწორია. ამას არ მივესალმები და სავა­ლალო შედეგებიც სახეზეა...

- გვაქვს კი თავისუფალი ტერიტორიები,­ რომლებიც თბილისის განვითარების საშუალებას იძლევა?

- თბილისში ბევრია გაჩერებული საწარმო, საკმაოდ დიდი მიმდებარე ტერიტორიებით. როცა წარმოება გაჩერდა, ტერიტორია გავერანდა, გაჩანაგდა ინფრასტრუქტურაც, სასაწყობედაც კი აღარ გამოიყენება... ასეთი ადგილები თავიდან უნდა განვითარდეს. არ არის აუცილებელი ყველგან საცხოვრებელი შენობები აშენდეს (ჩვენი კვლევებით დადგენილია, რომ თბილისში მშენებლობა-განაშენიანების 82% საცხოვრებელ შენობებს შეადგენს), ქალაქს კიდევ სხვა ტიპისა და ფუნქციის შენობები სჭირდება...
თბილისს გამწვანებული ტერიტორიების­ დეფიციტიც აქვს. ამიტომ ყოფილი საწარმოების თითქმის ნახევარი სარეკრეაციო საჯარო სივრცეებად უნდა გადაიქცეს.

"მდინარეები უნდა "გაიხსნას"...


მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეთანხმებული პროექტებია - განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომელთა­ დიდი ნაწილი, ასე თუ ისე, მისაღებია და 6,5 მილიონ კვმ ფართობზეა გათვალისწინებული. ესე იგი, შეგვიძლია ეს ტერიტორიაც რესურსად მივიჩნიოთ.
არაგონივრული გამჭიდროე­ბებით ქალაქის ზოგიერYთ უბანში სამარც­ხვინო­ შედეგი მივიღეთ - შენობებს შორის საცხოვრებელი კორპუსები ჩაჩხირეს. ბუნე­ბრივია, ამან უძრავი ქონების ფასებზეც იმოქმედა. მაგალითად, თუკი ადამიანს 50.000 დოლარის ქონება ჰქონდა, მისი ფასი 30.000 დოლარამდე დაეცა. სანამ გენგეგმაზე მუშაობა დასრულდ­ებოდა, ჩვენ თბილისის მერიას ცენტრალურ უბნებში მშენებლობების ნებართვების არათუ შეზღუდვა, შეჩერება ვთხოვეთ...

- თუმცა კომპანიები ახალ-ახალ მშენებ­ლობებს­ მაინც იწყებენ...

- ამის მონიტორინგის ამსახველი მასა­ლებიც გვაქვს. ძირითადად, ადრე გაცემული ნებართვების საფუძველზე შენდება...
ჩვენთან კაცზე 4 კვმ გამწვანების ზოლი მოდის, ევროპული სტანდარტით კი საშუალო მაჩვენებელი 15-18 კვმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამიტომ ქალაქის გარე განვითარება უნდა შევაჩეროთ, ამ ტერიტორიებიდან შემოღწეული ჟანგბადით მაინც რომ ვისუნთქოთ. უნდა შევქმნათ გამწვანების ზოლებიც, რასაც წლები დასჭირდება.

- სად უნდა შეიქმნას?

- მდინარეებისა და ხევების კალაპოტებში მშენებლობები უნდა აიკრძალოს და ეს ადგილები რეკრეაციულ ზონებად გარდაიქმნას. აუცილებლად უნდა "გაიხსნას" მდინა­რეები, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთებზე მილებში გადის, ზემოდან კი მიწაა დაყრილი, რაც სტიქიური უბედურების რისკს ზრდის­ (გავიხსენოთ ვერეს ხეობის ტრაგედია).
თუკი მდინარეების კალაპოტები მშენებლობებისგან გათავისუფლდება, შესაძლებელია მათი მწვანე ზონებად მოწყობა. პირველ რიგში ვგულისხმობ დუქნის ხევს (ლილო), გლდანის ხევსა და წოწორას ხევს (დიღომი), ასევე, თემქის პარკთან ხევძმარის შენაკადს...

- მდინარე ვერეზეც იმავეს ფიქრობთ?

- უკვე ათვისებულ ტერიტორიებს ვეღარაფერს ვუზამთ, თუმცა მიწის ქვეშ მოქცეული მდინარის შესართავები ყველგან უნდა გაიხსნას. სხვათა შორის, ვარაზისხევში ძალიან კარგი რესურსი იყო რეკრეაციული ზონის შესაქმნელად, მაგრამ ხელოვნურად გავაფუჭეთ მდგომარეობა. კეკელიძის ხევი მთლიანად ამოივსო, რაც სავალა­ლოა. ცხადია, ამიერიდან ვინც აკრძალულ ზონაში მშენებლობის უფლებას მოითხოვს,­ უარი უნდა ეთქვას.

"ქალაქს რამდენიმე ცენტრი უნდა ჰქონდეს"


- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ქალაქი რომ განიტვირთოს, რამდე­ნიმე ცენტრი უნდა ჰქონდეს. ასეთი 5 არეალი­ მოვნ­იშნეთ - ის ადგილები, რომლებიც მჭიდრო­ განსახლებით გამოირჩევა. ასეთებია: გლდანი-თემქა-მუხიანის მონაკვეთი,­ დიდი დიღმისა და სამხედრო გზის კვეთა, საბურთალოს ტერიტორია, სამგორის სადგურის მიმდებარე ადგილი, "ისთ პოინტის" არეალი. ამ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურაც შესაბამისად უნდა განვითარდეს - ცენტრი მრავალფუნქციური უნდა იყოს. ადამიანს საცხოვრებელ­თ­ანვე უნდა ჰქონდეს მომსახურების ინფრ­ასტრუქტურა, საგანმანათლებლო დაწესებულება და ა.შ. მნიშვნელოვანია მობილობის მოწესრიგებაც, რაც საზოგადოებრივი ტრანსპო­რტის განვითარებას უკავშირდება.

იერარქია უკვე დალაგებულია: უპირატესობა ქვეითად მოსიარულეს მიენიჭება, შემდეგ ველოტრანსპორტს, მერე საზოგადოებრივ ტრანსპ­ორტს, მსუბუქსა და სატვირთო ავტომობ­ილს. წესების­ შემოღებით, ამის დარეგულირება შესაძლებელია. მაგალითად,
შუქნიშანზე პირველი გასვლის უფ­ლება საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს. როცა კერძო ავტომობი­ლში მჯდომი მოქალაქე დაინახავს,­ როგორ ჩაუქროლებს­ ავტობუსი, შეს­აძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის სურვილი­ გაუჩნდეს. თუ ის დანიშნულ­ების ადგილ­ზე სწრაფ­ად მივა და ამასთან, მგზავრობაც კომფორტული იქნება, შესაძლოა, ბევრისთვის სასურველი ტრანსპორტი გახდეს.

- აზრთა სხვადასხვაობა­ ყველაზე მეტ­ად­­ გენგეგმის რომელმა ნაწილმა შეიძლება­ წარმოქმნას?

- სავარაუდოდ, ქალაქის გარე განვითარებაზე უარის თქმამ... გარდა ამისა, უნდა გავუფრთხილდეთ იმ ტერიტორიებს, რომლებიც თბილისს სოფლის დასახლებების სახითN შემოუერთდა. მაგალითად, წინუბანი, ნასაგური, დიდი ლილო და ა.შ. ამ სოფლებსა თუ სააგარაკო ტიპის დასახლებებში მოქალაქეებს სურთ, ცხოვრების იმ წესის შენარჩუნება, როგორიც ჰქონდათ. ამიტომ კერძო სახლების გარშემო მრავალსართულიანი კორპუსები არ უნდა აღვმართოთ. ასეთ ტერიტორიებზე დიდი სამშენებლო განვითარება დაუშვებელია.

ეკა ასათიანი
არქიტექტორი "მამაქალაქიდან"
13 მაისი 2017 13:19
ხალხო, დაუშვებელია ხაზოვანი (გაწელილი) გეგმარების მქონე ქალაქის დედაქალაქობა, შევიგნოთ, რამეთუ დედაქალაქობა თავისთავად გულისხმობს სხვებთან შედარებით სწრაფ ზრდა-განვითარებას (განსაკუთრებით, ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში), გადაიტანეთ, თუნდაც ხაშურში! დაარქვით "ნიუ თბილისი", თუკი "ხაშური" არ გეპიტნავებათ, თქვენც ამოისუნთქავთ და დანარჩენი საქართველოც, რომლისთვისაც ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული იქნება ქვეყნის თითქმის გეოგრაფიულ ცენტრში, გაშლილ ტერიტორიაზე მდებარე ახალი დედაქალაქი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები