იქ, სადღაც, სახლია ნახატებით სავსე... - კვირის პალიტრა

იქ, სადღაც, სახლია ნახატებით სავსე...

მოწყენილი ჰოლანდიის ცა, მოწყენილი ჰორიზონტი და სოფელი, რომელიც თან არის და არც არის - სახლებში სხვათა დარდი ვერ აღწევს. თუმცა იქ შეიძლება არც იდარდო - სადარდელი რა არის! მარტოდმარტო ხარ და ვინმემ შეგაშინა? დარეკე, მოვარდება პოლიცია და დაგეხმარება. მოგწყინდება? უამრავი ფირმაა, დარეკე და ვინმეს გამოგზავნიან გამომლაპარაკებლად.

ავად გახდი? გაგაქანებენ საავადმყოფოში და მოგარჩენენ! დარეკე, დარეკე, დარეკე, სადაც გინდა!..

ისიც სავარძლით მიგორდება ტელეფონთან და რეკავს... საქართველოში, მარინა გაფრინდაშვილთან.

- მარინა ხარ?

- კი, ლია, მარინა ვარ, როგორ ხარ?

- შენ გენაცვალე, როგორ მიცანი? ახლა კარგად ვარ. ცოტა ხნის წინ ცუდად ვიყავი, - ფეხის ოპერაცია გამიკეთეს...

- რას ამბობ! მარტოს რა გეშველება, ვინ გივლის?

- არა მიჭირს რა... ვხატავ... ხომ იცი, ქმარი გარდამეცვალა, მისმა შვილმა ორსართულიანი სახლი მარგუნა. ეს სახლი ნახატებით გავავსე...

KvirisPalitra.Ge82 წლის ლია სვანიძე ჰოლანდიაში ცხოვრობს და მისი ნახატები ისეთი მსუბუქია, როგორც, ვთქვათ, თბილისის მაისის დილა. ამ ნახატებში მოგონებები უფრო და უფრო ჰაეროვანი ხდება, როგორც სიზმრად ნანახი ბავშვობა. გული კი მძიმდება...

- მარინა, შევძლებ თბილისში ჩამოსვლას?.. რატომ ვერ უნდა შევძლო? ჩავჯდები თვითმფრინავში და ჩამოვალ, მაგრამ... თვითმფრინავის რომ მეშინია? არა, სჯობს თბილისზე ლექსი რომ დავწერე, ის გამოგიგზავნო. არ დაბეჭდავენ? 16 წლის წინ კი 66 წლის მხატვარმა თვითმფრინავის შიში დასძლია, დანით ამოჭრა თავისი ნახატები ჩარჩოებიდან და გაფრინდა იქ, სადაც მხატვრის არსებობა შეიძლებოდა. მან 66 წლის ასაკში თავიდან დაიწყო ცხოვრება. მხატვრების ქვეყანაში, ჰოლანდიაში, მისი ნახატით ისე მოიხიბლნენ, რომ ერთმა ახალგაზრდა ჰოლანდიელმა: აუცილებლად მამაჩემი უნდა გაგაცნოთ, ხელოვნება გაგიჟებით უყვარსო. მამამ კი სთხოვა, ცოლად გამომყევიო. გაჰყვა - იმ კაცთან მყუდროება იყო, შეეძლო, ეხატა - მაშინ ეს იყო მთავარი. ახლა მთავარი სხვა რამაც გახდა: მარტოობა, თბილისზე დაწერილი ლექსი, ბორბლებიანი სავარძელი და ტელეფონი, რომლითაც მეგობარს ურეკავს თბილისში...

- ზოგჯერ ისე მიჩუმდება, ვფიქრობ, აქაურობის დავიწყებას ცდილობს, ტკივილის განახლებას ერიდება-მეთქი. მერე ისევ დაიწყებს რეკვას...

KvirisPalitra.Geლია დედაჩემის მეგობარია. ძალიან მომწონდა - ლამაზად ხატავდა. ასე, სილამაზეში საერთოს მოძებნით დავმეგობრდით. თბილისიდან წასვლა გადაწყვიტა, მოვიდა და მითხრა.  სხვა გზა ალბათ არც ჰქონდა. თან, ისეთი ენერგიით იყო სავსე, ვერაფრით იფიქრებდი, რომ სადმე რამე გაუჭირდებოდა.

- და მაინც უჭირს...

- მატერიალურად არა. ყველაფერი აქვს: სახლ-კარი, პენსია. მთელი სიცოცხლე რაც უნდოდა, იმას აკეთებს - ხატავს... ნახატების ალბომი გამომიგზავნა - პერსონალური გამოფენები მოუწყვიათ. ახალი ნახატებია... და ამ ნახატებში სულ საქართველოა... მერე მონატრებით გაჟღენთილი ლექსიც მოაყოლა:

ნიაღვრები მიარღვევენ/ძველ ღობეებს, ღრმა ღელეს. /მე კი ისევ ჩემი ქვეყნის/ბედ-იღბალი მაღელვებს. /ტირიფს კაბა გასცვეთია, /დაფარულა ნისლებით. /თეთრო გედო, მეც შენსავით /ფრენის ჟინით ვივსები./ნეტავ, როდის გათენდება? /როდის გამოიდარებს?/ნეტავ როდის ავაჟღერებთ /მიტოვებულ გიტარებს?! /ვაი, როგორ მენატრები, /ჩემო თბილის-ქალაქო! /სადაცაა, შენზე დარდმა/უგზო-უკვლოდ გამაქროს... /იქნებ თქვენაც მოგენატრეთ, /გაუვლელო ქუჩებო? /მთების გულში გაბნეულნო, /ფიჭვნარებო, ურჩებო! /მთის კალთაზე შემომსხდარო /ნაირფერო სახლებო, /ქართულ სულის ჩუქურთმებო, /ღმერთის ხელით ნახლებო!

- თბილისში ვარ და ამ ლექსმა მაინც მომანატრა თბილისი. ალბათ სამშობლო არასოდეს არ უნდა დატოვო.

- წუთისოფელი ისეთია, ვინ იცის, ვის რა ელის. მეცოდება ჩემი მეგობარი, ახლა, როცა ყველაფერი აქვს, მაინც მარტოა. ვინ იქნება მისი პატრონი...

...მე კი ლია სვანიძის ნახატებიც მეცოდება მშვიდ და კარგად მოწყობილ ჰოლანდიურ სახლში... სულს კი ალბათ ვერაფერი შეაჩერებს და მშობლიურ მიწას უსათუოდ დაუბრუნდება...