"არ ვიცი, რა დედამ შობა მისი დედისმოძულე ავტორი!" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რა დედამ შობა მისი დედისმოძულე ავტორი!"

დავით აქუბარდია: "ასე უთხრა, ახლაც შეგაგინებო და გაუქანა მუშტი"

ჯანსუღ ჩარკვიანი: "თუ ნაძირალა ხარ, სახელსაც გაითქვამ"

რატი ამაღლობელი: "ასეთი ადამიანები კი არ უნდა ჩავქოლოთ, მათთვის უნდა ვილოცოთ"

ირაკლი მელაშვილი: "ასეთ საკითხებზე თეოლოგები და ფილოსოფოსები კამათობენ, "კავკასიის"  სტუდიაში კი ვერც ერთი თეოლოგი ან ფილოსოფოსი ვერ ვნახე"

პოპულარობა ხშირად მხოლოდ კეთილი საქმეების ნაყოფი როდია. შეიძლება ადამიანი ერთ დღეში გახდეს ცნობილი ისე, რომ მნიშვნელოვანი არც არაფერი შექმნას და საამისოდ არც ბევრი შრომა დასჭირდეს. ეს სიტყვები ზედგამოჭრილია ვინმე ერეკლე დეისაძის "მოღვაწეობაზე", რომელმაც თავის წიგნს "საიდუმლო სირობა" დაარქვა და ერთბაშად გახდა ცნობილიც და პოპულარულიც. თუმცა, ვაი ამ პოპულარობას! რატომ? - ამ კითხვის პასუხად "მწერლის" რამდენიმე ციტატის მოყვანაც საკმარისია. ასე მაგალითად: "ღმერთი მარკეტინგულად შეფუთული წმინდა სახის პროდუქტია"... "ღვთისმშობელს ეს წიგნი რომ წაეკითხა, აბორტს გაიკეთებდა" და ა.შ... (გვაპატიოს მკითხველმა, რომ ამ მკრეხელობის ციტირება გვიწევს. - ავტ.)

KvirisPalitra.Ge"საიდუმლო სირობის" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ქართველ მწერლებსა და პოეტებს:

ლაშა ბუღაძე, მწერალი:

- ვინც მეტ-ნაკლებად გარკვეულია ლიტერატურაში, კარგად იცის, რომ შეიძლება დაიწეროს ან გამოიცეს შოკისმომგვრელი ტექსტი, რადგან ასეთი ლიტერატურაც არსებობს. ადამიანს, რომელსაც წაკითხული აქვს ბოკაჩოს "დეკამერონი", ნაბოკოვის "ლოლიტა", დოსტოევსკის "ეშმაკნი", ან თუნდაც მარკიზ დე სადის თხზულებები, ასეთი რამ არ გაუკვირდება. ის არც შოკში ჩავარდება ერეკლეს წიგნის წაკითხვის შემდეგ, ვინაიდან იცის, რომ ლიტერატურა შეიძლება იყოს შოკისმომგვრელი და აღმაშფოთებელიც კი.

თუ მორალის მიხედვით განვიხილავთ, შეიძლება "ოიდიპოს მეფეც" ამორალურ ტექსტად მივიჩნიოთ. ნამდვილ მკითხველს ასეთი ტექსტების მიმართ აგრესია არ გაუჩნდება. ყოველ შემთხვევაში, თუ გაუჩნდება, რაღაც სხვა ფორმას მოძებნის პროტესტის გამოსახატავად - ან სტატიას დაწერს და გააკრიტიკებს, ან აქციას მოაწყობს, მაგრამ პრობლემა ჩვენს შემთხვევაში ეს არ არის, პრობლემა ის არის, რომ ადამიანები, რომელთაც წიგნი არ მოეწონათ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ იმათ, ვინც მის ავტორს იცავს. თვითონ ავტორს კი ემუქრებიან და აშანტაჟებენ. პრობლემა სწორედ ეს კრიმინალური ქმედებებია.

ჩვენი პროტესტი ნებისმიერი ფორმით გამოვხატოთ, ოღონდ არა - ძალადობით. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ქრისტიანობის დაცვას ცემა-ტყეპით, შანტაჟითა და მუქარით შეძლებს, მწარედ ცდება.

