"15 დღე ვიყავი კომაში, კიდევ ერთი დღეც და, აპარატს გათიშავდნენ" - ბლიცინტერვიუ
15-05-2017
"15 დღე ვიყავი კომაში, კიდევ ერთი დღეც და, აპარატს გათიშავდნენ" - ბლიცინტერვიუ
"რასაც ყველაზე დიდი ფასი აქვს, არის დრო. ჩვენ კი, არ ვიცი, რა გვემართება, დროის ფასი არ ვიცით"

ბლიცინტერვიუს სტუმარია მუსიკოსი რომან რცხილაძე:

ბავშვობა...

- პრაქტიკულად ბავშვობა არ მქონია - ჩემი ტოლები თამაშობდნენ, მე კი 7-8 საათს ვმეცადინეობდი. არა იმიტომ, რომ მაძალებდნენ, მსიამოვნებდა.

მუსიკა ჩემთვის არის...

- გზა უფლისკენ... მუსიკა არის... არც ვიცი, რა დავარქვა... ცალკე გალაქტიკაა, სხვა სამყარო. შინიდან გამოსულებმა ყური მიუგდეთ, ირგვლივ სულ მუსიკაა.

როცა მაქებენ...

- ყველას სიამოვნებს,
შენზე კარგს რომ ამბობენ. რაც შეეხება ქებას, ხოტბა-დიდებას, ქართველები ზომიერებას ვერ ვიცავთ, იმიტომ, რომ გვინდა ყველაფერში ძალიან მაგრები ვიყოთ.

კომფორტისთვის აუცილებელია...

- მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ვარ ბოშა, ოღონდ ქართველი. გზატკეცილი, ჰაერი, კონცერტები, ურთიერთობები, ახალი ადამიანების გაცნობა, ძიება, მუსიკა, ჰარმონია... ძალიან მაგარია.

ცხოვრებაში მთავარია...

- არ მოიტყუო. იყავი ის, ვინც ხარ! მე ბევრ ვითომ კარგ ადამიანს მირჩევნია რომელიღაც ცუდი... ვიცი, რომ ის ცუდია და ამას არ მალავს.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- 15 დღე ვიყავი კომაში, კიდევ ერთი დღეც და, აპარატს გათიშავდნენ.­ ორი წელი ვიცხოვრე აბასთუმანში, მერე მთებში, მერე უფალმა 12 წელი მარგუნა და მადლობას ვწირავ, რომ განსაცდელში­ ჩავარდნილი დამიფარა, გადამარჩინა - მას შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, აზროვნება, ისეთი დაავადება აღმომაჩნდა, რომ ამას ფიქრი ვამჯობინე და მგონი, ყველაფერს ვაჯობე.

როცა დისციპლინა არ არის...

- კატასტროფაა. პირველ რიგში შენს თავს უნდა სცე პატივი, თუნდაც ვიღაც რომ გელოდება და აგვიანებ... მთავარი, რასაც ყველაზე დიდი ფასი აქვს, არის დრო. ჩვენ კი, არ ვიცი, რა გვემართება, დროის ფასი არ ვიცით.

რთულ სიტუაციაში...

- დიდი ოპტიმისტი ვარ. თუ ვინმე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, სადაც უნდა იყვნენ, პირველად მე მირეკავენ, ბაბუკი, გვიშველე, როგორ მოვიქცეთო.

დრო არის...

- დროს არ უნდა გაუსწრო, დროს უნდა დახვდე.

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მინდა, დრო უქმად არ დავკარგო. მინდა, დაუსრულებლად მქონდეს რეპეტიციები. მინდა, უფრო ბევრი ნიჭიერი ადამიანები აღმოვაჩინო და გზაზე დავაყენო.

მიუღებელია...

- როცა გყავს ყველაზე დიდი მხატვარი, ყველაზე დიდი პოეტი, ყველაზე დიდი ფილოსოფოსი, ყველაზე დიდი ექიმი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ხატმწერი, როცა გვყავს ჩვენი უწმინდესი და როცა აი, ამ ჯეკპოტს, საჩუქარს, ცხვირწინ რომ გვაქვს, უპატიოდ ექცევი, ამის მერე, მაპატიეთ და, რაღაცნაირად აღარც სურვილი მაქვს, რომ აქ ვიცხოვრო... კი, ვერ წავალ სხვაგან, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩემია, მაგრამ ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში რატომ უნდა ცხოვრობდეს ადამიანების ჯგუფი, ვინც ამას სჩადის. რატომ?!

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- მე სამი ადამიანის ცხოვრება გავიარე და ალბათ, წინ კიდევ შემდეგი ადამიანების ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო. ეს დიდი სიამოვნებაა, როცა ვინმეს სჭირდები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით