მოგონებები, რომელსაც ძველი ფოტოები ინახავს - კვირის პალიტრა

მოგონებები, რომელსაც ძველი ფოტოები ინახავს

ქართული კინოს მოამაგე, ცნობილი მხატვარი დიმიტრი ერისთავი თავის მყუდრო სახელოსნოში უამრავ ლამაზ და ნათელ მოგონებას ინახავს. მოგონებები ასხივებენ მისი ნახატებიდან და ძველი ფოტოებიდან, რომელზეც არაერთი ისტორიული პიროვნებაა აღბეჭდილი. დიმიტრი ერისთავი 1962 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი გახლდათ. მის თვალწინ ჩაიარა ათეულობით საინტერესო ადამიანის ცხოვრებამ, რომლებიც უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცნენ.

დაუვიწყარი სახეები

დიმიტრი ერისთავი: - ოთარ იოსელიანის თითქმის ყველა ფილმის მხატვარი ვიყავი. ჩვენი პირველი ფილმი იყო "გიორგობისთვე", ამას მოჰყვა "იყო შაშვი მგალობელი". პარიზში გადაღებულ ფილმს ოთარმა "მთვარის ფავორიტები" დაარქვა. ელდარ შენგელაიამ მიმიწვია "არაჩვეულებრივ გამოფენაზე" სამუშაოდ. ჩვენ ვიპოვეთ ვასილ ჩხაიძე, რომელმაც ამ ფილმში შეუდარებლად ითამაშა პიპინია ერისთავის როლი. მრავალ ცნობილ შემოქმედთან ვმეგობრობდი, მაგრამ ნოდარ დუმბაძე გამორჩეული იყო. სხვათა შორის, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" მხატვარიც ვიყავი. ეს ფილმი ეკრანებზე რომ გამოვიდა, გურულები გაგვიბრაზდნენ - ტრიალ ადგილას არის გადაღებულიო. მაშინ მოდაში იყო იტალიური ნეორეალიზმი, დიდი იტალიელი რეჟისორები ფილმებს დაცარიელებულ ბუნებაში იღებდნენ და ჩვენც მათ კვალს გავყევით. ეს ბევრს არ მოეწონა, მაგრამ ნოდარს ერთი საყვედურიც არ დასცდენია. პირიქით, გვეუბნებოდა, - არაჩვეულებრივი ფილმი გამოვიდაო. ნოდარის სიკეთე და ხალასი იუმორი ყველას ერთნაირად ხიბლავდა. სუფრა და მეგობრებთან მოლხენა უყვარდა, კარგი თამადა იყო. ჩემს არქივში არის ფოტო - მე და ნოდარი სუფრასთან ვსხედვართ, ეტყობა, მასპინძელს ხათრი ვერ გაუტეხა და სვამს, თუმცა, უკვე ორი ინფარქტი აქვს გადატანილი. კარგად თუ დააკვირდებით, სახეზეც ეტყობა, რომ ნაძალადევად სვამს.

ქართული კინოს მშვენიერი ვარსკვლავი

კიდევ ერთი, გამორჩეული ფოტო მაქვს, რომელზეც ქართული კინოს ცნობილი ვარსკვლავები - ლია ელიავა და დოდო აბაშიძე არიან აღბეჭდილი. ამ მშვენიერ ქალბატონს ბავშვობიდან ვიცნობდი - სოლოლაკში, ტაბიძის ქუჩაზე მეზობლები ვიყავით და ერთად ვიზრდებოდით. ლიას ოჯახს იქ კარგი ბინა ჰქონდა, მაგრამ მამამისი 1937 წელს დაიჭირეს, ელიავები იმავე სახლის სარდაფში ჩაასახლეს, იქ გოგონა ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ლიას დედამ ათი წელი კატორღაში გაატარა...

ლია ძალიან ლამაზი იყო და მთელი ქალაქი იცნობდა. უბნის ბიჭები ყურადღებას ვაქცევდით, რომ ვინმეს მისთვის რაიმე ზედმეტი არ ეთქვა. მთელი უბანი ამაყობდა ლია ელიავათი, მით უმეტეს, როცა ცნობილი მსახიობი გახდა. მახსოვს მასზე შეყვარებული ოთარ კობერიძეც, რომელიც სულ მისი ფანჯრების წინ იდგა. ოთარი ჩვენი უბნის სიძე გახდა და ისინი მსახიობთა სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ყოველთვის ვადევნებდი თვალს ამ მშვენიერი ქალის ცხოვრებას, რადგან ის ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზი მოგონება იყო.

"უცნობი" დოდო აბაშიძე

დოდო აბაშიძესთან ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ბევრ ფილმში ერთადაც ვმუშაობდით. მაგალითად, "ყვარყვარე თუთაბერში". დოდოს ყოველთვის უნდოდა ყვარყვარეს როლი ეთამაშა და შესანიშნავად შეძლო ეს. ამ დიდ მსახიობზე ბევრი ჭორი დადიოდა, მაგრამ რასაც ამბობდნენ, ნახევარი არ არის სიმართლე. ძალიან რბილი და დამჯერი კაცი იყო, ამიტომ მასთან მუშაობა არ გვიჭირდა: რეჟისორი, ოპერატორი, მხატვარი - რასაც ვურჩევდით, ყველაფერს გვისრულებდა. ძალიან მშვიდი ბუნებისა, ქალაქში მაინც მოჩხუბარ კაცად იყო ცნობილი. ხშირად საყვედურობდა ხოლმე - ათი წელიწადია, არ მიჩხუბია, მაგრამ ყველა მაინც ჩემს ჩხუბზე ლაპარაკობსო. ძალიან კეთილი და ინტელიგენტი ადამიანი იყო. თუ ოთახში ქალი შემოვიდოდა, აუცილებლად ფეხზე წამოდგებოდა და ზრდილობიანად მიესალმებოდა. ერთადერთი - ტექსტის დამახსოვრება უჭირდა, ამიტომ გადაღებების დროს სხვადასხვა ადგილას ჰყავდათ ჩამალული ხალხი და ტექსტს ახსენებდნენ. ძალიან უყვარდა ჩვენი ეროვნული გმირი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი, არადა, მაშინ ქაქუცას ხსენებაც აკრძალული იყო. ბოლოს, ავადმყოფს ქაქუცას დიდი პორტრეტი ვაჩუქე. კედელზე ისეთ ადგილას გავუკარი, რომ კარგად დაენახა... დოდოს შეეძლო, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ხალხთან ჰქონოდა ურთიერთობა - მისი ახლო მეგობრები იყვნენ პროფესორებიც და საეჭვო წარსულის მქონე ადამიანებიც...

როცა ჩემს ძველ ფოტოებს ვათვალიერებ, ვფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერი კაცი ვარ: მე ხომ ასეთ უნიკალურ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა!

ხათუნა ჩიგოგიძე