გიურზების "მახრჩობელა"
01-06-2017
გიურზების "მახრჩობელა"
"საერთოდ, გველები არავის ერჩიან, თუ არ გააღიზიანეს და ატკინეს. ერთადერთი, მაისში, გამრავლების პერიოდში, ვერ გათვლი, გიურზა რას მოიმოქმედებს.­ ამ დროს მამალი გიურზაა საშინლად აგრეს­იული, კვერცხების დადებისას კი - დედალი. ყველასა და ყველაფერს უტევენ, არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან"

"შხამიანი გველის დაკბენილები წამებით კვდებიან. გესლი სისხლის წითელ ბურთულებს შლის და მთელ ორგანიზმს ასივებს..."


დედამიწაზე გველზე საინტერესო სულიერს ნაკლებად შეხვდებით - ეს იდუმალი არსება, ბიბლიური ევადან მოყოლებული, დღესაც მომნუსხველად მოქმედებს - სასწაულმოქმედი
შხამით გკურნავს კიდეც და წამსვე გიღებს ბოლოს. ამიტომაც ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც გველის არ ეშინია, მოშინაურებულისაც კი - როცა მოშივდებათ, არავინ იცის, რას იზამენ. დიდი ვერაფერი ნუგეშია ის, რომ ამ ქვეწარმავლების დაახლოებით 3000 სახეობიდან მხოლოდ 400-მდეა შხამიანი. მედიცინას საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდა იმ მედიკამენტის
შესაქმნელად, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ გველის შხამს გააუვნებლებდა. ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 20 სახეობის გველია და მათგან ოთხის ნაკბენი მომაკვდინებელია. ყველაზე საშიში გიურზაა, რომელიც განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, კერძოდ, ბოლნისში. მაისიდან აქ გიურზების შემოსევა იწყება, რის გამოც ქვეწარმავლების გაუვნებლების სპეციალისტის შტატის დაშვება აუცილებელი გახდა.­ ბოლნისელი დავით ბუიშვილი ამ საქმის საუკეთესო მცოდნეა - ათეული წლებია, მთელი ბოლნისი მას გიურზებისგან გადამრჩენს ეძახის.

დავით ბუიშვილი:
- ხნიერი ბოლნისელები მოგიყვებიან, სტალინის პერიოდში როგორ ჩამოიყვანეს აქ ვაგონით გიურზები გველსაშენისთვის. მაგრამ ბოლნისის ველ-მინდვრებში გაუშვეს და თავი მიანებეს. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: იმ წლებში ქვემო ქართლის ფერდობებზე ხორბლის ყანები იყო, ყანებს მინდვრის თაგვი სპობდა. მის საუკეთესო გამანადგურებლად კი გველი ითვლება - თითო გიურზა თვეში 100-მდე თაგვს ინელებს; გარდა ამისა, გიურზების შხამი მედიკამენტების დასამზადებლად მიჰქონდათ. ხანდაზმულებს ახსოვთ, როგორ იჭერდნენ სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი და გველსაჭერებით შეიარაღებული სპეციალისტები ბოლნისის მინდვრებზე ქვეწარმავლებს და აცლიდნენ შხამს. ეს შხამიც დიდი ფული ღირდა და მისი მოპოვებაც. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, დამიძახა ჩვენი რაიონის ვეტექიმმა, - დათო, შენ ეს საქმე უკვე ისე იცი, შეგიძლია მილიონერიც გახდე, ოღონდ შუა აზიაში თუ წახვალ გველების დასაჭერად, იქ ეს საქმე ყვავისო. რასაკვირველია, შუა აზიაში ვერ წავედი, ისევ ბოლნისში ვნადირობ გველებზე, ოღონდ ჩვენთან სამედიცინო შხამის მოპოვება აღარ ხდება­ - ძალიან დიდი ფინანსები სჭირდება.

- ვეტექიმის ნათქვამიდან გამოდის, რომ ბავშვობიდან დაგიწყიათ ამ მეტრნახევრიან საშიშ გიურზებზე ნადირობა...

- როცა გიურზა პირველად გამომე­კიდა, იმხელაზე გადავხტი, თვითონაც გამიკვირდა. მას შემდეგ ბევრჯერ ავედი იმ გორაზე, მაგრამ ამხელა მანძილზე გადახტომა ვეღარ შევძელი... მეშვიდე კლასში ვიყ­ავი და შემოდგომაზე სოკოს დასაკრეფად წავედი. უეცრად რაღაც რბილს დავადგი ფეხი. ალბათ ნაკელია-მეთქი, ზიზღისაგან დავიმანჭე. უკან მოვიხედე და რას ვხედავ, იმხელა გიურზა მოცურავს ჩემს საკბენად... თვალთ დამიბნელდა და უნებურად ვისკუპე. ამ ნახტომმა დრო მომაგებინა, ბედად, ახლომახლო ქვები იყო, ხელი ვტაცე და გიურზას დავუშინე. ჩემდა­ გასაკვირად, თავში მოვარტყი... ვიფიქრე, მკვდარია-მეთქი, კარგა ხნის შემდეგ მივუახლოვდი და თავში ვტაცე ხელი.

გიურზა თავით ისე უნდა დაიჭირო, რომ თავი გაუკავდეს და მისი შემოტრიალება ვეღარ შეძლოს. საქართველოში და მათ შორის ბოლნისში 4 სახეობის გიურზაა, რომელთა სიგრძე ხანდახან მეტრსა და სამოცდაათ სანტიმეტრამდეც აღწევს... გველი, რომელიც ასეთი საშიშია, ძალიან ლამაზია. საოცარი სილამაზით გამოირჩევა მოლურჯო-მოვარდისფრო გიურზა.

- მიუხედავად ამისა, წარმომიდგენია, როგორ ეშინიათ ბოლნისელებს გიურზების, რომელსაც ყველგან ხედავენ.

- ჩვენთან მართლაც ყველგან შეიძლება დაგხვდეს გიურზა: - აივანზე, მაგიდ­აზე, ბავშვების სათამაშოებში, მაცივარში,­ საწოლში, საღორეში, საკურდღლეში... ყოფილა შემთხვევები, როცა გიურზას 6-7 ბაჭია და ამდენივე ძუძუს გოჭი ერთად­ შეუჭამია... ჯერ დედას დაგესლავს და მოკლავს, მერე მის შვილებს მიადგება... ერთხელ გიურზის წიწილი ბოსელში, მერცხლის ბუდეში დამხვდა, - ბარტყები შეეჭამა და შიგ გაწოლილიყო. სულერთია, მეტრნახევრიანი გიურზა გიკბენს, თუ მისი 15-სანტიმეტრიანი წიწილი, შხამი ერთნაირად საშიშია. ზოგიერთი მისი დანახვისასაც კი ცუდად ხდება. ერთხელ ტყუპზე ორსულმა ქალბატონმა გამომიძახა. მეორე სართულის აივანზე იდგა გაშეშებული, კიბის საფეხურზე კი გიურზა გაწოლილიყო. ქალი ისე კანკალებდა, რომ ვიფიქრე, აი, ახლა გადმოვარდება და აი, ახლა-მეთქი... საბედნიეროდ, სულზე მივუსწარი და დღეს მშვენიერი ტყუპის დედაა.
ხანდახან კურიოზული სიტუაციებიც მინახავს. ერთ ოჯახს სამეგრელოდან ქალბატონები ჰყავდა სტუმრად. დიასახლისმა მოსასვენებლად მეორე სართულზე აიყვანა და საწოლზე საბანი გადასწია, რომლის ქვეშ დაგრაგნილი გიურზა იწვა. ატყდა ქალების წივილ-კივილი. დაბნეულმა დიასახლისმა გიურზას საბანი წააფარა და ასე ჩათბუნებული დამახვედრა...

საერთოდ, გველები არავის ერჩიან, თუ არ გააღიზიანეს და ატკინეს. ერთადერთი, მაისში, გამრავლების პერიოდში, ვერ გათვლი, გიურზა რას მოიმოქმედებს.­ ამ დროს მამალი გიურზაა საშინლად აგრეს­იული, კვერცხების დადებისას კი - დედალი. ყველასა და ყველაფერს უტევენ, არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან.

- მართალია, რომ გიურზას შხამი 15 წუთში კლავს?

