"დღეს ქუჩაში 2500-მდე ბავშვი ცხოვრობს"
08-05-2017
"დღეს ქუჩაში 2500-მდე ბავშვი ცხოვრობს"
"ბავშვი ოჯახის ზეწოლით ქუჩაში რომ გამოდის, იმის ბრალიც არის, რომ ხალხი მოწყალებას გასცემს. ამას ვერავის დაუშლი, მაგრამ ამით არაპირდაპირ ხელს ვუწყობთ ბავშვზე ძალადობას. ასე გამომუშავებული ფული ამ ბავშვებს იშვიათად ხმარდებათ. თანხას, ძირითადად, მათი ოჯახის წევრები იყენებენ"

მათ ყველაზე ხშირად ხალხმრავალ ადგილებსა და გზაჯვარედინებზე ვხვდებით... მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და სხვადასხვა ორგანიზაცია ბევრს აკეთებენ, რომ ეს ბავშვები ოჯახურ გარემოს დაუბრუნონ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რიცხვი მაინც იზრდება.

მაია მგელიაშვილი, ჭორლდ
ვისიონ-საქართველოს წარმომადგენლობა; ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი: -
2008 წელს საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა კვლევა, აღირიცხა 1600 ბავშვი, რომლებიც რეგულარულად ქუჩაში ცხოვრობდნენ, დღეს კი მათი რიცხვი 2000-დან 2500-მდეა.

2013 წელს ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით საქართველოში შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე ამოქმედდა პროგრამა, სახელწოდებით "ახალი ინიციატივა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ". ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ, "ჭორლდ ვისიონ-საქართველოს" წარმომადგენლები, ორ სხვა ორგანიზაციასთან - "საქართველოს კარიტასსა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვსა და გარემოსთან" ერთად დღემდე ვახორციელებთ ამ პროექტს. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ექვსი დღის ცენტრი და ექვსი ღამის თავშესაფარია გახსნილი, ფუნქციონირებს ოთხი მობილური ჯგუფი, რომელიც ქუჩაში ამ ბავშვების იდენტიფიცირებას ახდენს. მობილური სამსახური ცდილობს, ამ ბავშვების ნდობა მოიპოვოს, რასაც დრო სჭირდება, შემდგომ კი ამ ბავშვებს უნდა ვუთხრათ, თუ რა შეგვიძლია მათთვის გავაკეთოთ. იხსნება ანკეტა სოციალური მომსახურების სამინისტროში.
2014 წლიდან დღემდე ოფიციალურად იდენტიფიცირებულია ქუჩაში მცხოვრები 839 ბავშვი. ისინი, ძირითადად, რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართული - მოწყალებას ითხოვენ, წვრილმან ნივთებს ყიდიან ან აგროვებენ ჯართს. შეიძლება, ქურდობენ კიდეც. ამ ბავშვებს მუდმივი კავშირი აქვთ ოჯახთან და შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ იქ მიაქვთ.

- ანუ მშობლებმა ყველაფერი იციან?

- არა მარტო იციან, ახალისებენ და ხშირად აიძულებენ კიდეც ბავშვს, რომ ასეთი საქმიანობა დაიწყოს.

- ასეთ შემთხვევაში მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება?

- ეს ძალიან ძნელია, რადგან როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ბავშვებიც და მშობლებიც ამას უარყოფენ.

- რამდენ ხანს ატარებენ ასეთი ბავშვები თავშესაფარში და იქიდან წამოსვლის შემდეგ როგორც ცხოვრობენ?

- ბავშვმა შეიძლება თავშესაფარში გაატაროს რამდენიმე საათი, მერე კი ან მინდობით აღზრდით მიაბარონ, ან მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანონ. მაქსიმალური პერიოდი ამ მომსახურების არის წელიწადი და 6 თვე, რის შემდეგაც ისინი გრძელვადიანი ზრუნვის პროგრამას უნდა დაექვემდებარონ. შეიძლება - თუ არ იკვეთება ძალადობის ნიშნები - ბიოლოგიურ ოჯახსაც დაუბრუნდნენ.
ეს ბავშვები თვითნებურად არ ტოვებენ ამ სახლებს - გადაწყვეტილებას იღ­ებს სოციალური მუშაკი, სააგენტოს წარმომადგენელი.

- როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რაოდენობა შემცირდეს?

- ბავშვი ოჯახის ზეწოლით ქუჩაში რომ გამოდის, იმის ბრალიც არის, რომ ხალხი მოწყალებას გასცემს. ამას ვერავის დაუშლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამით არაპირდაპირ ხელს ვუწყობთ ბავშვზე ძალადობას. ასე"გამომუშავებული ფული ამ ბავშვებს იშვიათად ხმარდებათ. თანხას, ძირითადად, მათი ოჯახის წევრები იყენებენ. სანამ ბავშვი ქუჩაში გამოვა, მანამდე უნდა გაეწიოს რისკ-ჯგუფის ოჯახებსა და ბავშვებს პრევენციული მომსახურება, თორემ მერე ამ ბავშვების რეაბილიტაცია ძნელია.

მას შემდეგ, რაც ბავშვი გამოდის ქუჩაში, საჭირო ხდება ბევრი მხარდამჭერი პროგრამის ამოქმედება და სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინირებული მუშაობა. ამ შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურების როლიც ძალიან დიდია. მათ ინდივიდუალურ შემთხვევებში უნდა დაადგინონ, სად ირღვევა კანონი, რატომ არის ბავშვი ქუჩაში მაშინ, როცა ის იქ არ უნდა იყოს... უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი ზეწოლითაც ხდება ეს ყველაფერი!

- როგორ ფიქრობთ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არის თუ არა ამ სიტუაციის მიზეზი?

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის მიზეზი უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგო­მარეობაა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომელმაც ქუჩაში მოწყალების თხოვნა აკრძალა, ჩვენთან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რაოდენობა გაიზარდა, რადგან ჩვენ აზერბაიჯანთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ბავშვები იქიდანაც შეEმოიყვანეს. თუმცა ეს არ არის ქუჩის ბავშვების რაოდენობის ზრდის ერთადერთი მიზეზი. მათი მხოლოდ 20%-ია ეთნიკურად აზერბაიჯანელი, დაახლოებით 53% კი ეთნიკურად ქართველია.

ეკა სალაღაია
nino
16 მაისი 2017 01:33
umceo bavchvebis aseti mdgomareoba metkvelebs sasogadoebis gulgrilobase da saxelmcipos ararsebobase....nu davickebt kamats.
erti vinmem daceret ra gaketda imistvisrom bavschvi kuchashi ar darches???didi ganukitxaobaa,eklesia rom gakviris da aprialebs aprebs sadaa tkveni gulmockaleoba, puchia tkveni locva tu amdeni sacodavi bavchvia kuchashi

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები