"შვილი მომიკლეს და პასუხისგებაც არ უნდათ?" - კვირის პალიტრა

"შვილი მომიკლეს და პასუხისგებაც არ უნდათ?"

"გიორგი, ნახე, აქედან ყველაფერი ჩანსო, - ეს იყო მარიამის ბოლო სიტყვები..."

"წარმოიდგინეთ, ამხელა ტრაგედია მოხდა და დღესაც მეორე სართულზე ლიფტის კარი არ იკეტება. ახალ მსხვერპლს ელოდებიან?!"

თვეზე მეტი გავიდა თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიიდან. 24 მარტს 9 წლის მარიამ სოკოლოვი სადარბაზოში თავის დისშვილთან ერთად თამაშობდა. მათი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ლიფტის ბადე გახსნილი იყო, სადაც მარიამმა თავი შეყო და ლიფტის საპირწონემ მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა პრობლემის სიმწვავე. "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა კიდეც სტატია, თუ როგორი შემაშფოთებელი ვითარებაა ამ კუთხით. სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ დღეს ლიფტების საკმაოდ დიდი ნაწილი დაზიანებულია და ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია. პრობლემა მოუგვარებელია და დღემდე არ არის დადგენილი, თუ ვინ იყო დამნაშავე 9 წლის მარიამის სიკვდილში. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა 240-ე მუხლზე, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე.

მარიამის დედა, ადვოკატი დიანა მარტიაშვილი, დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

- 4 თვეა, რაც ამ ბინაში გადმოვედით და ზედა სართულზე არასდროს ავსულვარ, არ ვიცოდი, თუ ლიფტი გახსნილი იყო.

მეზობლების თქმით, მინიმუმ 10 წელი მაინც შახტი ღია ყოფილა. თურმე ერთხელ ლიფტი ჩამოწყდა და შიგ მყოფი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. როგორც ამბობენ, სწორედ მაშინ გარღვეულა ბადე და მას მერე მისი შეკეთება არავის უცდია. მობინადრეები სულ სთხოვდნენ ამხანაგობის თავმჯდომარეს, ეს პრობლემა მოეგვარებინა.

8-სადარბაზოიან კორპუსს შპს "ვერტიკალი" ემსახურება. ფირმის წარმომადგენელი ამბობს, მხოლოდ შიგნიდან ვამოწმებდით ლიფტებსო, არ ევალებოდათ დაევლოთ და შეემოწმებინათ? წარმოიდგინეთ, ამხელა ტრაგედია მოხდა და დღესაც მეორე სართულზე ლიფტის კარი არ იკეტება. ახალ მსხვერპლს ელოდებიან?!

2016 წლის დეკემბერში აქვს შეტანილი განცხადება ამხანაგობის თავმჯდომარეს გამგეობაში, 4.000 ლარს ითხოვდა. გამგეობამ ხარჯთაღრიცხვა მოსთხოვა, მაგრამ არ წარუდგინა. 2017 წლის იანვარში ისევ შეიტანა განცხადება იმავე ხარვეზით - ისევ არ მიუწოდებია ხარჯთაღრიცხვა.

ამბობენ, საშიში მაფიააო, მაგრამ მე არ გავჩუმდები, ყველაზე ძვირფასი, შვილი მომიკლეს, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. სხვათა შორის, 8-სართულიან სადარბაზოში მხოლოდ თავმჯდომარის სადარბაზოს ლიფტია უფასო.

- ვის დასჯას ითხოვთ?

- შვილის სიკვდილში ვადანაშაულებ ამხანაგობის თავმჯდომარესაც, "ვერტიკალსაც", მაკონტროლებლებს და ეკონომიკის სამინისტროსაც, რომელშიც შემავალი ზედამხედველობის სამსახურს ევალებოდა ამის კონტროლი. ყველამ უნდა აგოს პასუხი.

შვილი მომიკლეს და პასუხისგებაც არ უნდათ? წვალებით გაზრდილი შვილი მომიკვდა. საოცარი იუმორი ჰქონდა, საოცარ პაროდიებს აკეთებდა, რომ გაიღვიძებდა, მეტყოდა, დედა, მაკოცეო. ჩემი გული ხარ-მეთქი, ვეტყოდი. სულ ჩემს ლოდინში იყო, სახლში როგორც კი კარს შევაღებდი, მისი სიყვარულით გაჯერებული "დეეე" მესმოდა.

ჩემმა სიძემ დამირეკა იმ ავადსახსენებელ დღეს, რესპუბლიკურში მოდი, მარიამია ცუდადო, გიჟივით მივვარდი. ყბა აქვს დაზიანებულიო, რომ მითხრეს, ვფიქრობდი, ბავშვი არ დაინვალიდდეს-მეთქი, თურმე ცოცხალი არ მყავდა.

საშინელი ტრაგედიიის დეტალებზე გვიამბო მარიამის დამ, სწორედ მისი 7 წლის ვაჟია ტრაგედიის თვითმხილველი.

მარიამის და: - მარიამი ძალიან ფრთხილი იყო და გიორგის მასთან ერთად ვუშვებდი, გვერდიდან არ იცილებდა. სახლში ვიყავი, გიორგიმ რომ მოირბინა, დედა, მგონი, მარიამი მოკვდაო. ვიფიქრე, ეტყობა, ბავშვი გაიქცა, მარიამი გაეკიდა და, ალბათ, კიბეზე გადავარდა-მეთქი. გიორგიმ მითხრა, მარიამს ლიფტში თავი მოჰყვაო. მარიამს ვერცხლისფერი ქურთუკი ეცვა, ხელი რომ მოვკიდე და სისველე ვიგრძენი, მივხვდი, ცუდად იყო საქმე.

ძალიან მალე წაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც მერე მეზობელმა მითხრა, იმ სართულზე ლიფტის ბადე ყოფილა გარღვეული და ეტყობა, ბავშვმა თავი შეყოო. გიორგი, ნახე, აქედან ყველაფერი ჩანსო, - ეს იყო მარიამის ბოლო სიტყვები, ამ დროს საპირწონემ სახე გაუფატრა. ყველაფერი წამებში მოხდა.

P.S. ჩვენ დავუკავშირდით შპს "ვექტორის" წარმომადგენელს, რომელმაც როგორც კი შეიტყო თუ რა საკითხზე ვურეკავდით, ტელეფონი გათიშა. მას მერე მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

თეა ხურცილავა