მაყვალა გონაშვილი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე:

- დღევანდელ საქართველოში დამკვიდრდა, რომ ყურადღება მიიქციონ არა ნიჭიერებით, არამედ უფლის გმობითა და პათოლოგიური აზროვნებით. ასეთებს ჰგონიათ და ხშირადაც იმეორებენ, რომ "ხელოვნება არის პროვოკაცია". როცა თხზულებაში ყოველგვარი უწმაწურობა პირდაპირ სააშკარაოზეა გამოტანილი, ეს უკვე ნიშნავს, რომ ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ დემოკრატია ყველაფრის თქმის უფლებას აძლევთ და ეშლებათ ერთი რამ: არსებობს ორგვარი თავისუფლება: ერთი - უმაღლესი თავისუფლება - "თავის უფლება", ანუ უფალთან წილნაყარობა, მეორე კი არის გიჟის თავისუფლება. ქართველ კაცს ტყუილად კი არ უთქვამს - გიჟი თავისუფალიაო. ამ ორ თავისუფლებას შორის ტრიალებს სამყაროც, თითოეული ადამიანიც და არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია. მე მგონი, ეს არ არის ხელოვნება, ეს არის ერთი ადამიანის სურვილი, როგორმე ყურადღება მიიქციოს და საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს. ასეთი წიგნები წლების შემდეგ აღარავის ახსოვს.

რატი ამაღლობელი, მწერალი:

- ერეკლე დეისაძის წიგნი იმთავითვე გათვლილია ასეთ რეაქციაზე - ყურადღებაზე, პოპულარობაზე... მთავარია, ჩვენმა საზოგადოებამ განსაზღვროს, როგორ მოიქცევა ამგვარ წიგნთან მიმართებაში - გახდება აგრესორი, მოძალადე თუ უბრალოდ - გაეღიმება ამ ყველაფერზე. ჩემთვის ნებისმიერ წიგნთან ბრძოლა მიუღებელია და ორივე მხარის პოზიცია მაკვირვებს - ერთისა, რომელიც ურტყამს და ქოლავს "მოწინააღმდეგეს" და მეორისა, რომელიც ცდილობს ლიტერატურისათვის მიუღებელი იაფი პოპულარობის მიღწევას.

მე მგონი, ამ მოთხრობებით არც ქრისტიანობას დაჰკლებია რაიმე და არც ღვთისმშობელს. უარესიც მომხდარა - ქრისტიანები უწამებიათ, მოუკლავთ, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. არ არის ერეკლე დეისაძის წიგნი იმ დონისა, რომ ქრისტიანობას რაიმე საფრთხე შეუქმნას. გავიხსენოთ, როდესაც ქრისტე გოლგოთაზე აჰყავდათ, პეტრემ მახვილი იშიშვლა, მაგრამ მაცხოვარმა მაშინვე უთხრა: ვინც აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდესო. ქრისტიანობა სიყვარულს ქადაგებს. ეს არის ამ უნიკალური რელიგიის თავისებურება. მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა ასეთი ადამიანები კი არ უნდა ჩაქოლონ, არამედ მათთვის უნდა ილოცონ.

ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი:

- არ ვიცი, რა დედამ შობა მისი დედისმოძულე ავტორი! როგორ შეიძლება, როცა დედა ლოცულობს და პირჯვარს იწერს, შვილი მასზე ათასგვარ სიბინძურეს ფიქრობდეს?!

რა ბრწყინვალედ ბრძანა ერთ დროს დიდმა ილიამ: "ქართვლის დედაო, ძუძუ ქართვლისა, უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა..." დღეს ან ქართვლის დედა ვის ახსოვს, ან ძუძუ ქართვლისა! თუ ნაძირალა ხარ, სახელსაც გაითქვამ!

ახლა ისიც ვთქვათ, - კი ბატონო, შენი ნებაა, რასაც გინდა, იმას დაწერ და რისი სურვილიც გაქვს, იმას იტყვი, მაგრამ დამნაშავე ამაში ვინაა? - ვინც "გენიოს" ავტორს ხელი შეუწყო, რომ ეს წიგნი გამოეცა. სხვა რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ვთქვათ: გაუმარჯოს "თავისუფლების ინსტიტუტს" და ილიას უნივერსიტეტს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი უპირველესი პოეტისა და წმინდანის სახელს ატარებს! და თუ ეს მართლა თავისუფლებაა, მაშინ ვაი ამგვარ თავისუფლებას! ჩემი აზრით კი - ეს უფრო ბოროტებაა, რომელსაც საზღვარი არა აქვს! ნუთუ მხოლოდ ის ითვლება სიტყვის თავისუფლებად, როცა საკუთარ დედას აგინებ? თუ სამომავლოდ ასეთი საქართველო უნდათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. სხვა რა გითხრათ, როცა ჭაბუა ამირეჯიბის წიგნები ქუჩაში, მტვერში აწყვია, "საიდუმლო სირობას" კი, ძალიანაც რომ მოინდომოთ, უკვე ვეღარსად იშოვით, რადგან ყველა ეგზემპლარი უკვე გაიყიდა!

ჩვენ დავუკავშირდით ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე დალი ხაჩიძეს და კომენტარი ვთხოვეთ.

- წიგნის შინაარსზე არ მინდა ვილაპარაკო, რადგან ეს არის პათოლოგია, რომელზე ფიქრიც კი ამაზრზენია. ამ წიგნის წაკითხვა უბრალოდ, არ შეიძლება, რადგან ის სავსეა ლანძღვა-გინებით, საკუთარი დედის, ეკლესიისა და უფლის სახელის შეურაცხყოფით.

ამ წიგნის პრეზენტაციის ილიას უნივერსიტეტში გამართვა ილიას იდეების შეურაცხყოფაა და სხვა არაფერი! წიგნის ავტორის მსგავსი პათოლოგები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ დღევანდელი დღისაგან განსხვავებით, იატაკქვეშეთში იმალებოდნენ. დღეს კი მათ ფართოდ უხსნიან გზას და თანაც, ვინ? - განათლების სისტემის მუშაკები(!). მომავალი თაობის ზნეობრივი, სულიერი მდგომარეობა უმნიშვნელოვანესი რამ არის, ამიტომ საკვირველია, რატომ აქციეს მსგავსი ექსპერიმენტების სამიზნედ ჩვენი ახალგაზრდობა?

მინდა გაგახსენოთ შაჰ-აბასის სიტყვები აკაკი წერეთლის "ბაში-აჩუკიდან": "რას გააწყობ ხალხთან, ვისაც სული სხეულზე მაღლა დაუყენებია? ასეთ ხალხს ჯერ სული უნდა დაუმდაბლო და მერე ადვილი გახდება მისი დამონება". ეტყობა, მომავალი თაობის სულიერი დაცემა მავანთა მიზანია, ამიტომ ებრძვიან ასე გააფთრებით სასწავლო დაწესებულებებს, ოჯახებს და ყველა იმ რგოლს, სადაც მოზარდი პიროვნებად უნდა ჩამოყალიბდეს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში მანქურთები არ მოგვიმრავლდნენ? - საზოგადოების აქტიურობა, ჟურნალისტების სწორი პოზიცია, ოჯახისა და ეკლესიის გავლენა - ეს არის გზა, რომელმაც მომავალი თაობა უნდა გადაგვირჩინოს.

KvirisPalitra.Geერეკლე დეისაძის წიგნის გამო დაწყებული ვნებათაღელვა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გაგრძელდა, რასაც ყოვლად გაუმართლებელი და აღმაშფოთებელი მუშტი-კრივი მოჰყვა, როცა მართლმადიდებლობის ე.წ. დამცველები სტუდიაში შეიჭრნენ და იქ მყოფ ჟურნალისტებსა და ტექნიკურ პერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "კვირის პალიტრა" დავით აქუბარდიას დაუკავშირდა და მომხდარ ინციდენტზე კომენტარი სთხოვა.

- მთელი 40 წუთის განმავლობაში ეს "მართლმადიდებელი ბიჭები" უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ ოპონენტებს. შესვენება რომ გამოცხადდა, წამოხტნენ და სტუდიიდან ფოიეში გაცვივდნენ. იქ ერთ-ერთმა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წარმომადგენელს უთხრა, რატომ მაგინებო. ამან უპასუხა, ახლაც შეგაგინებო და გაუქანა მუშტი. ჩემი ოპერატორი აეფარა იმ კაცს და მუშტიც მას მოხვდა. ამას სხვა ოპერატორებიც გამოეხმაურნენ და ატყდა ერთი ცემა-ტყეპა.

KvirisPalitra.Geდარწმუნებული ვარ, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მალხაზ გულაშვილს ვთხოვე, არ მომიყვანო "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წარმომადგენლები-მეთქი და მაინც მომიყვანა. მისი თანმხლები ლევან ჩაჩუა ამ კავშირის წევრია, მას მთელი ორგანიზაციის წევრები მოჰყვნენ. "მართლმადიდებლობის დამცველებს" გარეთაც გულშემატკივრობდნენ. არადა, გულაშვილს ნათქვამი ჰქონდა, მე ვარ პასუხისმგებელი, თქვენთან არავინ მოვაო, მაგრამ პირიქით მოხდა. უკანა ფლიგელი ამ კავშირის წარმომადგენლებს ეჭირათ და სარეკლამო პაუზის დროს სტუდიიდან გასულ ბიჭებს ეუბნებოდნენ, რატომ არ ჩაშალეთ გადაცემაო.

- შემდეგ გამოიძახეთ პატრული...

- პატრული იქ იყო და ხელს არ ანძრევდა. ძალიან გვიან დაიწყეს მათი აყვანა. ვიმეორებ, ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

- ბატონო დავით, ნამდვილად სოლიდარობას გიცხადებთ თქვენ და "კავკასიას". ის, რაც ეთერში მოხდა, ყოვლად დაუშვებელი და დასაგმობია. მე ჭკუას არ გასწავლით, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთ თემებს, რომლებიც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს, უფრო მეტი პროფესიონალიზმითა და დაბალანსებული საუბრებით გაჯერებული გადაცემა სჭირდება, თუ KvirisPalitra.Geსაერთოდ სჭირდება.

- გინდათ თქვათ, რომ ჩვენ გამო მოხდა პროვოკაცია? თავიდანვე განწყობილი იყვნენ ჩხუბისთვის. დამანებეთ თავი, თქვენი ჭირიმე (ტელეფონი გათიშა)...

მამა დავით ქვლივიძე: - "კავკასიასთან" მაშინ მივედი, როცა იქ ხალხმა მოიყარა თავი. მანამდე ტელევიზიით ვადევნებდი თვალს გადაცემას და ამ დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დამირეკა და მითხრა, ჩვენებს სცემენო. ვგრძნობდი, რომ პროვოკაცია მოეწყობოდა, რაშიც მონაწილეობა არ გვინდოდა. გამწვავების თავიდან ასარიდებლად არ მივედით ილიას უნივერსიტეტთან აქციაზე.

ჩვენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გვინდოდა შეხვედრა, შემდეგ "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" სხდომა გაიმართა და იქ ვიყავით. "კავკასიასთან" მოწყობილ პროვოკაციას კი მაინც ვერ ავცდით. რომ მივედი, ერთ-ერთ ჩვენიანს თვალი ჰქონდა ჩაწითლებული. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი.

KvirisPalitra.Geოპერატორმა შტატივი ჩამარტყაო, მიპასუხა. "კავკასიის" ოპერატორიც იქვე იდგა, რომელმაც დაზარალებულს განუმარტა, შენ ჯერ სხვას დაარტყი და მერე მე იმიტომ დაგარტყიო. მე როგორ დავარტყი, როცა დარბაზში ვიჯექიო, - უპასუხა თვალდაწითლებულმა. ეს საუბარი დაფიქსირებული გვაქვს და  უთუოდ გამოვიყენებთ.

- დაკავებულები ვინ არიან?

- ძირითადად, ჩვენი  მომხრეები, პოლიციას სხვა არავინ აუყვანია...

- ამგვარი დაპირისპირებითა და აგრესიულობით მართლმადიდებლობის დაცვა თქვენთვის მისაღებია? განსაკუთრებით ჟურნალისტებზე ძალადობა პირდაპირ სიტყვის თავისუფლებაზე ძალადობას ნიშნავს!

- კონფლიქტი ჩვენ არ დაგვიწყია, პირიქით, ჩვენებს სცემეს. ღვთისმშობელსა და მაცხოვარს გვიგინებენ და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებაც არა გვაქვს?

- დავით აქუბარდია ამბობს, რომ მას სწორედ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრებმა სცემეს.

- ტელევიზიასთან ისეთმა პირებმა მოიყარეს თავი,  საიდან მოვიდნენ, არ ვიცით.  მართლა არ ვიცი, ვინ სცემა აქუბარდიას. რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია.

ირაკლი მელაშვილი:  - ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლება ანტიმართლმადიდებლურ პროპაგანდას აქეზებდა. დაანგრიეს ეკლესია, თავისუფლების ინსტიტუტმა პატრიარქს შეუტია და ა.შ.  მაგრამ პრობლემა ბევრად უფრო ღრმა არის. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს არც მართლმადიდებლობის აზრი ესმის და არც ლიბერალიზმისა. თუ  ვინმე ფიქრობს, რომ  მართლმადიდებლობას ამგვარად დაიცავს, მაშინ წარმოდგენა არ ჰქონია ჩვენს ეკლესიასა და რელიგიაზე.

ასეთი კაცი უნდა მიიყვანო სიონთან და 50 მეტრში მდგარი სომხური ტაძარი, სინაგოგა და მეჩეთი უნდა დაანახო, რაც განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე მეტყველებს და განათლების, კულტურის მაჩვენებელია ქვეყანაში.

ამ შემთხვევას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა, - დეისაძის ავადსახსენებელი წიგნი, რომლის პრეზენტაციაც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში შედგა. ეს სახელმწიფოს პოლიტიკაზე მიანიშნებს. გადასახადების გადამხდელთა დაფინანსებული უმაღლესი სასწავლებლები ამ სახით არ უნდა ნერგავდნენ ლიბერალიზმსა და თავისუფლებას.

ეს თავად ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელის დაბალ პროფესიონალიზმსა და აბსოლუტურ უკულტურობაზე მიუთითებს. ვინც ამას აკეთებდა, სწორედ ისეთ რეაქციას ელოდა, რომელიც ხალხმა გამოხატა. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან სჭირდება, საქართველოს ველური ქვეყნის იმიჯი შესძინოს და დასავლურ ღირებულებებსა და ლიბერალიზმთან მისი ზიარება საკუთარ თავზე აიღოს.

გამოდის, მას მიზნის მიღწევაში ხელს ვუწყობთ. ვერ გამიგია, რატომ უნდა შესძინონ ქვეყანას იმიჯი ავადმყოფმა ერეკლე დეისაძემ, ლევან რამიშვილმა და მისთანებმა? სამარცხვინოა, რომ ახალგაზრდები დააპირისპირეს ერთმანეთს. კიდევ უფრო ამაზრზენია, რომ რექტორს თავის დასაცავად აქციაზე სტუდენტები გამოჰყავს. ამ უნივერსიტეტის სათავეში დგას გიგი თევზაძე, კაცი, რომელიც მთელი ოჯახიანად ათეისტია და მისგან არაფერია გასაკვირი.

ავადმყოფი დეისაძის წიგნის წაკითხვით ქრისტეს რჯული ნამდვილად არ შეირყევა. მთავარია, პასუხი მოეთხოვოს იმ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომელმაც  ამ წიგნის პრეზენტაცია ჩაატარა.

"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირზე" კი ვიტყვი, რომ მართლმადიდებლობა უპირველესად ტოლერანტობაა, სხვაგვარად ეს ქვეყანა დაიქცევა. იმან, რაც ტელეკომპანია "კავკასიასთან" მოხდა, კიდევ ერთხელ  დაგვანახა,  რომ საჯარო დებატები აუდიტორიაში, რომელიც არ არის მომზადებული, ცეცხლთან თამაშის ტოლფასია. გარწმუნებთ, ნებისმიერ ქვეყანაში (თუნდაც პარიზში ან ლონდონში) ასეთი ტიპის დებატები რომ გამართულიყო, მეორე დღეს ქუჩაში ხალხი ერთმანეთზე ხელს აღმართავდა ასეთ საკითხებზე თეოლოგები და ფილოსოფოსები კამათობენ, "კავკასიის"  სტუდიაში კი ვერც ერთი თეოლოგი ან ფილოსოფოსი ვერ ვნახე. სამწუხაროდ, იქ არც რელიგიისა და არც ლიბერალიზმის საფუძვლის მცოდნეები ისხდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ეკა ასათიანი