"მერე რა, რომ ფოტოაპარატი და კომპიუტერი არა მაქვს, მე 5 და-ძმა მყავს და მსოფლიოში საუკეთესო მამა..." - კვირის პალიტრა

"მერე რა, რომ ფოტოაპარატი და კომპიუტერი არა მაქვს, მე 5 და-ძმა მყავს და მსოფლიოში საუკეთესო მამა..."

ქრისტინე ბარაშვილი: "რომ გავიზრდები, ვიყიდი დიდ სახლს, სადაც ექვსივე დედმამიშვილს საკუთარი ოთახი გვექნება. ჩემს ოთახში აუცილებლად მექნება დიდი საწოლი და კომპიუტერი"

ჩოხატაურის რაიონის სოფელ კოხნარში ერთი არაჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობს. და-ძმებში ყველაზე უფროსი, 14 წლის ქრისტინე ბარაშვილი ბალახის ჰოკეის საქართველოს გოგონათა ეროვნული ნაკრების წევრია. გოგონას თითქმის ყოველდღე რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს, რომ ჩოხატაურში სასპორტო სკოლაში ვარჯიშზე მივიდეს. როგორც მისი მწვრთნელი ამბობს, ქრისტინე მოედანზე სრულიად იცვლება, ლიდერობს, ხშირად თამაშის ტაქტიკასაც კარნახობს გუნდს და გადაწყვეტილებებს მყისიერად იღებს.

- ქრისტინე, როგორ მოხვდი ბალახის ჰოკეიში?

- ევროპის საერთაშორისო ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელი ზურაბ ახალაძე ჩოხატაურის რაიონში ბალახის ჰოკეის გოგონათა გუნდის მწვრთნელია, სწორედ მან მირჩია, გოგონათა ნაკრებში მივსულიყავი, მეც დამაინტერესა და მივედი.

- როგორც ვიცი, მალევე საქართველოს ნაკრებისთვის შეგარჩიეს და საქართველოს ღირსებას იცავდი ჩეხეთში.

- მეოთხე ადგილზე გავედით. ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები.

- როგორია შენი ერთი დღე?

- ვიღვიძებ 6 საათზე. ვდგები და გაკვეთილებს ვიმეორებ, სანამ ჩემს და-ძმებს სძინავთ. მერე დედას ვეხმარები პატარების გამზადებაში და შემდეგ სკოლაში მივდივართ. თუ ვარჯიში მაქვს, რაიონში ჩავდივარ, თუ არადა, და-ძმების მოვლასა და საოჯახო საქმეებში ვეხმარები დედას, მერე ისევ გაკვეთილების მომზადება, შემდეგ ვვარჯიშობ და დავრბივარ ერთი ან ორი საათი, მიუხედავად ამინდისა, და მხოლოდ ამის შემდეგ მაქვს დრო გასართობად.

- რა საგნებს სწავლობ სიამოვნებით და ვინ გინდა, გამოხვიდე?

- ისტორიას, ქართულს და ინგლისურს. ძალიან მინდა, იურისტი გამოვიდე. მინდა სპორტშიც მივაღწიო წარმატებას. დიდი რომ გავიზრდები, ვიყიდი დიდ სახლს, სადაც ექვსივე დედმამიშვილს საკუთარი ოთახი გვექნება. ჩემს ოთახში აუცილებლად მექნება დიდი საწოლი და კომპიუტერი.

- კომპიუტერი არა გაქვს?

- არა. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ. ერთი ძმა და 4 და მყავს. ნახევრად დანგრეული სკოლა-ინტერნატის ყოფილი შენობის რამდენიმე ოთახში ვცხოვრობთ. სახნავ-სათესი მიწაც კი არა გვაქვს, ამიტომ მამა სხვებს ეხმარება ნაკვეთებში დღიურად. მწვანილსაც კი ვყიდულობთ და ტექნიკის ყიდვას როგორ მოვახერხებთ.

- ალბათ, შენი თანატოლებისგან განსხვავდები.

- ისინი უფრო ჩაცმაზე დარდობენ, ბიჭებზე საუბრობენ და ა.შ. თუმცა მე ბევრთან ვმეგობრობ. მათ არა აქვთ სხვა საზრუნავი, ამიტომ მათი ოცნებებისაც მესმის.

- შენს ფეისბუკგვერდზე ფოტოები ვერ ვნახე, არ გიყვარს ფოტოების გადაღება?

- კი, მაგრამ... ფოტოაპარატი არა გვაქვს, არც კომპიუტერი, ტელეფონიც არა მაქვს ისეთი, რომ ფოტოები გადავიღო. სხვები თუ გადამიღებენ, თორემ მე, აბა, როგორ მოვახერხებ.

- ქრისტინე, ბევრი გოგონა შემოგნატრის, ალბათ, როგორც საქართველოს ნაკრების წევრს.

- არ ვიცი. ამაზე არც ვლაპარაკობ. ისე, სოფელში თითქმის ყველამ იცის, ნაკრებში რომ ვარ და უხარიათ ჩემი წარმატება. მამაც სკოლა-ინტერნატში გაიზარდა, დედ-მამა არც ახსოვს. მერე იმავე სკოლა-ინტერნატის შენობაში დარჩა და აქ დაქორწინდა. სოფელში ამბობენ, ობლის კვერი უნდა გამოცხვესო.

- აუცილებლად გამოცხვება და აუცილებლად გექნება დიდი სახლი საკუთარი ოთახით.

- მანამდე სპორტში უნდა მივაღწიო წარმატებას და კარგი იურისტი დავდგე. მერე ვეცდები, ქველმოქმედებაც გავწიო. ერთხელ დაგვპირდნენ სახლს, მაგრამ წლობით პასუხს ტყუილად ველოდით.

- ვინ დაგპირდათ?

- წლების წინ პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანადან" ჩამოვიდნენ. წაგვიყვანეს, გვაჩვენეს სახლი და ეზო. გვკითხეს, თუ მოგწონთ, აქ ხომ დაეტევითო. დაგვპირდნენ, რომ ის იქნებოდა ჩვენი სახლი, მამას რაღაც საბუთები გააკეთებინეს, გადაგვიღეს ფოტოები სახლის ფონზე, წაიღეს ფოტოები და საბუთები. ვიღაც მომღერალი ქალი აფინანსებს სახლის საყიდელი ფულის ნახევარს და უნდა გადავუგზავნოთო და მას მერე აღარც გამოჩენილან.

- მოგწონდა ის სახლი?

- მე უფრო დიდი სახლი მინდა ჩემი და-ძმებისთვის. უფროსი ვარ და მათზე მინდა ვიზრუნო, მაგრამ ისიც კარგი სახლი იყო. ვუყურებდი ხოლმე და ვფიქრობდი, როგორ გავანაწილებდით ოთახებს. რაც მთავარია, მიწა ჰქონდა, მამა მოსავალსაც მოიყვანდა. ის სახლი უკვე გაიყიდა.

- არა უშავს, შენი სახლი ჯერ არ გაყიდულა, შენ გელოდება.

- ვიცი. სახლი კარგია, მაგრამ არც ისე მთავარია, ალბათ.

უფრო ლოდინმა შეგვაწუხა - ბავშვებს გვეძახიან მატყუარებს და, მგონი, უფროსები უფრო მატყუარები ყოფილან, თორემ ჩვენ, ასე თუ ისე, ვიზრდებით, ერთმანეთს ვეხმარებით. მეც მიზანი გამიჩნდა და მისკენ მივდივარ. ახლა ჩემი დაც ავიყოლიე, ისიც დამყავს ჰოკეიზე, ისიც ვარჯიშობს ჩემთან ერთად ნებისმიერ ამინდში.

არ ვფიქრობ, რომ ცუდად ვცხოვრობ. მერე რა, რომ ფოტოაპარატი და კომპიუტერი არა მაქვს, მე 5 და-ძმა მყავს და მსოფლიოში საუკეთესო მამა, რომელიც ობლად გაიზარდა, მაგრამ არ დაიკარგა, მრავალშვილიან ოჯახს უძღვება.

პ.ს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ არაერთმა ადამიანმა გამოთქვა ქრისტინესა და მისი ოჯახის დახმარების სურვილი. ერთ-ერთმა მკითხველმა კი ქრისტინეს ტელეფონიც აჩუქა, რომლის მითითებაც უკვე შეგვიძლია. თუ გექნებათ ამ საყვარელი ბავშვების გვერდით დგომის სურვილი, შეგიძლიათ დაურეკოთ ქრისტინეს: 598 63 0440

თამო კეშელავა