- მთლად ასე არ არის. თანაც ნაკბენსაც გააჩნია. ნაკბენი განსაკუთრებით საშიშია ყელის ან თავის არეში, საიდანაც შხამი მთელ ორგანიზმში სწრაფად ვრცელ­დება, კიდურებიდან კი შედარებით გვიან. მაგრამ დღეს გველის დაკბენილი ადამიანის გადარჩენა ძნელი არ არის. სპეციალისტებისაგან ვიცი, რომ შხამიანი გველის დაკბენილები წამებით კვდებიან. გესლი სისხლის წითელ ბურთულებს შლის და მთელ ორგანიზმს ასივებს...
შხამიანი და უშხამო გველის ნაკბენის გარჩევაც კი შეიძლება - შხამიანისას მხოლოდ ორი კბილის ნაჭდევი ეტყობა, უშხამოს - ბევრი.

- თბილისშიც არიან გიურზები?

- რამდენადაც ვიცი - არა. კუს ტბის მიდამოებში კი შხამიანი ცხვირ­რქოსანა გველგესლა ბინადრობს. მისი ნაკბენიც მომაკვდინებელია. გველგესლა არის დასავლეთ საქართველოშიც. მომაკვდინებელია კავკასიური გველგესლას ნაკბენიც, თუმცა ის უკვე გადაშე­ნებულია.

- თქვენ არ გეშინიათ გველის?

- როგორ არ მეშინია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გველს ვერ ვხედავ და დავეძებ. მაგალითად, სარდაფში ან სხვენში, სადაც შუბლზე მიმაგრებული ერთადერთი ნათურით შევდივარ და ყოველ წამს შეიძლება თავს დამესხას. ამას წინათ გველი მანქანის საბურავიდან გამოვიყვანე.
მანქანამ სოფელში შუა გზაზე გაწოლილ გველს გადაუარა. უკან რომ მოიხედეს, გველი აღარ იყო. ჩამოვიდნენ და ძებნა დაუწყეს. ის კი საბურავში შემძვრალიყო (გიურზას ისეთი ხერხემალი აქვს, რომ ზეწოლისას ბრტყელდება და შეიძლება ტონიანი ლოდის დაცემისასაც არ მოკვდეს). სანამ საბურავი არ მოვხსენი, მანქანიდან ვერ გამოვიყვანე... ამ დროში კი შეიძლებოდა გაღიზიანებულს ეკბინა. ყოველი ნადირობისას ასეა, მაგრამ როცა დავინახავ და დაჭერას ვლამობ, აზარტი მიპყრობს და აღარ მეშინია.

ერთხელ მეგობარმა მითხრა, - ალბათ ღმერთს უყვარხარ, ამდენი ხანია ნადირობ და გველს არ უკბენიაო... ყველა ბუნების შვილები ვართ, გველებიც. გიურზა ბუნებას სჭირდება, ამიტომაც დაჭერილი გველები შორს, კლდეებში მიმყავს და იქ ვუშვებ - გველის ბევრი სახეობა გადაშენების პირასაა და ეს არც ბუნებას არგებს და არც ადამიანს.

ყველაზე ლამაზი


პლანეტის ყველაზე ლამაზი გველი კალიფორნიული ტამპინისია. ის მეტრნახევრამდე იზრდება და სრულიად უვნებელია გარშემო მყოფთათვის.

ყველაზე შხამიანი


ყველაზე შხამიან გველად ავსტრალიური ტაიპანი ითვლება, დაახლოებით 2,5 მეტრამდე იზრდება და 4,4 მილიგრამი შხამის გამოყოფა შეუძლია. ეს კი საკმარისია 100 კაცის სასიკვდილოდ.

ყველაზე დიდი


ყველაზე დიდი გველი ინდონეზიური პითონია, რო­მლის სიგრძე 10 მეტრამდე და წონა - 75 კილოგრამამდე აღწევს. სიდიდის მიუხედავად, ინდონეზიური პითონი სრულიად უვნებელია, მას იშინაურებენ და თაგვების გასაწყვეტად იყენებენ.

ეთერ ერაძე
ნია
03 ივნისი 2017 15:04
ეს გიურზები საქართველოში ჩამოყვანილი ყოფილა, ასე, რომ სულაც არ არის ჩვენი ბუნებისთვის აუცილებელი და რატომ უნდა მოვაშენოთ არ მესმის...დანარჩენი უშხამო გველები თაგვებით არ იკვებებიან?
Nata
03 ივნისი 2017 14:13
Rogorme shevebrdzolebit mgrgnelebs gvvele is gvareshe. DaI hert,mokalit
დარია
03 ივნისი 2017 13:47
გადაიწერეთ შხამიანები,თუ აუცილებელია,ჩაკეტილი იყოლიონ

რედაქტორის რჩევით